იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, მათი დაფასებისა და ამ პროფესიის პოპულარიზაციისთვის, წელს უკვე მეცხრედ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კონკურსს ატარებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 30 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკაციის შევსება და ნომინანტის წარდგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვებგვერდზე – tprize.ge. მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსანტებს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებს და გამარჯვებულს მიღწეული შედეგების მიხედვით ადგენს. ამ სტატიაში ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ჯილდოს დამფუძნებელი, ირინა ხანთაძე პედაგოგებს რჩევებს უზიარებს.
პირველ რიგში, ირინა მასწავლებლებს ურჩევს, აპლიკაციის შევსებას ისე მიუდგნენ, როგორც სავარჯიშოს, რომლითაც მათი შრომისა და გამოცდილების თვითშეფასებას გააკეთებენ. მისი თქმით, თუ პედაგოგებს ეს დამოკიდებულება ექნებათ, პროცესი მათთვის სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც.
კიდევ ერთი რჩევაა, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციის შევსებას განგრძობადი და სათანადო დრო დაუთმონ. სასურველია, ცალკეული სექციები ერთიანად კი არ შეავსონ, არამედ ეტაპობრივად – რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, დაფიქრდნენ თითოეულ ნაწილზე და უკეთ შეავსონ განაცხადი.
აპლიკაციის შევსების დროს სასურველია, ყურადღება გაამახვილოთ…
„ჟიურის აინტერესებს მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობა, რა მეთოდებს იყენებს, რამდენად ცდილობს მისი მიდგომები მრავალფეროვანი იყოს. ხშირად ვამბობთ, რომ არ არის რეკომენდებული აპლიკაციაში უბრალოდ მეთოდების ჩამონათვალი შემოგვთავაზონ – გრძელი ჩამონათვალი არ არის არც დამაჯერებელი და არც მრავლის მთქმელი. უმჯობესია, იმსჯელონ მათი გამოცდილებიდან, სუბიექტური პროფესიული რწმენებიდან გამომდინარე, რას აქცევენ ყურადღებას, რა კრიტერიუმით არჩევენ მეთოდებს, ამ პროცესში როგორ გავლენას ახდენს მათზე კონტექსტი“, – ამბობს ირინა ხანთაძე.
მისი განმარტებით, ჟიურის რეალურ ინფორმაციას აძლევს მასწავლებლის მხრიდან იმის ჩვენება, თუ რა პრობლემებს ხედავს იმ გარემოში, სადაც მუშაობს და შესაბამისად, რა მეთოდის გამოყენება გადაწყვიტა, რომ მოსწავლეებს კონკრეტული გამოწვევის დაძლევაში დაეხმაროს; როცა ინოვაცია შეაქვს, როგორ ნერგავს მას და სხვა.
„მაგალითად, საინტერესოა, რამდენად მიმართავს მოქნილ ინდივიდუალურ მეთოდებს, თუ რამდენიმე კლასს ასწავლის, როგორ აფასებს ცალკეული კლასის საჭიროებას, რა სტრატეგიებს იყენებს, რომ გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს თითოეულ მოსწავლეს… ჟიურისთვის მნიშვნელოვანია, კონკურსანტმა ეს აქცენტები წარმოგვიჩინოს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.
აპლიკაციის კიდევ ერთი სექცია მოსწავლეთა შედეგებს ეხება. ამიტომ, მასწავლებლებს ურჩევს, ეცადონ, ეს ნაწილი არ დაემსგავსოს მათი პედაგოგიური საქმიანობის რუტინულ აღწერას:
„ჟიურის წევრებს მოლოდინი გვაქვს, რომ აპლიკანტი წარმოაჩენს, თუ მისი მოსწავლეები რა შედეგზე გადიან, როგორც აკადემიურად, ისე პიროვნული განვითარების ან მოტივაციის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტმა ამ სექციაში იმსჯელოს თუ რა იცვლება მოსწავლეების დონეზე მათი ძალისხმევის შედეგად. ის კი არ მოგვიყვეს, თუ რას აკეთებს თავად, არამედ გაგვიზიაროს, თუ რა ცვლილებას აღწევს მოსწავლეთა შემთხვევაში, როგორ აკვირდება ამ ცვლილების პროცესს, საიდან იღებს შესაფასებლად საჭირო ინფორმაციას და შესაბამისად, როგორ აფასებს განხორციელებულ პროგრესს“.
აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკაციაში მასწავლებლები სიტყვების რაოდენობაში შეზღუდულები არიან, შესაბამისად, უმჯობესია პირადი მიღწევების ჩამონათვალის, კონკრეტული ფაქტების, წყაროების გასაზიარებლად ბოლო სექცია გამოიყენონ:
„რაც შეეხება უშუალოდ მათ გამოცდილებას, რა ტიპის პროექტები გაუკეთებიათ, რა ტიპის ტრენინგები ჩაუტარებიათ თუ მიუღიათ მონაწილეობა, ამ ტიპის ინფორმაციისთვის აპლიკაციას ბოლოში აქვს შესაბამისი ცალკე სექცია, სადაც შეუძლიათ მიუთითონ როგორც ჩამონათვალი, ასევე ბმულები – მაგალითად, თუ აქვთ რაიმე სახის ნაშრომები, გამოცემები, მასალა ან ბლოგი გამოქვეყნებული“.
ირინა ხანთაძის თქმით, სასურველია აპლიკანტმა აქცენტი ბოლო წლების გამოცდილებაზე გააკეთოს, ხოლო უფრო შორეული წარსულიდან მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბროს, რომელიც დღესაც რეზონანსულია.
„რაც შეეხება ინტერვიუსთვის მომზადებას, ვფიქრობ, არ უნდა იღელვონ, რადგან ჟიური ყოველთვის კეთილგანწყობილია კონკურსანტების მიმართ. ეს არ არის მათი პროფესიული ცოდნის დადასტურების ინტერვიუ, არავინ არ სვამს შესამოწმებელ კითხვებს. მათ უბრალოდ უნდა გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება, ხედვები. ამ ფორმატში მათ შესაძლებლობა აქვთ განავრცონ აპლიკაციაში მოცემული ინფორმაცია“, – ამბობს ირინა.
„ამასთან, ხაზგასასმელია, რომ წლების განმავლობაში კონკურსმა მოიპოვა საზოგადოებისა და პედაგოგიური წრეების ნდობა. დღეს მასწავლებლის ჯილდო წარმოადგენს გამორჩეულ და ყველაზე პრესტიჟულ პროფესიულ აღიარებას, რომელიც რეალურად ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის გაძლიერებასა და განათლების მნიშვნელობის გამოკვეთას.“
ინტერვიუს დასასრულს, ირინა ხანთაძე მოქალაქეებსაც მოუწოდებს, არ დაიზარონ პედაგოგების მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა და ამ ფორმით გამოხატონ მათ მიმართ მადლიერება და მხარდაჭერა.
„გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ძალიან ბევრმა გამორჩეულმა პედაგოგმა, რომელიც ამ ჯილდომ გამოავლინა და წარუდგინა საზოგადოებას, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წარდგენები მათთვის იყო მნიშვნელოვანი ბიძგი, მამოტივირებელი ფაქტორი.
ამიტომ, თუ გეგულებათ გამორჩეული პედაგოგი თქვენ სამეზობლოში, სამეგობროში, სკოლაში, სადაც თქვენი შვილი დადის ან შვილიშვილი სწავლობს, გაიგეთ მისი პროფესიული ელ. ფოსტა და გააკეთეთ მისი წარდგენა ონლაინ“ – ამბობს ირინა.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
S