უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, გლობალურად, მილიარდერთა რიგებს 340-ზე მეტი ადამიანი შეემატა. შედეგად, მსოფლიოში ახლა იმაზე მეტი მილიარდერია, ვიდრე ისტორიაში ოდესმე – სია, რეკორდულ, 3,148 ადამიანს მოიცავს, რაც ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 50%-ით მეტია. ხოლო 1987 წელს, მაშინ, როდესაც ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის გამოქვეყნება დაიწყო, მილიარდერთა რიგებში მხოლოდ 140 პირი ირიცხებოდა.
ცნობისთვის, წელს, მსოფლიოს მილიარდერები იმაზე მდიდრებიც არიან, ვიდრე ოდესმე. Forbes-ის სიაში შემავალი პირების კოლექტიური სიმდიდრე $18.7 ტრილიონს შეადგენს, რაც 2020 წელთან შედარებით $10 ტრილიონით მეტია. მათი საშუალო ქონება კი $5.9 ტრილიონამდეა გაზრდილი. Forbes-ის რეიტინგში რეკორდული რაოდენობის, 19 სენტიმილიონერიცაა წარმოდგენილი, რომელთაც, სულ მცირე, $100 მილიარდის ქონება დააგროვეს. სულ რაღაც 6 წლის წინ, ასეთი მხოლოდ ერთი ადამიანი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იყო.
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა 2025 წელი $421 მილიარდის ღირებულების ქონებით დაიწყო, შემდგომ კი რეკორდების სერია მოხსნა. მათ შორის ოქტომბრის თვეში, როდესაც პირველი ადამიანი გახდა, რომლის სიმდიდრემაც $500 მილიარდს გადააჭარბა, შემდეგ 15 დეკემბერს, $600 მილიარდითა და 19 დეკემბერს – $700 მილიარდის ქონებით. მხოლოდ მიმდინარე წელს მასკის ქონება $333 მილიარდზე მეტით, შესაბამისად, დღეში საშუალოდ $935 მილიონით გაიზარდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მსოფლიოში ნებისმიერი სხვა მილიარდერის ქონება – მაგალითად, მეორე უმდიდრესი ადამიანი, ლარი პეიჯი, $255 მილიარდს ფლობს. ილონ მასკი ერთ კვირაში მასკის ქონების მკვეთრი ზრდა უმეტესად მის მიერ დაარსებულ ავიაკოსმოსურ კომპანია SpaceX-ს და დელავერის სასამართლოს მიერ Tesla-ს აქციების გაუქმებული ოფციონების აღდგენას უკავშირდებოდა.
თუმცა 2025 წელს, ქონების რეკორდულად დიდი ერთდღიანი მატება არა მასკს, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტ Oracle-ის დამფუძნებელს, ლარი ელისონს ეკუთვნის. ელისონის სიმდიდრე, 10 სექტემბერს, Oracle-ის აქციების ღირებულების 36%-ით მატების შედეგად, დაახლოებით $100 მილიარდით გაიზარდა. ანალიტიკოსების ვარაუდით, პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის აქციების ფასის ზრდა რამდენიმე ფაქტორთან იყო დაკავშირებული – მათ შორის, Oracle-ის მიერ გასულ სამშაბათს გამოქვეყნებულ, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შემოსავლების შეფასებებთან. მაგრამ Forbes-ი ელისონის ქონებას დაახლოებით $250 მილიარდად აფასებს, რაც 2025 წლის დასაწყისიდან $41 მილიარდით მეტია.
წლის დასაწყისთან შედარებით, ჯამში დაახლოებით $185 მილიარდით უფრო მდიდრები არიან Google-ის თანადამფუძნებლები, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი. მათი სიმდიდრის მატება Alphabet-ის მიერ, Open AI-სა და DeepSeek-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის, Gemini 3-ის წარდგენას უკავშირდება. ამასობაში კი ნახევარგამტარების მწარმოებელი Nvidia-ს აქციების ღირებულება 2025 წელს 33%-ითაა გაზრდილი, რის შედეგადაც, კომპანიის დამფუძნებელი, ჯენსენ ჰუანგი $42 მილიარდით გამდიდრდა.
მიმდინარე წლის Forbes-ის განახლებული რეიტინგის ახალწვეულებს შორის იყო ჩინელი ლიანგ ვენფენგი. ამ უკანასკნელმა DeepSeek-ი 2023 წელს დააარსა, ხოლო მილიარდერთა რიგებს იანვარში შეუერთდა. ასევე წელს მილიარდერთა სტატუსი OpenAI-ის შვიდმა თანამშრომელმა დაიმსახურა, რომლებმაც კომპანია ხელოვნური ინტელექტის გიგანტი Anthropic-ის დასაარსებლად დატოვეს.
ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალბედა მილიარდერების ქონებაც – დაწყებული ჩიპების მიმწოდებლებით, დასრულებული მონაცემთა ცენტრების მფლობელებით. მაგალითად, სამხრეთ კორეაში დაფუძნებული ISU Petasys-ის აქციების ღირებულება მიმდინარე წელს 360%-ზე მეტით გაიზარდა, რამაც კომპანიის თავმჯდომარე კიმ სან-ბომი მილიარდერად აქცია. ხოლო Astera Labs-ის დამფუძნებლები ჯიტენდრა მოჰანი და სანჯაი გაჯენდრა Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგს შეუერთდნენ მას შემდეგ, რაც მონაცემთა ცენტრების ქსელური ფირმის აქციების ღირებულება, IPO-ს შემდეგ 140%-ით გაიზარდა. CoreWeave-ის დამფუძნებლები კი დაახლოებით 250,000 გრაფიკული პროცესორის AI-კომპანიებისთვის მიქირავებით გამდიდრდნენ.
საერთო ჯამში, Forbes-ის 2025 წლის რეიტინგის ახალწვეულების მთლიანი ქონება $876 მილიარდს შეადგენს, რაც მსოფლიოს მილიარდერთა კოლექტიური სიმდიდრის დაახლოებით 5%-ია. მათგან თითქმის 40% ამერიკელია, თუმცა სია სულ 32 ქვეყანას მოიცავს – მათ შორის, 35 ჩინელი, 15 ინდოელი და 15-იც რუსია. ახალწვეულთა ორი მესამედი თვითშემდგარი მილიარდერია, მათგან 11 მილიარდერი – 30 წლამდე ასაკის. თუმცა ამ რაოდენობის ახალი სახეების მიუხედავადაც, რეიტინგის 85%-ს კვლავ ის ადამიანები შეადგენენ, რომელთაც 2025 წელიც მილიარდერთა რიგებში დაიწყეს. მათგან ოთხი მეხუთედი კი 2025 წელს ისეთივე მდიდარი ან უფრო მდიდარი ხვდება, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.















