დადასტურებულია, რომ ჩვენ არასტაბილურ დროში ვცხოვრობთ. უბრალოდ, გადაშალეთ დღევანდელი გაზეთი და თავად დარწმუნდებით, რომ ყველა სტატიის სათაური კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ გაურკვეველ და არასაიმედო დროში გვიწევს ცხოვრება, და სხვა მიზეზებს შორის ამას ეკონომიკური არასტაბილურობა. კორპორაციული რესტრუქტურიზაცია და ცვლადი ტექტონიკური აქტიურობა განაპირობებს.
უეჭველია, რომ გაურკვევლობა არასასიამოვნო შეგრძნებაა. ჩვენ, ადამიანებს, გენეტიკურად მოგვდგამს სწრაფვა, ვაკონტროლოთ ჩვენი გარემო. ჩვენ გვიყვარს, როდესაც წარსულსა და მომავალს შორის კავშირი თანმიმდევრულია. ჩვენ ყველას გვსურს, რომ მომავალი იყოს შეძლებისდაგვარად საიმედო, სტაბილური და პროგნოზირებადი. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თავად ვიყოთ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი და რა გასაკვირია, რომ თავს ცუდად ვგრძნობდეთ, როდესაც მომავალი გაურკვეველი და ბუნდოვანი ხდება.
როგორც უნდა ვეცადოთ, შეუძლებელია განსაზღვრული გეზის აღება ამღვრეულ წყალში. რეალობა კი ასეთია: არა მხოლოდ ჩვენს სწრაფად ცვალებად და არაპროგნოზირებად სამუშაო გარემოში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტ წარმატებას აღწევს ის, ვისაც შეუძლია სწორად აღიქვას არსებული გაურკვევლობა, მიიღოს გადამწყვეტი და ხშირად სარისკო ზომები – უამრავი უცნობი და გაურკვეველი ფაქტორის მიუხედავად.
თვრამეტი წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავტოვე ჩემი მშობლების მერძევეობის ფერმა და კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად დიდ ქალაქში გავემგზავრე. ამ დროს თან მიხაროდა, თან მეშინოდა და თავს ჩემი კომფორტის ზონიდან სრულიად მოწყვეტილად ვგრძნობდი. არ ვიცოდი, რა მელოდა წინ. მაგრამ მაშინ მე ერთ ძალზე მნიშვნელოვან რამეს მივხვდი, რის ჭეშმარიტებაშიც არაერთხელ დავრწმუნდი ჩემი ცხოვრების მანძილზე: შეუძლებელია მიაღწიო დასახულს, თუ არ დათმობ ნაცნობი გარემოს კომფორტს. ახალი შესაძლებლობების შექმნა, ცოდნის გაღრმავება, თავდაჯერებულობის ამაღლება და ჩვენი გავლენის სფეროს გაფართოება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ჩვენ დავთმობთ იმ დაცულობის შეგრძნებას, რომელსაც ნაცნობი გარემო გვიქმნის.
ეს ის ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომლის ჭეშმარიტებაც არაერთხელ დამიტასტურეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულმა ლიდერებმა მათთან ინტერვიუების დროს, როდესაც მე ვმუშაობდი ჩემს მეორე წიგნზე ‒ “კმარა სიფრთხილით მოქმედება”. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა მათგანმა განსხვავებული გზა განვლო წარმატებისაკენ ‒ ზოგმა ორგანიზაციაში დაწინაურებით, ზოგმა კი როგორც კერძო მეწარმემ – ისინი იზიარებენ ერთ ძირითად სიბრძნეს, რომ დღევანდელ კონკურენტულ და სწრაფად ცვალებად სამუშაო გარემოში შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ არ მივიღებთ უცნობს და არ შევეგუებით რისკზე წასვლის დისკომფორტს.
ერთ-ერთი იმ ლიდერთაგან, რომელსაც მე ჩამოვართვი ინტერვიუ, იყო ლორი გარვერი. ეს გახლავთ ქალბატონი, რომელმაც ძირითადად მამაკაცების მიერ დომინირებულ კოსმოსური ინდუსტრიის სფეროში ადმინისტრაციული თანაშემწის თანამდებობიდან გზა გაიკვლია NASA-ს დირექტორის მოადგილეობამდე. წარმატებული ლიდერების უმეტესობის მსგავსად, ლორის ყოველთვის ამოძრავებდა საკუთარი შთაგონება და არ აჩერებდა უცნობის შიში.
