რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი?

რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი?

გასულ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებოდა. ორბანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ორბანმა და ტრამპმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს და გარკვეულ შეთანხმებებსაც მიაღწიეს.

პირველი და უმთავრესი გამარჯვება ორბანისთვის აშშ-ის სასანქციო პოლიტიკის უნგრეთზე გამონაკლისის წესით გავრცელებას ეხება. კერძოდ, უნგრეთი რუსეთისგან ენერგეტიკულ რესურსებს, მათ შორის ბუნებრივ აირს, ნავთობსა და ბირთვულ ენერგიას პრობლემის გარეშე შეისყიდის და მასზე აშშ-ის სანქციები არ გავრცელდება. ამერიკული მხარის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება დროში შეზღუდულია და ერთწლიან გამონაკლისს წარმოადგენს. თუმცა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ შიჟარტოს განცხადებით, შეთანხმება უვადოა.

ევროკომისიის მოთხოვნით ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ რუსეთისგან ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ბირთვული ენერგიის შესყიდვა 2027 წლის ბოლოსთვის უნდა აკრძალოს. თუმცა საინტერესოა, რა გავლენას იქონიებს ტრამპის მიერ ორბანთან გაფორმებული საგამონაკლისო წესი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე.

ტრამპის მიერ უნგრეთისთვის გამონაკლისის გავრცელების მთავარი არგუმენტი უნგრეთის გეოპოლიტიკური მდებარეობაა, რომლის მიხედვითაც, უნგრეთს რუსული ენერგორესურსების ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არგუმენტი თავად უნგრულმა ენერგოკომპანია MOL-მა გააბათილა, როდესაც გასულ კვირას აღნიშნა, რომ ხორვატიიდან, ადრიას მილსადენიდან ნავთობრესურსის შესყიდვა შესაძლებელია, თუმცა ლოგისტიკურ ხარჯებსა და ტექნიკურ რისკებს ზრდის. ამჟამად აღნიშნული კომპანიის ორი მთავარი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ნედლ ნავთობს ურალიდან იღებს.

გარდა ამისა, გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, უნგრეთი რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას და გაზსადენ თურქსტრიმით მიღებას კვლავ გააგრძელებს. თუმცა Bloomberg-ის თანახმად, ორბანი $600 მილიონის ღირებულების ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვასაც დათანხმდა.

ორბანმა მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. კერძოდ, უნგრეთი აშშ-ისგან $114 მილიონად ბირთვული საწვავის სადენებს შეიძენს, რომელთაც Paks 1 ბირთვულ ენერგოსადგურზე გამოიყენებს. მსგავსი სადენები უნგრეთმა რუსეთისგან და საფრანგეთისგანაც შეიძინა. გარდა ამისა, აშშ-ისგან ყველა ბირთვული სანქციის მოხსნით უნგრეთს Paks 2 ბირთვული ენერგოსადგურის პროექტის დასრულების შესაძლებლობაც უჩნდება.

დამატებით, უნგრეთი აშშ-ისგან 10 პატარა ბირთვულ რეაქტორს შეიძენს, რისი ღირებულებაც $10-დან $20 მილიარდამდე იქნება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.