10 სექტემბერს, სტუდენტებთან შეხვედრისას მოკლული ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის წიგნი – „ღვთის სახელით, შეჩერდი: რატომ შეცვლის წმინდა შაბათისთვის პატივის მიგება თქვენს ცხოვრებას“ – ოთხშაბათს Amazon-ის 100 საუკეთესო წიგნის განახლებად სიაში პირველ ადგილზე მოხვდა. წიგნის პოპულარობაზე გავლენა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩართულობამაც იქონია, რომელმაც წიგნის პოპულარიზაციის მიზნით სოციალური მედია გამოიყენა.
როგორც ირკვევა, კირკის წიგნით ფინანსურ მოგებას, 31 წლის ასაკში გარდაცვლილი აქტივისტის ოჯახთან ერთად, ტრამპებიც ნახავენ. საქმე ისაა, რომ წიგნი, რომლის წერა კირკმა იუტა-ველის უნივერსიტეტში საბედისწერო გამოსვლამდე ერთი თვით ადრე დაასრულა, გამომცემლობა Winning Team Publishing-ის მიერ დაიბეჭდა. ეს უკანასკნელი დონალდ ტრამპ უმცროსმა და სერხიო გორმა, ამჟამად ინდოეთში აშშ-ის ელჩმა, 2021 დააარსეს.
კირკის წიგნი, „ღვთის სახელით, შეჩერდი“, Winning Team-ის ვებგვერდზე 30 აშშ დოლარადაა ხელმისაწვდომი. Winning Team-ი კი, თავის მხრივ, ფინანსურ მოგებას როგორც გაყიდვებიდან, ასევე ლიცენზირებასა და საავტორო უფლებებზე ნებისმიერი გარიგებიდან ნახავს. იმავე გამომცემლობის გამოქვეყნებულია კირკის კიდევ ორი წიგნი – „მემარჯვენე ფრთის რევოლუცია“ და „კოლეჯის თაღლითობა“.
ამჟამად Winning Team-ის ვებგვერდზე „ჩარლი კირკის კოლექციაა“ შემოთავაზებული. მთავარ ბანერზე კი კირკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მის ვაჟ, დონალდ ტრამპ ჯუნიორთან ერთადაა წარმოდგენილი. იმავე ბანერზეა კონსერვატორი ჟურნალისტი და ავტორი, ჟანინ პირო, რომლის წიგნიც, სახელწოდებით „ამერიკის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“, Winning Team-ის მიერაა გამოცემული.
საინტერესოა, რომ თავად გამომცემლობის URL, 45books.com-ი, ტრამპის პრეზიდენტობასთანაა კავშირში. კონკრეტულად კი, დასახელებაში რიცხვი „45“ პირველი ვადით, ტრამპის 45-ე პრეზიდენტად არჩევას ეხმიანება.
ცნობისთვის, Winning Team-ის გამოცემულია ტრამპის სამი წიგნიც, რომლებიც ძირითადად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საჯაროდ ხელმისაწვდომ ფოტოებსა და პირად მიმოწერას ეფუძნება. აღნიშნული წიგნები ვებგვერდზე $74.99-დან $99-მდე ღირებულებით იყიდება. Winning Team-მა დონალდ ტრამპს, აღნიშნულ წიგნებზე საავტორო ჰონორარის სახით, $9 მილიონზე მეტი გადაუხადა.
თანამოაზრე აქტივისტის წიგნის გამოქვეყნებას, პრეზიდენტი ტრამპი თავისივე სოციალური ქსელის, Truth Social-ის მეშვეობით გამოეხმაურა. „ერთი თვით ადრე, სანამ მის თავს ურჩხული წაგვართმევდა, დიდებულმა ჩარლი კირკმა თავის ბოლო წიგნზე მუშაობა დაასრულა. როგორც ჩარლი ხშირად ამბობდა, „თუ რამით მინდა ვიყო ცნობილი, მსურს, რომ ეს რწმენაში ჩემი სიძლიერე იყოს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში და იმავე პოსტით, მოსახლეობას, http://45books.com/-დან და სხვა ნებისმიერი ადგილიდან წიგნის შეძენისკენ მოუწოდებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Winning Team-ი პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა, დონალდ ტრამპ ჯუნიორმა, იმ დროს ტრამპის საარჩევნო შტაბის თანამშრომელ სერხიო გორთან ერთად დააარსა და პირველი წიგნი 2022 წელს გამოსცა. ეს წიგნი ტრამპის ავტორობით შექმნილი ფოტოწიგნია, სახელწოდებით „ჩვენი ერთად მოგზაურობა“. 2022 წლის შემდეგ, Winning Team-ის გამომცემლობით, არაერთი კონსერვატორი ავტორის, მათ შორის პიტერ ნავაროს, მარჯორი ტეილორ გრინისა და ჟანინ პიროს წიგნები გამოიცა.
როგორც ცნობილია, თავისი პირველი წიგნისთვის, დონალდ ტრამპმა 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის შუა პერიოდამდე ჰონორარის სახით $5.75 მილიონი გამოიმუშავა. დამატებით, 2024 წელს, ტრამპმა Winning Team-სგან $3.4 მილიონი გამოიმუშავა, რაც, საერთო ჯამში, ტრამპის მიერ 2022-2024 წლებში წიგნებიდან მიღებულ საჯაროდ ცნობილ შემოსავალს $9 მილიონამდე ზრდის.













