იმისთვის, რომ სტარტაპმა წარმატებას მიაღწიოს და მისმა გუნდმა სტარტაპერებისთვის საჭირო გამოცდილება და ცოდნა მიიღოს, არსებობს აქსელერაციის პროგრამები. ისინი სტარტაპებს უხსნიან იმ ბევრ და დიდ შესაძლებლობას, რომელთა დამოუკიდებლად მისაღწევად, სავარაუდოდ, მათ უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდებოდათ.
ერთ-ერთი ასეთი გლობალური და დიდი აქსელერატორია 500 Global-ი, რომელიც GITA-ს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მეშვეობით, რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც შემოვიდა. ქართულ სტარტაპებს კი საშუალება მიეცათ, ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება მოეგროვებინათ აქსელერაციის ფარგლებში.
გადავწყვიტეთ, 500Georgia-ს გამარჯვებულებთან გვესაუბრა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს აქსელერაციას სტარტაპებისთვის და რა ცვლილებები მოუტანა მათ 500 Global-მა.
ზურა ბაკურაძე, Cardeal: „ქარდილის წარმატებაში 500 გლობალს გადამწყვეტი როლი უჭირავს. და ზოგადად, როდესაც ქარდილზე ვსაუბრობთ, ვყოფთ ხოლმე პერიოდს – ქარდილი 500 გლობალამდე და ქარდილი 500 გლობალის შემდეგ, რადგან რეალური ზრდა სწორედ აქსელერაციის პროგრამის შემდეგ დავიწყეთ. ამას კი ციფრები და მეტრიკები მარტივად ადასტურებს.“
მიშო ზღულაძე, Kernel: „აქსელერაცია სტარტაპის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა, გარკვეული ეტაპები გამოტოვო და 1 წლისთვის განსაზღვრული გზა ბევრად უფრო სწრაფად, სულ რამდენიმე თვეში გაიარო. კონკრეტულად კერნელის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, სტარტაპის დაწყებიდან ზუსტად 2 თვეში საერთაშორისო ბაზარზე გასვლა მოვახერხეთ, რისთვისაც სხვა შემთხვევაში წლები დაგვჭირდებოდა.“
გიორგი ჩუგოშვილი, Phubber: „პირველ რიგში, აქსელერაცია ძალიან მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნის დაგროვების საშუალებაა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც სტარტაპის გასაზრდელადაა საჭირო. ასევე, ამ დროს მთლიანი გუნდი ერთიანდება საიმისოდ, რომ ეს ცოდნა გაითავისოს და მისი გამოყენებით მიაღწიოს კომპანიის სწრაფ ზრდას. გარდა ამისა, სხვა სტარტაპებზე დაკვირვება და მათთან ცოდნის გაზიარება, კონტაქტების შეძენა და წვდომა იმ საერთაშორისო კომუნასთან, რაც 500 გლობალს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები და უპირატესობებია.“
ვანო ჩალაძე, Cargon: „აქსელერაცია ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამ პროცესში მთელი კონცენტრაცია სტარტაპის ზრდისკენაა მიმართული. მენტორები აქტიურად გეხმარებიან, გადაჭრა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც შენს სტარტაპს აქვს. და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქსელერაციის პერიოდში ხვეწ და ავითარებ Product Market Fit-ს.
500 გლობალი ამ კუთხით ერთ-ერთი წამყვანი აქსელერატორია. აქ ძალიან კარგი მენტორები არიან სხვადასხვა დარგის მიმართულებით, რომლებმაც ძალიან წარმატებულად გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.“
როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა ბიზნესის მართვის კუთხით?
ზურა ბაკურაძე, Cardeal: ეს არ იყო მხოლოდ რაიმე კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული პროგრამა, ცვლილება და გაუმჯობესება შეეხო თითქმის ყველა მიმართულებას, იქნება ეს: მარკეტინგი, გაყიდვები, პროდუქტის განვითარება, ინვესტიციები თუ ნებისმიერი სხვა; და რაც მთავარია, მენტორები ჩვენთან ერთად მუშაობდნენ კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად.
მიშო ზღულაძე, Kernel: ჩვენი ხედვა ბიზნესის მართვის კუთხით უფრო მასშტაბური გახდა – უფრო ფართოდ დავიწყეთ ფიქრი გლობალურ ბაზრებზე. სხვანაირად აღვიქვით, რა უნდა ყოფილიყო კომპანიის განვითარების ტემპი იმისთვის, რომ სტარტაპს წარმატებისთვის მიეღწია.
გიორგი ჩუგოშვილი, Phubber: ჩვენი ხედვა მნიშვნელოვნად შეიცვალა იმ მხრივ, რომ სხვანაირად დავუწყეთ ყურება პროცესებს, შევცვალეთ ხედვა პრიორიტეტების დალაგების მიმართ და გადაწყვეტილების მიღების მხრივ. ორ რაღაცას, რასაც აქსელერაციის პროცესში სულ გიმეორებენ, არის ის, რომ, ახლოს უნდა იყო შენს მომხმარებელთან და გასწავლიან, ეს როგორ უნდა მოახერხო. ხოლო მეორეა ციფრებით გადაწყვეტილების მიღება – კერძოდ, მონაცემების შეგროვება და მათი ანალიზი. სწორედ ამ ორი მიმართულებით დავიწყეთ სხვანაირად ფიქრი.
