რაციონალური პროექტების არქიტექტორი

რაციონალური პროექტების არქიტექტორი

დაჩქარებული განაშენიანების პარალელურად, სამშენებლო და არქიტექტურულ მომსახურებაზე მოთხოვნა უფრო და უფრო იმატებს, რაც, თავის მხრივ, ბაზარზე კომპანიებს შორის კონკურენციას ზრდის. შექმნილ ვითარებაში კი მთავარი გამოწვევა დამკვეთისთვის, ხარისხის უზრუნველყოფასთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, ეკომეგობრული და გამორჩეული დიზაინის შეთავაზებაა.

უკვე რამდენიმე წელია, ამ მოთხოვნებს ფეხს უწყობს და ქვეყნის არქიტექტურული იმიჯის ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეაქვს „არქპროსტუდიოს“, რომლის დამფუძნებელი ბექა კვირკველია FORBES INFRASTRUCTURE-ს საკუთარი კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, აღნიშნულ სექტორში ბაზარზე არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

რო­გორ და­იწყო არ­ქი­ტექ­ტუ­რის სფე­როს­თან თქვე­ნი და­ახ­ლო­ე­ბა?

იქიდან გამომდინარე, რომ არქიტექტორის ოჯახში გავიზარდე, ამ სფეროსთან ჩემი დაახლოება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. მთავარი მოტივატორი კი მამა, ზაზა კვირკველია გახლდათ. ამ სფეროსთან ბავშვობიდან სიახლოვემ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადამაწყვეტინა, სადაც არქიტექტურის ფაკულტეტზე 100%-იანი დაფინანსებით, უმაღლესი ქულებით მოვხვდი.

რო­დის და­ა­ფუძ­ნეთ კომ­პა­ნია „არქპროსტუდიო“? რა მას­შ­ტა­ბებს მი­აღ­წია მან და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე რიცხვებ­ში?

„არქპროსტუდიო“ 2011 წელს, 19 წლის ასაკში დავაარსე. დაფუძნებიდან დღემდე კომპანიამ 240-მდე პროექტი განახორციელა. ჩვენი დათვლებით, არქიტექტურულ მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 20-25%-ით იმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „არქპროსტუდიოს“ მიერ განხორციელებული პროექტების რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება.

თქვე­ნი პა­სუ­ხი ნიშ­ნავს, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ფა­სე­ბის ზრდის მი­უ­ხე­და­ვად, არ­ქი­ტექ­ტურულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მოთხოვ­ნა არ იკ­ლებს.

დიახ. მართალია, ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ფასების ზრდასთან ერთად საპროექტო მომსახურების საფასურიც იმატებს, თუმცა მოთხოვნა არათუ იკლებს, არამედ საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება.

მა­გა­ლი­თად, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით „არქპროსტუდიოს“ მომ­სა­ხუ­რე­ბა პრო­ცენ­ტუ­ლად რამდე­ნად არის გაზ­რ­დი­ლი?

წინა წელთან შედარებით მიმდინარე წელს არქიტექტურულ მომსახურებაზე ფასები დაახლოებით 30%-ით არის მომატებული. მინდა აღვნიშნო, რომ მატება განსაკუთრებით შესამჩნევი გაზაფხულსა და შემოდგომაზეა.

რა ღირს „არქპროსტუდიოს“ მომ­სა­ხუ­რე­ბა და რას ით­ვა­ლის­წი­ნებს იგი? ძი­რი­თა­დად, რა ტი­პის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ მომ­სა­ხუ­რე­ბას ეწე­ვით?

არქიტექტურული მომსახურების საფასურს დამკვეთებისთვის ინდივიდუალურად ვადგენთ. პირველ რიგში, ვსწავლობთ საპროექტო მიწის ნაკვეთს. საპროექტო ღირებულებას აგრეთვე განსაზღვრავს შენობა-ნაგებობის საპროექტო ფართობი და დანიშნულება.

