რატომ არ ვზოგავთ ფულს ?

რატომ არ ვზოგავთ ფულს ?

არ მაქვს ისეთი შემოსავალი, რომ ფული დავზოგო– აღნიშნული ფრაზა ხშირად გვესმის და უმრავლესობა თანხმდება კიდეც, რომ ეს ჭეშმარიტებაა. ბუნებრივია, რაც მეტი შემოსავალი აქვს ადამიანს, დანაზოგის გაკეთება მით უფრო უმარტივდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დანაზოგის გასაკეთებლად მხოლოდ შემოსავლის გარკვეული დონე არ არის საკმარისი. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორია დაზოგვისადმი ადამიანის მიდრეკილება. ამ მხრივ კი ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ზოგს შეუძლია, მაგალითად, 500 ლარის შემოსავლის პირობებშიც დაზოგოს, როცა სხვას არ შეუძლია დანაზოგის გაკეთება იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი შემოსავალი, მაგალითად, 5 000 ლარია. თუმცა, მრავალი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დაზოგვისადმი მეტ- ნაკლები მიდრეკილება არა მარტო ცალკეული ადამიანებისათვის დამახასიათებელი ფენომენია, არამედ ეროვნულ დონეზეც კი შეგვიძლია განვიხილოთ. ერთი და იმავე შემოსავლის პირობებში ზოგ ერს შეუძლია მეტი დაზოგოს, ზოგს კი – ნაკლები. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც დაზოგვისადმი მიდრეკილება მაღალი არ არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს.

ადამიანი თავის შემოსავალს დღეს დახარჯავს სრულად თუ ნაწილს დაზოგავს, მისი პირადი საქმეა და ვერ ვიტყვით, ცუდად მოიქცა თუ კარგად. თუმცა აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და, შესაბამისად, უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების მიღწევისთვის უკეთესია, მეტს თუ დავზოგავთ. დანაზოგს სახლში აღარავინ ინახავს, ძირითადად ბანკში დებენ დეპოზიტზე ან ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ. აქედან გამომდინარე, დანაზოგი მომავალში ინვესტიციად გადაიქცევა და ახალი ბიზნესის დაწყების ან არსებულის გაფართოების წყაროდ იქცევა.

როდესაც ადამიანი ფულს შოულობს, მას დახარჯავს თუ დაზოგავს, ეს ფული მაინც ეკონომიკის ნაწილი იქნება, ხელს შეუწყობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნას, მაგრამ ხარჯვის შემთხვევაში ის ერთჯერადად შეიტანს წვლილს ქვეყნის ეკონომიკაში, დაზოგვის შემთხვევაში კი ის ინვესტიციად გადაიქცევა და არა მარტო პირველ წელს მოიტანს სარგებელს, არამედ შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში ჰქონდეს გავლენა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. მით უმეტეს, იმპორტზე მაღალი დამოკიდებულების მქონე ქვეყანაში (2014 წლის მონაცემებით, საქართველოში დახარჯული ფულის 70% იმპორტირებული პროდუქციის შეძენას მოხმარდა) დახარჯული ფული ადგილობრივ წარმოებას ნაკლებად ასტიმულირებს. ამიტომაცაა, რომ ხშირად, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული ეკონომიკური ზრდის წახალისების მიზნით იხარჯება, შედეგად ვიღებთ გაზრდილ იმპორტს და ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიურ გავლენას.

ამასთან ერთად, რაც მეტია დანაზოგი ქვეყანაში, მით უფრო იზრდება საინვესტიციო კაპიტალის მიწოდება, რაც სხვა თანაბარ პირობებში იწვევს სესხზე პროცენტის შემცირებას და, აქედან გამომდინარე, დაკრედიტების ზრდას. რაც ნაკლებია საპროცენტო განაკვეთი ქვეყანაში, ეკონომიკური ზრდა მით უფრო მეტია.

რატომ ვერ ვზოგავთ ფულს? დანაზოგის სიდიდე შედარებითია და მის მეტნაკლებობას სხვა ერების მიერ დაზოგილ ფულთან მიმართებით ვითვლით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში მთლიანმა დანაზოგმა მშპ-ის 21.5% (6.3 მილიარდი ლარი) შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-80 ადგილი დაიკავა. მაღალი დანაზოგებით ძირითადად ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნები გამოირჩევიან, მაგრამ საქართველოზე წინ აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნებიც, როგორიცაა: ინდოეთი, ზამბია, ეთიოპია, მონღოლეთი და სხვა. ამასთან, საქართველოს აქვს უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე აშშ-ს, ესპანეთს, იტალიას, პორტუგალიას, საბერძნეთსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ჩვენზე გაცილებით მეტია და დანაზოგის გაკეთება მოქალაქეებს უფრო მარტივად შეუძლიათ. ამის მიზეზებს ქვემოთ განვიხილავთ.

