პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) სტატისტიკა საქართველოში დიდ ყურადღებას იქცევს. პოპულარულია მიდგომა, რომ თუ ინვესტიციები იზრდება, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა შედეგიანია და პირიქით, თუ შემცირდა, რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. ინვესტიციების ზრდაში ან კლებაში იგულისხმება, თუ როგორ შეიცვალა ის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, თუ გასულ წელს ინვესტიციები მაღალი არ იყო, წელს უფრო მარტივად მიღწევადია ზრდა და პირიქით, თუ გასულ წელს მაღალი იყო, მაშინ გაჭირდება მისი კიდევ მეტად ზრდა. გარდა ამისა, თუ ინვესტიციებს შინაარსობრივად არ დააკვირდები, მხოლოდ ზრდა/კლების შეფასება ხშირად ბევრს არაფერს ამბობს.
ზოგადად, განვითარებადი, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მქონე ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია პუი-ის მიღება, ვიდრე მდიდარი, დადებითი სავაჭრო ბალანსის მქონე ქვეყნებისთვის. საქართველო განვითარებად, სავაჭრო დეფიციტის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ნიშნავს, რომ საქართველოში მეტი თანხა იხარჯება უცხოურ საქონელსა და მომსახურებაზე, ვიდრე ქართულ პროდუქციაზე საზღვარგარეთ. დეფიციტს კი ქვეყანა უცხოური ინვესტიციებით ან ვალების აღებით აფინანსებს. ბუნებრივია, ვალით დაფინანსებას, ინვესტიციებით დაფინანსება სჯობია.
მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რას მოიცავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს არის არარეზიდენტი ინვესტორის (სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმოს) გრძელვადიანი ინვესტიცია სხვა ქვეყანაში. პირდაპირად რომ ჩაითვალოს ინვესტიცია, არარეზიდენტი ინვესტორი ინვესტიციების მიმღებ კომპანიაში მინიმუმ 10%-ის წილს უნდა ფლობდეს. პუი მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ ოპერაციას, მათ შორის, ახალი კომპანიის დაფუძნებას, მოქმედ კომპანიაში წილის ყიდვა-გაყიდვას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, კომპანიის მოგებას ან ზარალს, დივიდენდების გაცემას, სესხის გაცემა/გადახდას, საქონლისა და მომსახურების მიწოდებას და ა.შ. აქედან გამომდინარე, რა ფორმით მოხდა ქვეყანაში ინვესტირების ზრდა, ამის ცოდნა მნიშვნელოვანია. მაგალითად, ახალი კომპანიის დაფუძნება და საწესდებო კაპიტალის ზრდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სესხის სახით მოზიდული პუი.
პუი, ზრდის ნაცვლად, შესაძლოა შემცირდეს. შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს: საწესდებო კაპიტალის შემცირება, საწარმოს ზარალი, სესხის დაფარვა, რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისგან წილის გამოსყიდვა და დივიდენდის გაცემა.
მეთოდოლოგიური შესავლის შემდეგ, საინტერესოა, ვნახოთ, როგორ შეიცვალა პუი საქართველოში 2024 წელს.
11 მარტს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მე-4 კვარტალისა და მთლიანი წლის პუი-ის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. მე-4 კვარტალში ზრდა 24.4% იყო (2023 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით), ხოლო წლიურად ინვესტიციები 30%-ით შემცირდა.
ნომინალურ გამოსახულებაში 2024 წელს მეტი ინვესტიცია შემოვიდა (1.3 მლრდ დოლარის), ვიდრე 2011-2013 ან 2020-2021 წლებში. თუმცა, რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მას მეტი ინვესტიცია სჭირდება ეკონომიკური ზრდის ეფექტის მისაღებად. ამიტომ უფრო საინტერესოა, ინვესტიციები ვნახოთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ. ამ მხრივ, 2024 წელს კიდევ უფრო დიდი ჩავარდნაა. პუი-მა მშპ-ის 3.9% შეადგინა და ბოლო 14 წელიწადში უფრო ნაკლები მხოლოდ პანდემიის დროს, 2020 წელს იყო.
საქსტატის ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს, დეტალურად ვნახოთ, რა იყო ინვესტიციების კლების მიზეზი 2024 წელს. ეს შეიძლება ვნახოთ პუი-ის კომპონენტების, სექტორებისა და ქვეყნების მიხედვით.
კომპონენტების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში, სააქციო კაპიტალის სახით 484 მლნ დოლარი შემოვიდა, 2.5-ჯერ ნაკლები, ვიდრე 2023 წელს. რეინვესტიციის სახით 1,171 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლებია. ერთად აღებული სააქციო კაპიტალი და რეინვესტირება 41%-ით შემცირდა, მაგრამ სავალო ვალდებულებების ნაკლებად შემცირებამ დააბალანსა გარკვეულწილად და ინვესტიციების ჯამური კლება 30% გამოვიდა. სავალო ვალდებულების შემცირება ნიშნავს წინა წლებში სესხის სახით შემოსული ინვესტიციების კლებას, ანუ სესხების დაფარვას. 2023 წელს 901 მლნ დოლარის სესხი დაიფარა, ხოლო 2024 წელს – 321 მლნ დოლარის.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, 2024 წელს ინვესტიციები მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში (82 მლნ დოლარით) და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში (5 მლნ დოლარით) გაიზარდა. სხვა ყველა სექტორში შემცირდა. ყველაზე დიდი კლება ვაჭრობის სექტორშია – 234 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის მრეწველობა 139 მლნ დოლარის და ტრანსპორტი 68 მლნ დოლარის კლებით.
