რატომ უპირისპირდება ილონ მასკი USAID-ს?

რატომ უპირისპირდება ილონ მასკი USAID-ს?

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვის წინადადებას დათანხმდა. თუმცა პრეზიდენტს, ამ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არ აქვს და ამისთვის იურიდიული ან კანონიერი საფუძველი, მათ შორის კონგრესის თანხმობა სჭირდება.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ინფორმაციით, მან პრეზიდენტ ტრამპთან USAID-ის მუშაობის საკითხები გაიარა და საბოლოოდ, მისი დახურვის შეთანხმებამდე მივიდნენ. მასკის განცხადებამდე, ტრამპმა ორგანიზაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთანაც ისაუბრა, USAID-ს რადიკალების მიერ მართული უწოდა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი ჩამოშორების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას [ორგანიზაციის მომავლის შესახებ].

USAID ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სააგენტოა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას საგარეო დახმარებას უწევს. ორგანიზაცია, ბოლო დღეებში, ტრამპის ადმინისტრაციის სამიზნე გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედ პრეზიდენტს მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარების ქვეშ გადაყვანა სურს, ამას კი ზეწოლის ფორმებით ცდილობს: მათ შორის, თანამშრომელთა შემცირებით, ვებგვერდის დახურვით, უცხოური დახმარებების გაყინვითა და ა.შ. ამასთან ერთად, მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სააგენტოს საიდუმლო მონაცემებს უკვე შეისწავლის.

წარსულშიც, ილონ მასკმა ორგანიზაცია არაერთხელ გააკრიტიკა და მას „პოლიტიკურად პარტიზანული“, რადიკალური მემარცხენე და მსოფლიოში ანტიამერიკული მიზნების გამტარებელი უწოდა.

ამ საკითხთან მიმართებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ USAID-ის დაფინანსებების ერთ-ერთი მიმღები თავად მასკის საკუთრებაში არსებული Starlink-ია. გასული ოთხი წლის განმავლობაში, ორგანიზაციამ, ზიმბაბვესა და სამხრეთ აფრიკაში, SpaceX-ის Starlink-ის ტერმინალების განსავითარებლად $1 მილიონი დახარჯა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, უკრაინაში, Starlink-ის 5,000-მდე ტერმინალის გაგზავნაში USAID-ის ჩართულობაა. მათი ღირებულება დაახლოებით $3 მილიონს აღწევდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ნოემბერში, მასკმა პლატფორმა X-ზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიზეზად იმისა, თუ რატომ ვერ შეძლო ამ დრომდე რუსეთმა უკრაინის დაპყრობა Starlink-ი დაასახელა.

მასკისა და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრების განცხადებით, USAID დემოკრატებითაა დაკომპლექტებული და მემარცხენე იდეებს უჭერს მხარს. ტრამპის მრჩევლის, სტივენ მილერის თქმით, სააგენტოს თანამშრომლების 98%-მა მხარი არჩევნებში ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ან სხვა დემოკრატ კანდიდატს დაუჭირა. სპეციალურ მისიებში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, რიჩარს გრენელმა კი, USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი სამანტა პაუერი „გიჟური რადიკალური პროგრამებისა და მემარცხენე აქტივისტების დასაფინანსებლად“ გადამხდელთა ფულის გამოყენებაში დაადანაშაულა.

სააგენტოს დაფინანსებები მაღალია იმ ტიპის ჯგუფებზეც, რომელთა წინააღმდეგაც ამჟამად პრეზიდენტი ტრამპი გამოდის. მათ შორისაა LGBTQ-უფლებები, DEI-პროგრამები, ტრანსგენდერთა უფლებები და ა.შ. USAID-მა განაცხადა, რომ ის ასევე მუშაობდა ათობით ქვეყანასთან კლიმატის კრიზისის დასაძლევად, მაშინ, როდესაც ტრამპმა ინაუგურაციის პირველივე დღეს, განახლებად ენერგიებში დაფინანსებების შემცირება, აშშ-ის „პარიზის ხელშეკრულებიდან“ გამოყვანა და „ეროვნული საგანგებო ენერგეტიკული მდგომარეობა“ გამოაცხადა.

ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რომელიც USAID-ს წაუყენეს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდს უკავშირდება. მასკის მტკიცებით, სააგენტომ მილიონობით დოლარი გადარიცხა EcoHealth Alliance-ში, სამედიცინო ჯგუფში, რომელიც ვუჰანის ლაბორატორიაში, COVID 19-ის წარმოშობის საკითხთანაა დაკავშირებული. EcoHealth-ის პროგრამები ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომლებიც ადამიანებზე ცხოველებიდან ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ „ჯანმომ“ სამედიცინო ჯგუფი ინფორმაციის არასწორად გავრცელების გამო წარსულში რამდენჯერმე გააკრიტიკა, EcoHealth-სა და COVID 19-ის კვლევებს შორის კავშირი არ დასტურდება.

ორგანიზაციის სპიკერმა რობერტ კესლერმა 2021 წელს The New York Times-თან განაცხადა, რომ EcoHealth-ის მიერ შესწავლილი არცერთი ვირუსი არ არის საკმარისად მსგავსი COVID-19-ის, რათა გვქონდეს საფუძველი, ჯგუფი პანდემიის წარმოშობს დავუკავშიროთ.

ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, ბაიდენის კაბინეტი, ღაზაში $50 მილიონი დოლარის ღირებულების პრეზერვატივების გაგზავნაშიც დაადანაშაულა. თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა ამას „გადასახადის გადამხდელთა ფულის უაზრო ფლანგვა“ უწოდა. ბრალდებები ტრამპმაც გააძლიერა და განაცხადა, რომ მასკს აქვს მტკიცებულება, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ „ჰამასისთვის“ $100 მილიონის ღირებულების პრეზერვატივების მიწოდების შესახებაც.

რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც თეთრი სახლის ბრალდებებს დაადასტურებს. The Washington Post-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ღაზასთვის, ჯანდაცვის $50-მილიონიანი დახმარების მიწოდება დაამტკიცა, თუმცა მასში პრეზერვატივები განსაზღვრული არ ყოფილა. ანალოგიურად, USAID-ის მიერ, 2023 ფისკალურ წელს, სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნილი $60.8 მილიონის ღირებულების კონტრაცეპტივებიდან და პრეზერვატივებიდან, ღაზაში აღნიშნული პროდუქტის გაგზავნა არ ფიქსირდება. საინტერესოა ისიც, რომ USAID-ის მეშვეობით, თავად ტრამპის ადმინისტრაციამაც News Literacy Project-ის პროექტის ფარგლებში, უცხოური დახმარების სახით, 2018 წელს $51.5 მილიონის ღირებულების და 2019 წელს $39.1 მილიონის კონტრაცეპტივები გაგზავნა.

ამ დროისთვის ორგანიზაციისა და მის მიერ დაფინანსებული პროგრამების მომავალი გაურკვეველია. კონგრესის კვლევის სამსახურის მონაცემებით, USAID-მა, დაახლოებით 130 ქვეყნის დასახმარებლად, 2023 ფისკალურ წელს ჯამში $43 მილიარდზე მეტი დახარჯა. USAID-ის დაფინანსების უმსხვილესი ბენეფიციარი უკრაინა იყო, რომელმაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ორგანიზაციისგან $46 მილიარდზე მეტი მიიღო. მას მოჰყვება ეთიოპია, იორდანია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სომალი, იემენი, ავღანეთი, ნიგერია, სამხრეთ სუდანი და სირია.

პარალელურად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა სიღარიბესთან და დაავადებებთან ბრძოლა, სტრატეგიულ დახმარებას უწევს მხარეებს საგარეო კონფლიქტების მოგვარებაში და მხარს უჭერს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას. სააგენტოს ყოფილი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ USAID-ის დაფინანსებების შემცირება უარყოფითად იმოქმედებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ებოლას აფეთქებები, გრიპების ეპიდემია და მსოფლიოში აივ-ის მკურნალობა და პრევენცია.