ისტორიულად დაზოგვისადმი მიდრეკილების ზრდა დასავლური კაპიტალიზმის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არის მიჩნეული. ის ქვეყნები, სადაც კაპიტალიზმი საუკუნეების წინ განვითარდა, დღეს ჩვენზე მდიდრები არიან. ინგლისელი ფილოსოფოსი მაქს ვებერი თავის ნაშრომში “პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება” სწორედ პროტესტანტებისა და განსაკუთრებით პურიტანებისთვის დამახასიათებელ დაზოგვისადმი მიდრეკილებას მიიჩნევს დასავლური კაპიტალიზმის განვითარების მნიშვნელოვან ასპექტად. პურიტანული ეთიკა ამ მხრივ ორი რამით იყო გამორჩეული: პროფესიული საქმიანობა მიჩნეულ იქნა, როგორც ღვთის სადიდებლად შრომა და ასეთი გზით მოპოვებულ ფულს ჩამოშორდა ვერცხლისმოყვარეობის ცოდვად აღქმა. აგრეთვე, პურიტანული ეთიკა ასკეტურია, რასაც ფულის ხარჯვა მინიმუმამდე დაჰყავს. ამ ორი თვისების შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი: შრომობდნენ ბევრს, ზოგავდნენ ბევრს, იზრდებოდა ინვესტიციები და წარმოება ფართოვდებოდა. დღესაც (თუ ნავთობით გამდიდრებულ ქვეყნებს გამოვაკლებთ), ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნების უმეტესობის ძირითადი რელიგია პროტესტანტიზმია (ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილო- დასავლეთი ევროპა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა).

ეროვნული დანაზოგი მოსახლეობისა და მთავრობის დანაზოგების ჯამია. შესაბამისად, მენტალური ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმას, თუ რამდენს ზოგავს მთავრობა. მთავრობა ზოგავს, თუ ქვეყნის ნაერთ ბიუჯეტში (ნაერთ ბიუჯეტში კონსოლიდირებულია ქვეყნის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები) მიმდინარე შემოსავლები აჭარბებს მიმდინარე ხარჯებს. მიმდინარე შემოსავალებში იგულისხმება გადასახადებიდან, გრანტებიდან და არასაგადასახადო შემოსავლებიდან მიღებული თანხები, ხოლო მიმდინარე ხარჯებში ერთჯერადი დანიშნულების ისეთი ხარჯები, როგორიცაა: პენსია, ჯანდაცვა, ბიუროკრატიის შენახვა, სუბსიდიები, ვალის მომსახურება და სხვა. მიმდინარე შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობას ოფიციალურად ბიუჯეტის საოპერაციო სალდო ეწოდება. 2014 წელს ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდო

750 მილიონი ლარი იყო, ანუ მთავრობამ აღნიშნული თანხა დაზოგა. გამოდის, რომ ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ განვითარებულ ქვეყნებში (აშშ, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი) სწორედ ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის გამო ნაკლებს ზოგავენ, ვიდრე საქართველოში. თუ მთავრობის დანაზოგის გარეშე ვნახავთ, კერძო დანაზოგი გაცილებით მაღალი აქვთ.

