Real Madrid-ი, აქციების გასაყიდად, შვილობილი კომპანიის შექმნას განიხილავს

Real Madrid-ი, აქციების გასაყიდად, შვილობილი კომპანიის შექმნას განიხილავს

Real Madrid-ი შვილობილი კომპანიის შექმნას განიხილავს, რომელიც გარე ინვესტორებს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბში დაახლოებით 5%-იანი წილის შეძენის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ესპანური კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კვირას, ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

პერესის ინფორმაციით, წინადადებისთვის ხმის მისაცემად, Real Madrid-ის წევრებს უახლოეს პერიოდში რიგგარეშე საერთო კრებაზე მიიწვევენ. საკუთრების ამჟამინდელი მოდელი უცვლელი დარჩება, თუმცა, როგორც კლუბის პრეზიდენტი აღნიშნავს, წევრობას ახლა „რეალური და ხელშესახები ღირებულება“ ექნება. „ინვესტორმა – ან ინვესტორებმა – პატივი უნდა სცენ ჩვენს ღირებულებებს, ხელი შეუწყონ კლუბის ზრდას და დაგვეხმარონ გარე თავდასხმებისგან ჩვენი აქტივების დაცვაში“, -განაცხადა მან.

სხვა ესპანური კლუბების მსგავსად, Real Madrid-საც წევრობის მოდელი აქვს. კლუბის დაახლოებით 2,000 წევრი ყოველწლიურ შეხვედრაზე დელეგატებად ირჩევა. შეხვედრაზე მათ კლუბის პრეზიდენტის არჩევა, წლიური ანგარიშების განხილვა და მათი წესდების შეცვლის თაობაზე ხმის მიცემა შეუძლიათ.

Deloitte-ის მონაცემებით, Real Madrid-ი მსოფლიოში ერთადერთი საფეხბურთო კლუბია, რომლის წლიური შემოსავალი 1 მილიარდ ევროს აღემატება. კვირას პერესმა განაცხადა, რომ 2024/2025 წლების სეზონის შემოსავალი 1.19 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, ხოლო გადასახადების შემდეგ მოგება 56%-ითაა გაზრდილი და 24.3 მილიონ ევროს აღწევს. Forbes-ის შეფასებით, Real Madrid-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კლუბია, $6.75 მილიარდის შეფასებით.