რატომ უნდა იყოს დუბროვნიკი თქვენი ყველაზე სანუკვარი სამოგზაურო ადგილი

რატომ უნდა იყოს დუბროვნიკი თქვენი ყველაზე სანუკვარი სამოგზაურო ადგილი

რატომღაც ხორვატიაში მოგზაურობა გადავწყვიტე, თან მეგონა, რომ იგი ძალიან წააგავდა იტალიას. ბოლოს და ბოლოს ორივე ხომ ადრიატიკის ზღვის გასწვრივ კლდოვანი პლაჟებით არის ცნობილი.

ასეთი ვარაუდი ჩემი მხრიდან ძალიან უგუნური აღმოჩნდა. ხორვატია ყველასაგან გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც ამაყობს თავისი მდიდარი ისტორიითა და ტრადიციებით, სავსეა დიდებული ადგილებით, გალავანშემორტყმული ქალაქებითა და თვალწარმტაცი სანაპირო სოფლებით. ხორვატია შედარებით ახალგაზრდა ქვეყანაა, რომელიც ჯერ კიდევ საკუთარი იდენტობის გარკვევის ფაზაშია, მიუხედავად თავისი უძველესი და გამორჩეული კულტურისა. აქ თანაბრად იგრძნობა როგორც სლავური, ისე ხმელთაშუა ზღვის ატმოსფერო. (თუმცა გენეტიკა და ენა უფრო სლავურს მიეკუთვნება, ვიდრე ხმელთაშუა ზღვისპირულს. ჩემს მეგობარს ჩეხური ენის ცოდნა ბევრად უფრო გამოადგა, ვიდრე ჩვენ იტალიურის, ფრანგულისა და ესპანურის. იქ თითქმის ყველა ინგლისურ ენაზე საუბრობს, ამიტომაც ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ შეგვქმნია.

ხორვატიის ყველაზე ზღაპრული ქალაქი დალმაციის კუნძულზე მდებარე დუბროვნიკია. შუასაუკუნეებში დაარსებული ეს მითური და ზოგჯერ ჯადოსნური ქალაქი „ადრიატიკის მარგალიტის” სახელით არის ცნობილი. გალავნით შემორტყმული დუბროვნიკი, რომლის ზოგიერთი უბანი ჯერ კიდევ XI საუკუნეშია აშენებული, გასაოცრად ხელუხლებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იგი ერთ-ერთი წამყვანი საზღვაო სავაჭრო ცენტრი და სამხრეთ ევროპის უმდიდრესი ქალაქი იყო, რომლის დაპყრობაც არაერთხელ უცდიათ. დუბროვნიკის სლავმა მოსახლეობამ მოახერხა ვენეციელთა და ოსმალთა მოგერიება და დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება. (საბოლოოდ დუბროვნიკმა ნაპოლეონს გამოუცხადა კაპიტულაცია.) ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილებია XV საუკუნის დროინდელი გალავნის მიღმა მდებარე 800 წლის წინანდელი გოტიკური ეკლესია და ევროპის უძველესი აფთიაქი. რომ არა ათასობით ტურისტი, ძველი ქალაქის ციცაბო მოკირწყლულ ქუჩებში გასეირნება დროში მოგზაურობას უფრო ჰგავს.

მიუხედავად იმისა, რომ ხორვატია როგორც სახელმწიფო მხოლოდ 25 წელია, რაც არსებობს, მისი მოსახლეობაუაღრესად ამაყობს თავისი სამშობლოთი და ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო ღვინოს, საუკეთესო ზღვის პროდუქტებს, საუკეთესო ზეთისხილსა და საუკეთესო ბოსტნეულს სთავაზობს. მე სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო DJ-იც კი გამაცნეს. „საუკეთესო”, ცოტა არ იყოს, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რაც შეეხება დუბროვნიკში გასინჯულ კერძებს, მატი უმეტესობა მართლაც გამორჩეულად გემრიელი იყო.

აქაური ატმოსფეროს, ტემპერამენტისა და გემრიელი კერძების ფაქტორით შეიძლება აიხსნას გასულ წელს დუბროვნიკში 2 მილიონი ტურისტის ჩამოსვლა – ციფრი, რომელიც 2017 წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ქალაქის ასეთ პოპულარობას უდავოდ სერიალმა „სამეფო კარის თამაშებმაც” შეუწყო ხელი, რომელსაც სწორედ დუბროვნიკში იღებდნენ. „სამეფო კარის თამაშების” ტურიზმი, რომელიც ამ სერიალში აღბეჭდილი ადგილების მონახულებას გულისხმობს, დამოუკიდებელ ინდუსტრიად იქცა. მე შევხვდი ადამიანს, რომელიც წელიწადში 1,000 ასეთ ტურს უწევს მეგზურობას. მიუხედავად ზოგიერთ ბლოგში გამოთქმული მოსაზრებისა, ცნობილი სერიალის ტურისტულ რუკაზე აღმოჩენა სულაც არ აქცევს ამ ქალაქს მორიგ კლიშედ. კლიშეების არსებობასაც ხომ თავისი მიზეზი აქვს, ისევე როგორც იმას, რომ გარკვეული ქალაქები ტურისტულ მექად არის აღიარებული.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ძველი ქალაქი” ტურისტებით გადაჭედილი არ არის და ნავსადგურში ერთდროულად ექვსი საკრუიზო მეგახომალდი არ დგას. არსებობს ასევე იმის ადრეული ნიშნებიც, რომ დუბროვნიკი მალე ტურისტთა ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილად იქცევა: ეს ნიშნები ხალხს ახსენებს, რომ ზოგიერთი ადგილი აბაზანა არაა და იქ აუცილებელია მაისურის ჩაცმა. თუკი გსურთ ხალხმრავლობას გაექცეთ, ეწვიეთ ქალაქს ზამთარში (ტემპერატურა 40 გრადუსზე (ფარენჰაიტით) ქვემოთ არ ჩამოდის). ასევე შეგიძლიათ ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება დილით ადრე ან საღამოს, ან სულაც ხალხმრავლობით ისიამოვნეთ. ნუ იჩქარებთ, იარეთ ნელა. თუკი გზად ბევრი ადამიანი შეგხვდათ, ეს იმის ნიშანია, რომ სადღაც ახლოს სანახაობა გელით. ეწვიეთ ქალაქის გალავნის შიგნით ნავსადგურის გასწვრივ მდებარე რომელიმე კაფეს ან ბარს 180-გრადუსიანი ზღვის ხედით, გადაიხადეთ რამდენიმე კუნათი მეტი სასმელში და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თქვენც და დანარჩენი სტუმრებიც აქ მხოლოდ იმიტომ ხართ, რომ ეს ადგილი ასეთი ლამაზი და მომხიბვლელია.