ჩვენ მომხმარებლებს ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონების არქიტექტურულ მომსახურებას ვთავაზობთ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ „არქპროსტუდიო“ როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის დიზაინზე მუშაობს.

რა არის „არქპროსტუდიოს“ მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა?

„არქპროსტუდიოს“ მთავარ ღირებულებას რაციონალური არქიტექტურული ნამუშევრების შექმნა წარმოადგენს. ეს გულისხმობს შენობა-ნაგებობის ექსტერიერისა და ინტერიერის გონივრულ დაგეგმარებას. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ლანდშაფტის სწორ გამოყენებას, რაც მიზნად ისახავს პანორამული ხედების სრულად ათვისებას, ბუნებრივი განათების პრაქტიკულ გამოყენებასა და სხვა საინტერესო არქიტექტურულ გადაწყვეტებს.

„არქპროსტუდიოს“ მიზანია, ადამიანები კომპანიის მიერ შექმნილ სივრცეში თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობდნენ, სწორედ ამიტომ, პროექტზე მუშაობის ყველა ეტაპზე მომხმარებლების სურვილები და მოთხოვნები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული.

თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ად­გილობ­რივ ბა­ზარ­ზე არ­ქი­ტექ­ტუ­რულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ა?

ადგილობრივ ბაზარზე არქიტექტურული მომსახურების მოთხოვნის მატებასთან ერთად ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს შორის კონკურენციაც იზრდება. თუმცა მსგავსი ტენდენცია ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, ვინაიდან კონკურენციის ზრდა „არქპროსტუდიოს“ სტიმულს აძლევს, ყოველთვის განსხვავებული და გამორჩეული იყოს.

უნდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნისა და კონკურენციის ზრდის პარალელურად დაიხვეწა მომხმარებლების გემოვნებაც, რაც კომპანიებისთვის უფრო მეტ გამოწვევას წარმოქმნის.

რო­მელ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ობს ამ­ჟა­მად „არქპროსტუდიო“? რას მო­ი­ცავს ეს პრო­ექ­ტი?

ამ ეტაპზე ვმუშაობთ დასახლების ხუთ პროექტზე საგურამოში. გამოვყოფ ერთ-ერთ დასახლებას – „საგურამო რეზიდენსს“, სადაც ინვესტორს სრულ მომსახურებას ვუწევთ. აღნიშნული დასახლება გამორჩეულია როგორც არქიტექტურულად, ისე მშენებლობის ხარისხისა და ენერგოეფექტიანობის კუთხით.

დასახლება რვა ინდივიდუალური, თუმცა ერთი სტილის მქონე საცხოვრებელი სახლისგან შედგება. მიწის საერთო ფართი 5,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. კონცეფცია, რომელიც ამ პროექტის, ასევე „საგურამოს ქვის ვილების“ შემთხვევაში გამოვიყენეთ, შეიძლება ითქვას, საქართველოში პირველად განხორციელდა. ამ კონცეფციის დასახლებაში არის როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო სარგებლობის სივრცეები, სადაც ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის გასართობი და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. დასახლება კედლით არის შემოსაზღვრული, რაც დაცულობასა და მშვიდ გარემოს უზრუნველყოფს.

პროექტზე მუშაობისას მთავარ მიზანს დასახლებაში მეგობრული გარემოს შექმნა წარმოადგენდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზანი მიღწეულია. გეგმის მიხედვით, ამ პროექტის მშენებლობის ბოლო ეტაპი 2024 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.

და­ბო­ლოს, სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც გაგ­ვიმ­ხი­ლეთ.

ჩვენი გეგმაა, წელიწადში 200-მდე პროექტის განხორციელება შევძლოთ. ამის პარალელურად კი, კომპანიის მიზანია, მეტი კმაყოფილი დამკვეთი ჰყავდეს. პროექტების რაოდენობის ზრდა, ბუნებრივია, გულისხმობს გუნდის ზრდასაც, რისთვისაც მომავალში მეტი ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მიზნად დასახული გვაქვს, ქვეყნის გალამაზებასა და მისი არქიტექტურის დახვეწაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.