ამერიკული სოციალური პლატფორმა Reddit-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სტივ ჰაფმანი, Forbes-ის მილიარდერთა სიაშია. ჰაფმანის სიმდიდრის ზრდა კომპანიის მიერ რეკორდული ფინანსური მოგების გამოქვეყნებას მოჰყვა, რის შედეგადაც Reddit-ის დამფუძნებლის ქონებამ $1.2 მილიარდს მიაღწია.
ხუთშაბათს გამოქვეყნებული ფინანსური შედეგების თანახმად, ამერიკულმა სოციალურმა პლატფორმამ ზედიზედ მეხუთე კვარტალში მოგება დააფიქსირა, წმინდა შემოვალმა ყველა დროის მაქსიმუმს, $163 მილიონს მიაღწია, ხოლო Reddit-ის აქციების ღირებულება წლიურ ჭრილში 75%-ითაა გაზრდილი და $208.95-ს უტოლდება.
41 წლის ჰაფმანმა Reddit-ი 2005 წელს, ალექსის ოჰანიანთან ერთად დააარსა, მომდევნო წელს კი Condé Nast-ს მხოლოდ $10 მილიონად მიჰყიდა. თითქმის ათი წლის შემდეგ, 2015 წელს, Reddit-მა ჰაფმანი კომპანიის რეორგანიზაციისთვის დააბრუნა. ჰაფმანის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 12 მილიონიდან 116 მილიონზე ავიდა. პარალელურად კი, Reddit-მა, Google-თან ($60 მილიონი) და OpenAI-თან ($70 მილიონი) AI-ინფრასტრუქტურაზე გარიგებების წყალობით, შემოსავლების დივერსიფიკაცია მოახდინა.
Reddit-ის აქციები საჯაროდ გასული წლის მარტში დაილისტა. უახლესი მონაცემებით, ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $39.59 მილიარდს უტოლდება. თავად ჰაფმანი Reddit-ის 3.1 მილიონ აქციას ფლობს, რაც ფირმის დაახლოებით 2.1%-ია.
















