რატომ გადასცა ბილ გეიტსმა მილიარდობით დოლარი თავისი ყოფილი ცოლის ფონდს?

რატომ გადასცა ბილ გეიტსმა მილიარდობით დოლარი თავისი ყოფილი ცოლის ფონდს?

მელინდა ფრენჩ გეიტსის მიერ „გეიტსების ფონდის“ დატოვებიდან თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ, ახალი საგადასახადო დეკლარაციები ცხადყოფს, რომ მან და მისმა ყოფილმა ქმარმა, ბილ გეიტსმა, მელინდას თავმჯდომარეობის ბოლო წელს, ორგანიზაციისთვის უჩვეულო შეწირულებების სტრუქტურა აირჩიეს. მელინდა ფრენჩ გეიტსმა, თავმჯდომარის პოსტის დატოვებამდე ხუთი თვით ადრე, 2024 წლის იანვარში, $502 მილიონი გაიღო. ეს შესაძლოა, მისი ბოლო შეწირულებაც იყო ფონდისთვის, რომელიც თავის ყოფილ მეუღლესთან, Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსთან ერთად, 2000 წელს დააარსა.

იმავე წელს ბილ გეიტსი, შედარებით მოკრძალებული შეწირულებით შემოიფარგლა. მილიარდერმა უშუალოდ ფონდისთვის მხოლოდ $10 მილიონი გაიღო, ხოლო ტრასტს, რომელიც ფონდს მართავს, დამატებით $94 მილიონი გამოუყო. ეს რიცხვები მნიშვნელოვნად ნაკლებია ბოლო წლებში გეიტსის მიერ გაღებულ თანხებზე. შედარებისთვის, 2022 წელს, მისი $20.1 მილიარდი დოლარის შეწირულება ფილანთროპიის ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილესად იქცა.

ფონდისთვის შეწირულებების შემცირება შესაძლოა, თანხების სხვა მიზნებისთვის გამოყენებას უკავშირდებოდეს. მათ შორის, როგორც დოკუმენტი აჩვენებს, გეიტსმა გასულ წელს მელინდას ორგანიზაციას, Pivotal Philanthropies-ს, ოქტომბერში საჯარო აქციების გრანტის მეშვეობით, $7.9 მილიარდი გადასცა. Pivotal-ის წარმომადგენლის განცხადებით, ეს თანხა პირველი ეტაპი იყო იმ $12.5-მილიარდიანი დაფინანსების, რომელიც გეიტსებს შორის შეთანხმების პირობით იყო გათვალისწინებული.

კერძოდ, ფონდის დატოვების შესახებ არსებული შეთანხმების პირობებით, მელინდას დამატებით $12.5 მილიარდი უნდა მიეღო, რომელსაც ქალთა და ოჯახებთან დაკავშირებული საკითხებისთვის გამოიყენებდა. საქველმოქმედო საქმიანობას ის მის მიერვე 2015 წელს დაარსებული ორგანიზაცია Pivotal Ventures-ის მეშვეობით განაგრძობდა, რომელიც სწორედ ქალებისა და ოჯახების სოციალური პროგრესის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გახდა: „გეიტების ფონდის“ სპიკერმა განაცხადა, რომ ეს $12.5 მილიარდი ორგანიზაციის ტრასტიდან გაიცემოდა, თუმცა ყოფილ მეუღლეებს შორის დადებული პირადი შეთანხმების ფარგლებში, ბილის პერსონალური ანგარიშებიდან გადაირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბილ და მელინდა გეიტსები, 27-წლიანი ქორწინების შემდეგ, ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ, თუმცა ფონდის ერთობლივი მართვა განაგრძეს. განქორწინების შემდეგ წყვილმა განაცხადა, რომ ორწლიანი საცდელი პერიოდით, ფონდის ერთობლივ მართვას განაგრძობდნენ,  თუმცა, თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მელინდა დაკავებულ პოსტს დატოვებდა.

მაისში გეიტსმა ასევე განაცხადა, რომ ფონდი, მომდევნო ოცი წლის განმავლობაში $200 მილიარდზე მეტს გასცემს და 2045 წლის 31 დეკემბრისთვის დაიხურება. თავდაპირველი გეგმით, ფონდი, ბილ და მელინდა გეიტსების გარდაცვალებიდან სულ მცირე 20 წელიწადში უნდა დახურულიყო, თუმცა ინვესტიციების გაორმაგების შემთხვევაში ფონდის მიზნების მიღწევა ბევრად მოკლე ვადებშიც შესაძლებელია.

ცნობისთვის, ბილ და მელინდა გეიტსები Giving Pledge-ის ინიციატივის ხელმომწერთა შორისაც არიან. ხელმოწერით, მილიარდერები, მათი სიცოცხლის განმავლობაში, ქონების ქველმოქმედებისთვის გაღების პირობას დებენ. ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბილ და მელინდა გეიტსებს, კოლექტიურად, $52 მილიარდზე მეტი აქვთ გაღებული.

გამოცემა Forbes-ი, ბილ გეიტსის ქონებას ამჟამად $103 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოში მე-18 უმდიდრეს ადამიანად აქცევს. ხოლო მელინდა ფრენჩ გეიტსი, $29.3 მილიარდის ქონებით, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 76-ე ადგილზეა.