ვანიკო ჩალაძე, Cargon: პირველ რიგში, უფრო გლობალურად დავიწყეთ პრობლემის აღქმა და მისი გადაჭრის გზის ძიება. ასევე, შეიცვალა მიდგომა გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით და გავხდით უფრო სწრაფები ამ საკითხში. დავიწყეთ მეტი ექსპერიმენტის კეთება, რაც სტარტაპის განვითარებისთვისა და Product Market Fit-ის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ გაიზარდა თქვენი კომპანიის ღირებულება?
ზურა ბაკურაძე, Cardeal: 500 გლობალის დასრულების შემდეგ, კომპანიის ღირებულება საშუალოდ ექვსჯერ გაიზარდა.
მიშო ზღულაძე, Kernel: იმ პერიოდისთვის, როდესაც აქსელერაციის პროგრამაში ჩავერთეთ, კერნელი ადრეულ სტადიაზე იმყოფებოდა. ფაქტობრივად, კომპანიის ღირებულება 0 იყო. 2 წლის შემდეგ კი ასეთი შედეგი გვაქვს – სტარტაპი ბოლო საინვესტიციო რაუნდში 3 მილიონ დოლარად შეფასდა.
გიორგი ჩუგოშვილი, Phubber: ჩვენი კომპანიის ღირებულება აქსელერაციის შემდეგ დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა.
რამდენ ქვეყანაში გახვედით?
ზურა ბაკურაძე, Cardeal: ჩვენი კომპანიის პრიორიტეტი თავიდანვე შიდა ბაზრის წილის ზრდა იყო, რადგან საქართველო ავტომობილების ვაჭრობის კუთხით რეგიონალური ჰაბია; თუმცა, რამდენიმე თვის წინ, სატესტოდ გავედით აზერბაიჯანის ბაზარზე.
მიშო ზღულაძე, Kernel: საქართველოს გარდა, ამჟამად კერნელი ინდოეთსა და ფილიპინებში ოპერირებს. ასევე, დატესტილი გვაქვს ნიგერიის, პაკისტანისა და ტაილანდის ბაზრები.
გიორგი ჩუგოშვილი, Phubber: ვართ უკრაინაშიც, თუმცა ომმა ცოტა შეგვაფერხა. ასევე, რეგისტრირებულები ვართ უზბეკეთსა და ყაზახეთში. ამჯერად კი, ვიწყებთ აქტივობებს აზერბაიჯანში.
ვანო ჩალაძე, Cargon: ამ ეტაპზე საქართველოს გარდა, ვართ სომხეთშიც.
რამდენი ინვესტორი გყავთ დღეს?
ზურა ბაკურაძე, Cardeal: ქარდილი უკვე 1 წელია, მოგებაზე მუშაობს და აქტიურად არ ვეძებთ ახალ ინვესტორებს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ 500 გლობალის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ვალიდაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვეტორებთან და პარტნიორებთან. ჯამში ამ ეტაპზე 2 ინვესტორი გვყავს.
მიშო ზღულაძე, Kernel: უკვე 11 ინვესტორი გვყავს.
ვანო ჩალაძე, Cargon: დღესდღეობით 5 ინვესტორი გვყავს.
გიორგი ჩუგოშვილი, Phubber: ამ ეტაპზე გვყავს 4 ინვესტორი.
რამხელა გუნდი გაქვთ?
ზურა ბაკურაძე, Cardeal: დღეს ქარდილში 14 თანამშრომელია.
მიშო ზღულაძე, Kernel: ამ ეტაპზე 12 ადამიანისგან შემდგარი გუნდი ვართ, მათგან თითო ადგილობრივი წარმომადგენელი გვყავს ინდოეთსა და ფილიპინებში.
გიორგი ჩუგოშვილი, Phubber: 31 ადამიანი საქართველოში, 4 – უკრაინაში.
ვანიკო ჩალაძე, Cargon: 35 ადამიანისგან შედგება ჩვენი გუნდი.
და ბოლოს, რა ოდენობის მომხმარებლები გყავთ?
ზურა ბაკურაძე, Cardeal: მომხმარებლების რაოდენობის კუთხით, გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა – ჯამში 600%-ით გავიზარდეთ მას შემდეგ, რაც 500 გლობალის პროგრამა დავამთავრეთ. დღეს ქარდილი 400-ზე მეტ დილერს და 200 000 ათასზე მეტ პლატფორმის ყოველთვიურ მომხმარებელს აერთიანებს.
მიშო ზღულაძე, Kernel: საქართველოს, ინდოეთისა და ფილიპინების ბაზარზე ჯამში 50 000 მომხმარებელი გვყავს.
გიორგი ჩუგოშვილი, Phubber: 165 000 რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს ამ ეტაპზე.
ვანიკო ჩალაძე, Cargon: აქსელერაციის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა და დღესდღეობით დაახლოებით 300-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და 3000 უცხოელზე მეტი დარეგისტირებული პლატფორმაზე.
500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის პირველი ორი ნაკადის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში.
მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, 500 Global-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. პირველად სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა. 2020-2021 წლის განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი – CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs – სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა. ახალ, 4 წლიან თანამშრომლობას ხელი კი სულ რამდენიმე დღის წინ მოეწერა და 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალი ტალღაც დაიწყო. პროგრამის ახალი ნაკადის მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო და ის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://500.co/accelerators/500-georgia/apply