მიუხედავად იმისა, რომ უფრო მოსახერხებელი იქნებოდა გვევარაუდა, რომ ლორი დაიბადა ტეფლონის ფსიქოლოგიური საფარით, რეალობა სულ სხვაგვარია. წარმატებისაკენ გზაზე ლორიმ უამრავი დაბრკოლება გადალახა და კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც გაიარა. მარცხის შიშს არ შეუჩერებია იგი მოძველებული შეხედულებებისა და ახალი შესაძლებლობების საზღვრების გადალახვისას. ამ პროცესში ლორი გარვერს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუწია თავისი კომფორტის ზონის ფარგლებს გარეთ ცხოვრება.
მთელი ჩვენი კარიერისა და ცხოვრების მანძილზე ჩვენ მუდმივად უნდა ვაანალიზოთ, ხომ არ აბრკოლებს უცნობის შიში ჩვენს წინსვლას. თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ, მაშინ დაუსვით საკუთარ თავს ასეთი შეკითხვა: რას მოიმოქმედებდით, რომ არა მარცხის შიში? სწორედ ის პასუხი, რომელიც პირველი გაიელვებს თქვენს გონებაში, სწორ მიმართულებას მიგანიშნებთ. შეეგუეთ იმ აზრს, რომ ეს მიმართულება თავდაპირველად გაურკვეველი და ბუნდოვანი იქნება.
რა თქმა უნდა, მზაობა, მიიღო რისკი და შეაბიჯო უცნობ ტერიტორიაზე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა თქვენი მცდელობა წარმატებული იქნება. ყველა წარმატებული ადამიანი დაგიდასტურებთ, რომ შეცდომების დაშვების რისკი და რაიმე ახლის გაკეთების მცდელობა ერთადერთი გზაა, მიაღწიო იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ყოფილა შესაძლებელი. ჯონ კენედის ციტატას მოვიხმობ: “არაფერი ღირებული არ შექმნილა წარმატების გარანტიით”.
ძალიან ხშირად ჩვენს წარუმატებლობებს საკუთარ უუნარობას მივაწერთ და ვიყენებთ მათ როგორც საბაბს, რომ გავაგრძელოთ იმის კეთება, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. პოზიტიური ფსიქოლოგიის დამფუძნებელმა – მარტინ სელიგმანმა ერთხელ განაცხადა, რომ “ჩვენი წარუმატებლობა კი არ განსაზღვრავს ჩვენს მომავალ წარმატებას, არამედ ის, თუ როგორ ავხსნით ჩვენ თვითონ ამ წარუმატებლობას”. მომავალ წარმატებას ასევე განსაზღვრავს ის, თუ რამდენად მზად ხართ მიიღოთ რისკთან დაკავშირებული გაურკვევლობა.
რას მოიმოქმედებდით ისეთს, რასაც ახლა არ აკეთებთ?
რა თემებზე ისაუბრებდით, რომლებსაც აქამდე გაურბოდით?
რა სფეროში ისურვებდით თამამად ხელმძღვანელი პოზიციის დაკავებას და ამით ახალი შესაძლებლობების, ურთიერთობების, მოკავშირეებისა და იდეების განვითარებას?
ათი წლის შემდეგ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გასაოცარ წარმატებას მიაღწევენ სხვადასხვა სფეროში. მართალია, ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვინ იქნებიან ეს ადამიანები, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ისინი არ მიეკუთვნებიან იმ ადამიანების ჯგუფს, ვინც დიდი სიფრთხილით მოქმედებს და ჩარჩოებს არ სცილდება. უფრო მეტიც, ეს იქნებიან ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად გამოიყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს, შეაბიჯებენ ახალ არაპროგნოზირებად ტერიტორიაზე და წარუმატებლობის რისკზე წავლენ ამ პროცესში. ერთი რამ შეიძლება ითქვას დანამდვილებით: გარკვეულობა შესაძლოა კომფორტული იყოს და ცოტას მოითხოვდეს ჩვენგან, მაგრამ იგი ზღუდავს ჩვენს მომავალს, ახშობს პოტენციალს, ამცირებს შესაძლებლობებს და არ გვაძლევს საშუალებას გავაცნობიეროთ, თუ რისი გაკეთების უნარი გვაქვს.
საბოლოო ჯამში გაურკვევლობას შეუძლია გაამდიდროს ან, პირიქით, შეზღუდოს თქვენი ცხოვრება. ჯობია, გაურკვევლობა მიიღოთ.