რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და სი ძინპინი ტარიფებსა და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით?

რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და სი ძინპინი ტარიფებსა და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით?

ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების პირობები გაასაჯაროვა. მათი შეხვედრის უმთავრესი მიზანი აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის დეესკალაცია, მათ შორის აშშ-ის ტარიფების შემცირება და იშვიათ მიწამეტალებზე ჩინეთის შეზღუდვების შემსუბუქების განხილვა იყო.

სი ძინპინსა და ტრამპს შორის შეხვედრის ერთ-ერთი მიღწევა სავაჭრო შეზღუდვების ამოქმედების კიდევ გაურკვეველი პერიოდით გადავადებაა. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-მ ჩინეთისთვის ფენტანილთან დაკავშირებული საქონლის იმპორტზე დაწესებული ტარიფები 20%-ით, 10%-მდე შეამცირა. ამით კი მთლიანობაში ჩინური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული 57%-იანი ტარიფები 47%-მდე შემცირდა.

მხარეებს შორის შეთანხმებით, ჩინეთმა ერთი წლით შეაჩერა იშვიათ მიწამეტალებსა და მაგნიტებზე დაწესებული საექსპორტო კონტროლი. აღნიშნული მინერალები ფართოდ გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, ავიაცისა და შეიარაღების ინდუსტრიაში და ის ჩინეთისთვის ვაშინგტონთან სავაჭრო ომში დიდ ბერკეტს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ჩინეთი ამერიკული კომპანიებისა და მომხმარებლებისათვის იშვიათი მიწამეტალების, გალიუმის, გერმანიუმისა და გრაფიტის ექსპორტისთვის გენერალურ ლიცენზიას გამოსცემს.

სი ძინპინი და ტრამპი ჩინეთის მიერ 4 მარტს აშშ-ისთვის დაწესებული საპასუხო ტარიფების შეჩერებაზეც შეთანხმდნენ. აღნიშნული საპასუხო ტარიფები ამერიკულ ქათამს, ხორბალს, სიმინდს, ბამბას, სოიას, ღორის ხორცს, საქონლის ხორცს, ზღვის პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებს ეხებოდა. გარდა ამისა, სი ძინპინი შეაჩერებს ყველა არასატარიფო კონტრზომას, რომელიც აშშ-ის წინააღმდეგ 4 მარტის შემდეგ მიიღეს.

სანაცვლოდ დონალდ ტრამპმა ერთი წლით შეაჩერა აკრძალვა, რომელიც კომერციის დეპარტამენტის შავ სიაში მყოფ ჩინურ კომპანიებს ამერიკული ტექნოლოგიების შესყიდვას უკრძალავდა, მათ შორის – ნახევარგამტარების.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.