კერძო დანაზოგის შემთხვევაში პირველ რიგში შემოსავლების სიდიდეს აქვს მნიშვნელობა – მდიდრის დანაზოგი მეტია როგორც ნომინალურ, ასევე ფარდობით მაჩვენებლებში. შესაბამისად, მდიდარი ერებიც მეტს ზოგავენ. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად თანაბრად არის გადანაწილებული შემოსავლები. დღეს შემოსავლების თანაბრად გადანაწილება საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ერთ- ერთ მოცემულობად არის მიჩნეული, თუმცა ასეთ საზოგადოებაში უფრო ნაკლები დანაზოგი კეთდება და ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება. ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური ბაზრების განვითარების დონე, დემოგრაფიული მდგომარეობა, საპენსიო ასაკი და გადასახადების დონე. თუ დღევანდელი პენსიონერები პენსიას იღებენ დღეს გადახდილი გადასახადებით, მაშინ ნაკლები დანაზოგი გროვდება, მაგრამ, თუ ადამიანი თავად აგროვებს თანხას თავისი საპენსიო ასაკისათვის, მაშინ პირიქით, ეროვნული დანაზოგი იზრდება. დანაზოგების ზრდის და, შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების მხრივ, მიმდინარე პენსიის მიმდინარე გადასახადებით უზრუნველყოფას სჯობია როგორც კერძო დაგროვებითი სისტემა (თუნდაც სავალდებულო), ასევე საერთოდ სახელმწიფო პენსიის არარსებობა. მთავარია, საპენსიო სისტემა ისე იყოს მოწყობილი, რომ მასში სახელმწიფოს როლი და გარანტია მინიმალური იყოს.

დაზოგვისადმი მიდრეკილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დანაზოგის სარფიანად განთავსების შესაძლებლობას. ამის პოტენციური გზა კი სამია: ბანკში დეპოზიტზე შენახვა, ახალი ბიზნესის დაწყება და ფასიანი ქაღალდების (აქციებისა და ობლიგაციების) შეძენა. საქართველოში დეპოზიტის გახსნა და თანხის დაგროვება პროცედურულად ძალიან მარტივია, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთიც მაღალია. ბიზნესის დაწყების სიმარტივით კი საქართველო მსოფლიო დონეზეც კი გამორჩეულია, რადგან ბიუროკრატიული პროცედურები მინიმალურია. რჩება მესამე გზა – ფასიანი ქაღალდების შეძენა, ეს კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია, იმდენად მწირია ფასიანი ქაღალდების ბაზარი. ამ დროს აქციების მრავალფეროვან არჩევანს და თავისუფლად შეძენის შესაძლებლობას შეუძლია ადამიანი მცირე დანაზოგითაც კი ინვესტორად აქციოს. შესაბამისად, საფონდო ბირჟის განვითარება მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოში დაზოგვისადმი სტიმულს.

მისასალმებელი და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში საქართველოში ეროვნული დანაზოგის დონეს ზრდის ტენდენცია აქვს. 2010 წელს თუ მშპ-ის 11.6% იყო, 2014 წელს უკვე 21.5%-მდე გაიზარდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ რადგან ამ მიმართულებით ზრდის ტენდენცია გვაქვს, ეს საკმარისია, მაგრამ ასე არ არის. რაც უფრო დიდი ხდება ქვეყნის ეკონომიკა, მას მეტი ინვესტიცია, შესაბამისად, მეტი დანაზოგი სჭირდება. თუ შიდა დანაზოგის სასურველ დონეს არ მივაღწევთ, საქართველოს ეკონომიკის განვითარება ძირითადად უცხოურ ინვესტიციებზე იქნება დამოკიდებული, ეს მეტწილად დღესაც ასე არის. უცხოური ინვესტიციები ყოველთვის მნიშვნელოვანი დარჩება, მაგრამ ეკონომიკური განვითარების დასაჩქარებლად შიდა ინვესტიციებია საჭირო.

დაზოგვისადმი მიდრეკილების მასტიმულირებელი ეკონომიკური ინსტრუმენტების განვითარებასთან ერთად საქართველოს მენტალური ცვლილებაც ესაჭიროება, რაც გამოიხატება ჭამა-სმის, “სამარიაჟო” ავტომობილების, მობილური ტელეფონებისა და დასვენების მოჭარბებული სიყვარულიდან შრომის, სწავლისა და საკუთარი კერძო ბიზნესის კეთების სიყვარულისკენ ცვლილებაში. რთულია იმის თქმა, თუ საიდან უნდა დაიწყოს ეს ცვლილება, მაგრამ ცვლილება მიიღწევა, როდესაც საზოგადოება იქნება მერიტოკრატიული, წარმატებული დაჯილდოვდება და მათ შორის დაჯილდოვდება ისიც, ვინც დღევანდელ კვერცხს ხვალინდელი ქათამი ამჯობინა. ზოგადად, მოთმენა რთულია, მაგრამ ვინც დღეს მოითმენს, მომავალში მოთმენის კომპენსაცია უნდა მიიღოს. სწორედ ასე ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც საბაზრო- ფინანსური სექტორის განვითარების დონე მაღალია, საკუთრების უფლებები კარგად არის დაცული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *