ხუთშაბათს, 4 სექტემბერს, აშშ-ის მთავრობამ ჟან-მიშელ ბასკიასა და პაბლო პიკასოს ნამუშევრები, ასევე დაიან არბუსის ცნობილი ფოტო, აუქციონზე ჯამში 35 მილიონ დოლარად გაყიდა. მიზანი მალაიზიური 1MDB-ფონდისგან მოპარული თანხების ნაწილის უკან დაბრუნება იყო. ეს ფონდი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კორუფციულ სკანდალთან არის დაკავშირებული.
აუქციონების სახლ Gaston & Sheehan-ის ცნობით, ბასკიას ორი ნახატი, Self Portrait და Red Man One, შესაბამისად, 8,332,500 და 22,002,790 დოლარად გაიყიდა. ასევე, პიკასოს მიერ 1939 წელს შესრულებული ნამუშევარი სახელწოდებით Tête de taureau et broc 5,007,502 დოლარად გაიყიდა, ხოლო დაიან არბუსის ფოტოსურათი Exasperated Boy with a Toy Hand Grenade in Central Park, N.Y.C. 1962 – 500,150 დოლარად.
აღსანიშნავია, რომ ბასკიას ერთ-ერთი ნახატი, პიკასოს ნამუშევარი და არბუსის ფოტო ოდესღაც ლეონარდო დიკაპრიოს ეკუთვნოდა, რომელმაც 2017 წელს ისინი ფედერალურ მთავრობას გადასცა, როდესაც გაირკვა, რომ ხელოვნების ეს ნიმუშები მოპარული თანხებით იყო შეძენილი. მსახიობი არცერთ სამართლებრივ პროცედურაში არ ფიგურირებს და გამოძიების პროცესში ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა.
1MDB-ის სკანდალი
1Malaysia Development Berhad (1MDB) 2009 წელს მალაიზიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნაჯიბ რაზაკის მიერ შექმნილი სახელმწიფო ფონდია. ის მასშტაბურ საერთაშორისო კორუფციულ სკანდალში გაეხვა, რომელზეც გარკვეული დეტალები პირველად 2015 წელს გამჟღავნდა.
როგორც გაირკვა, ფონდის მილიარდობით დოლარი არამიზნობრივად იქნა დახარჯული: ფუფუნების საგნებზე, კერძო თვითმფრინავებზე, წვეულებებსა და ჰოლივუდურ ფილმებშიც კი. სწორედ ამ ფულით დაფინანსდა მარტინ სკორსეზეს ფილმი „უოლ–სტრიტის მგელი“ – ისტორია ფინანსურ თაღლითზე, სადაც მთავარი როლი ლეონარდო დიკაპრიოს აქვს შესრულებული.
რაზაკი 2020 წელს კომპანიიდან თანხების მითვისებასთან დაკავშირებულ ბრალდებებში დამნაშავედ ცნეს და ამჟამად 12-წლიან პატიმრობას იხდის. ფონდის მენეჯმენტში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო მალაიზიელი ფინანსისტი ჯო ლოუ, რომელიც დღემდე მიმალვაშია. იგი ინტერპოლის მიერ არის ძებნილი და აშშ-ში ფედერალური ბრალდებები აქვს წარდგენილი.
2017 წლის კონფისკაციის საჩივრის თანახმად, ლოუმ თავდაპირველად Red Man One ნიუ-იორკის გალერეიდან 9.1 მილიონ დოლარად შეიძინა. იმავე საჩივარში აღნიშნულია, რომ მან არბუსის ფოტო ნიუ-ჯერსის არქივიდან 750,000 დოლარად „1MDB-ის გადამისამართებული სახსრებით“ იყიდა.
2014 წელს ლოუმ ორივე ნივთი დიკაპრიოს საჩუქრად გადასცა. პროკურორების თქმით, პიკასოს ნახატი, რომელიც მათ ალტერნატიული სახელწოდებით Nature Morte au Crane de Taureau ამოიცნეს, ასევე 1MDB-ის სახსრებიდან დაახლოებით 3.2 მილიონი დოლარით შეიძინეს. ის დიკაპრიოს 2014 წელს დაბადების დღის წერილთან ერთად გადაეცა, რომელშიც ეწერა: „ძვირფასო ლეონარდო დიკაპრიო, დაგვიანებით გილოცავ დაბადების დღეს! ეს საჩუქარი შენთვისაა“. პროკურორების თქმით, წერილზე ლოუს ერთ-ერთი თანამშრომლის ინიციალები იყო დატანილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსახიობმა ხელოვნების ნიმუშები 2017 წელს ფედერალურ მთავრობას გადასცა, როდესაც გაირკვა, რომ ისინი მოპარული თანხებით იყო ნაყიდი.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, მოპარული თანხებიდან დღემდე დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი უკვე დაბრუნებულია. ამასთან, 35 მილიონ დოლარად გაყიდული ნამუშევრები ფონდიდან დაბრუნებულ აქტივებს დამატებით შეავსებს.