თუკი მოგშივდათ, ქალაქის ვერტიკალურად განლაგებული ქუჩების სიღრმეში გაეშურეთ. ზღვის ხედის ნაცვლად აქ მოკირწყლული ქუჩები და ქუჩის კაფეები გელით, თუმცა ესეც არანაკლებ ჯადოსნური სანახაობაა. კერძები საკმაოდ უბრალოა, მაგალითად, გემრიელი სალათი კაფე î LAJK-ში, სადაც საოცრად მყუდრო და სტუმართმოყვარე გარემოა. ამ კაფეში მე ყველაზე ყურადღებიანი და თბილი ახალგაზრდა მიმტანი მემსახურებოდა. საუკეთესო ყველის, ხორცის ასორტისა და ხორვატიული ღვინის გასასინჯად აუცილებლად ეწვიეთ ცნობილ ღვინის ბარ î D’Vino-ს. თუკი რაიმე უფრო დახვეწილს ეძებთ, ეწვიეთ ლედი გაგას ტანისამოსის კონცეპტუალური მაღაზიის შიგნით ივნისში გახსნილ რესტორან î Portrait-ს, სადაც თეთრ ხელთათმანებში გამოწყობილი მიმტანები მოგემსახურებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი ქალაქის კედლებს მიღმა რამდენიმე მყუდრო ადგილი მოიძებნება, მის კედლებს გარეთ უფრო მშვიდი ატმოსფეროა. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ისტორიული სასტუმრო î Hotel Excelsior-ი, რომელიც ადრიატიკის ექსკლუზიური სასტუმროების ფლაგმანია. სასტუმრო ძველი ქალაქის კედლებს გარეთ მდებარეობს, ხოლო მისი დიდი ოთახებიდან ადრიატიკისა და ძველი ქალაქის ფართო ხედი იშლება (უახლოეს მომავალში იგეგმება სასტუმროს დახურვა და იქ კაპიტალური რემონტის ჩატარება). მისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობს ზღვისპირა 13-ოთახიანი ბუტიკის სტილის სასტუმრო î Villa Orsula თავისი წარმოუდგენლად რომანტიკული ღია-ცის-ქვეშ რესტორნით, სადაც პერუელი შეფ-მზარეული მსოფლიოს ამ კუთხისათვის წარმოუდგენელ მენიუს სთავაზობს სტუმრებს.

ძველი ქალაქი საკმაოდ პატარაა და მისი დათვალიერება ერთ დღეშიც შეიძლება, კიდევ ორი დღე და ქალაქი ბოლომდე შესწავლილი გექნებათ. აქვე ძალიან ახლოს მდებარეობს ღვინის რეგიონი î Peljesac-ი თავისი საოცარი ღვინის მარნებით, როგორიცაა, მაგალითად, î Rizman-ის მარანი ჯადოსნური ხედებით და ასევე ისტორიული ატმოსფეროს მქონე რესტორანი î Saints Hills-ი, სადაც გემრიელ ლანჩს შემოგთავაზებენ.

ასევე შეგიძლიათ ზღვას მიაშუროთ. ელეფიტის კუნძულებამდე არცთუ ისე შორია. აქ თქვენ გელით ულამაზესი საცურაო გამოქვაბულები, მოდური სანაპირო კლუბები და სიპანის კუნძულზე საუკეთესო ლანჩის ბარი სახელწოდებით î BOWA. მოფრიალე თეთრი ფარდებით გამოყოფილ პავილიონებში სასადილო ოთახებია განლაგებული, სადაც საოცრად უბრალო კერძები მოაქვთ. ერთმა მიმტანმა ლანგარზე მოგვართვა წყლიდან ახალი ამოყვანილი ზღვის ზღარბი ლიმონით, ხოლო მეორემ ჩვენ თვითონ შეგვარჩევინა ლანჩისათვის (უზარმაზარი) თევზი და გრილზე მოგვიმზადა, სანამ ჩვენ ზღვაში ვნებივრობდით. ყველანაირი გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ადრიატიკის სანაპირო საუკეთესო ადგილია კუნძულიდან კუნძულზე სამოგზაუროდ და თან არა აქვს მნიშვნელობა, მისი სანაპიროს რომელ მხარეს ხართ.