2024 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო საქმიანობის სექტორში შევიდა – 527 მლნ დოლარი, მიუხედავად იმისა, რომ აქაც კლებაა 57 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის მრეწველობა 173 მლნ დოლარით და მშენებლობა და უძრავი ქონება 169 მლნ დოლარით.
პუი ეკონომიკის სექტორების მიხედვით
ეკონომიკის სექტორები | 2023 | 2024 | ზრდა/კლება |
ენერგეტიკა | 44 | 126 | ⬆82 |
სასტუმროები და რესტორნები | 17 | 21 | ⬆5 |
ხელოვნება და გართობა | 35 | 27 | ⬇8 |
მშენებლობა და უძრავი ქონება | 197 | 169 | ⬇28 |
საფინანსო საქმიანობები | 584 | 527 | ⬇57 |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 120 | 57 | ⬇63 |
ტრანსპორტი | 165 | 97 | ⬇68 |
მრეწველობა | 312 | 173 | ⬇139 |
ვაჭრობა | 314 | 80 | ⬇234 |
სხვა | 114 | 57 | ⬇58 |
მონაცემთა წყარო: საქსტატი
ქვეყნების მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა – 448 მლნ დოლარი, რაც 2023 წელთან შედარებით 84 მლნ დოლარით მეტია. შემდეგ მალტა მოდის 78 მლნ დოლარით, საიდანაც ზრდა 78 მლნ დოლარია. ინვესტიციების ზრდით ტოპ-5 ქვეყანაში ხვდება ასევე ჩეხეთი, გერმანია და ისრაელი.
ყველაზე მეტად ინვესტიციები ნიდერლანდებიდან შემცირდა – 235 მლნ დოლარით, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები ინვესტორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა. ესპანეთიდან ინვესტიციებმა -184 მლნ დოლარი შეადგინა და 2023 წელთან შედარებით 205 მლნ დოლარით შემცირდა. სავარაუდოდ, ესპენეთიდან ინვესტიციების კლების მთავარი მიზეზი სავალო ვალდებულებების კლება იყო.
საინტერესოა, რატომ შემოდის ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან, მალტიდან და ნიდერლანდებიდან. ამის მიზეზია არის ის, რომ ხშირად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები კომპანიის რეგისტრაციის ადგილად ამ ქვეყნებს ირჩევენ. ამის მიზეზი სამართლებრივად მეტად დაცულობა და ზოგჯერ მაღალი კონფიდენციალურობის დონეა. 10 კომპანიიდან, რომლებმაც 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს, 5 რეალურად ქართული კომპანიაა, მაგალითად, მაგთიკომი, სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი, ბიჯეო ჯგუფი და ა.შ.
ბოლოს განვიხილოთ, რატომ გაიზარდა ინვესტიციები 2024 წლის მე-4 კვარტალში 24.4%-ით, როცა პირველ სამ კვარტალში 40%-იანი კლება იყო. ამის მიზეზი 2024 წლის მე-4 კვარტალში სავალო ვალდებულებების ნაკლებად კლებაა, ვიდრე 2023 წლის მე-4 კვარტალში. 2023 წლის მე-4 კვარტალში ვალდებულებები 303 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო 2024 წლის მე-4 კვარტალში – 88 მლნ დოლარით. ეს ნიშნავს, 2023 წლის ბოლო კვარტალში კომპანიებმა გაცილებით მეტი უცხოური სესხი დაფარეს, ვიდრე 2024 წლის ბოლოს. პუი-ის დათვლის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, სესხის დაფარვა ინვესტიციებს ამცირებს. აღნიშნული ეფექტის გარეშე, 2024 წლის მე-4 კვარტალში ინვესტიციები (სააქციო კაპიტალი და რეინვესტირება) 23.8%-ით შემცირდა, ანუ უფრო ნაკლები ახალი ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე 2023 წლის ბოლოს.
2024 წელს შემოსული პირდაპირი ინვესტიციების ანალიზი აჩვენებს, რომ ინვესტიციების კლებასთან ერთად, საქართველოში ახალი ინვესტორები ნაკლებად შემოდიან. ინვესტირებას გასულ წლებში შემოსული კომპანიების აგრძელებენ ან ქართველების მფლობელობის ქვეშ არსებული კომპანიები დებენ ინვესტიციებს სხვა ქვეყნების სახელით, რადგან საბოლოო ბენეფიციარი კომპანიები საზღვარგარეთ აქვთ რეგისტრირებული.