ორბი ჯგუფის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და Block Group-ის მმართველი პარტნიორი თორნიკე ჯანაშვილი თბილისის ცენტრში მასშტაბურ, 500 მილიონი დოლარის ღირებულების ურბანულ პროექტს ახორციელებენ. Central Park Towers-ი გლობალურ პრემიუმ-ბრენდებს ერთ სივრცეში გააერთიანებს და, პროექტის ავტორების თქმით, დედაქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
2027 წლის მესამე კვარტალში ყაზბეგის ქუჩაზე Central Park Towers-ი გაიხსნება — ორი 42-სართულიანი კოშკით, 1200-მდე სასტუმრო ნომრითა და დაახლოებით 140,000 კვ/მ ინფრასტრუქტურით. პროექტი კავკასიაში პირველი ინტეგრირებული რეზორტი იქნება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სასტუმრო, სავაჭრო, გასართობ და ღონისძიებების მიმართულებებს.
Central Park Towers-ის პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად შემოდის არაერთი გლობალური პრემიუმ-ბრენდი — მათ შორის Harvey Nichols-ი, Chotto Matte, Beefbar-ი და Café Angelina. Forbes Georgia „ორბი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი კვერღელიძესა და Block Group-ის მმართველ პარტნიორს, თორნიკე ჯანაშვილს პროექტის კონცეფციაზე, უნიკალურ საინვესტიციო მოდელსა და გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობაზე ესაუბრა.
როგორ გადაიკვეთა Orbi Group-ისა და Block Group-ის გზები და რატომ გადაწყვიტეთ პროექტის ერთად განხორციელება?
ირაკლი კვერღელიძე: Central Park Towers-ი ჩვენი კომპანიისათვის არაერთი კუთხით არის საეტაპო — აქამდე თბილისში არ გვქონია პროექტი და ამ შესაძლებლობისათვის შესაბამის პარტნიორს ვეძებდით. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ Block Group-ს უკვე ჰქონდა სათანადო მიწის აქტივები და გამოცდილება საინვესტიციო და სასტუმრო მიმართულებით. იდეალური კოლაბორაცია გამოგვივიდა: ჩვენი დეველოპერული ცოდნისა და მათი სტრატეგიული ხედვის გაერთიანებით სწორედ ის სინთეზი მივიღეთ, რაც ასეთი ტიპის კომპლექსის შექმნას სჭირდება.
თორნიკე ჯანაშვილი: პროექტი მოიცავს ორივე კომპანიის გამოცდილებას, კაპიტალსა და ძლიერ მხარეებს. Block Group-ისათვის ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება გარდამტეხი ნაბიჯია, რითაც გრძელვადიანი აქტივების შექმნაზე გადავდივართ, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისა და რეგიონისთვის.
რატომ აირჩიეთ ინტეგრირებული რეზორტის მოდელი ტრადიციული პრემიუმ-სასტუმროს ან საცხოვრებელი პროექტის ნაცვლად?
თორნიკე ჯანაშვილი: თავიდანვე შეგნებულად ვთქვით უარი ერთფუნქციური პროექტის მოდელზე. გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ მსგავსი ფორმატის პროექტები შედარებით იშვიათია როგორც რეგიონში, ისე — ევროპულ ბაზრებზე. ინტეგრირებული რეზორტის შემადგენელი კომპონენტების გაერთიანებით (საცალო ვაჭრობა, სათამაშო ბიზნესი, პრემიუმ-კლასის საკვები დაწესებულებები, სასტუმროები, ღონისძიებების დარბაზი, ღამის კლუბები, სპა- და ბიჩ-კლუბი) შესაძლებლობა გვაქვს შევქმნათ სივრცე, რომელიც მოიზიდავს ტურისტებს, საერთაშორისო ინვესტორებს და რეგიონში პრემიუმ-ბაზრის განვითარებას განსაზღვრავს. შერჩეული მოდელი არა მხოლოდ ფინანსურ და ოპერაციულ წარმატებას უზრუნველყოფს, არამედ ქალაქისთვისაც მნიშვნელოვან სტრატეგიულ აქტივს ქმნის.
ეს არის ავტონომიური ეკოსისტემა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბიზნესს, გართობასა და კულტურულ სივრცეებს. ადამიანს არ სჭირდება კომპლექსის დატოვება სრულყოფილი გამოცდილებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იზოლაციას — პირიქით, ინტეგრირებული რეზორტი ქალაქის ბუნებრივი ნაწილი ხდება და მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
ირაკლი კვერღელიძე: დღეს საქართველოში მაღალი კლასის ღონისძიებებისა და სტუმარმასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შეზღუდულია. მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებები ხშირად ალტერნატიულ სივრცეებში ტარდება. Central Park Towers-ში გათვალისწინებულია 350-ზე მეტი Suite-ის ტიპის ნომერი, ასევე მრავალფუნქციური დარბაზები, რაც საშუალებას იძლევა, მაღალი დონის სტუმრებს ვუმასპინძლოთ და სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები ჩავატაროთ. ინტეგრირებული რეზორტის მოდელით ერთგვარ მიზიდულობის ცენტრს ვქმნით ქალაქისა და ქვეყნისათვის.
პროექტი აერთიანებს ისეთ გლობალურ ბრენდებს, როგორებიცაა Harvey Nichols-ი, Radisson Blu, Chotto Matte, Beefbar-ი და Café Angelina. ეს ბრენდები აქამდე საქართველოში არ ოპერირებდნენ. რთული იყო მათი დარწმუნება, რომ საქართველოს ბაზარზე სწორედ ამ პროექტით შემოსულიყვნენ?
თორნიკე ჯანაშვილი: პროექტის საწყის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ გუნდის დაკომპლექტებას სხვადასხვა მიმართულებით, იქნებოდა ეს საცალო ვაჭრობა, სტუმარმასპინძლობა, კვება, გართობა თუ ღონისძიებები. პროცესში ჩართული იყვნენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტები. სწორედ ამ გუნდთან ერთად დავიწყეთ ბრენდებთან პირველი კომუნიკაცია.
მთავარი კრიტერიუმი იყო ბრენდების პოზიციონირება და ხარისხის სტანდარტები. საუბარია არა მასობრივ ბაზარზე მომუშავე კომპანიებზე, არამედ ისეთ ბრენდებზე, რომლებიც ახალ ბაზრებს განსაკუთრებული სიფრთხილით ირჩევენ. ბევრ მათგანს არა აქვს წარმომადგენლობა არც პოსტსაბჭოთა სივრცეში და არც — აღმოსავლეთ ევროპაში.
ირაკლი კვერღელიძე: ეს ბრენდები ძირითადად წარმოდგენილნი არიან დასავლეთ ევროპის, აშშ-ისა და ცალკეული საკურორტო ქალაქების ბაზრებზე. ამ კონტექსტში მათ რუკაზე თბილისის დამატება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და ამ ყველაფერს წინ მოლაპარაკების მრავალთვიანი პროცესი უძღოდა. თითოეული ბრენდი არჩეულ იქნა არა მხოლოდ საერთაშორისო რეპუტაციის, არამედ მისი უნიკალური ბრენდინგის, მომსახურების სტანდარტებისა და ქართული ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველზე.
Harvey Nichols-ის შემოსვლით საქართველოში პირველად გაიხსნება პრემიუმ-კლასის უნივერმაღი (Department Store). როგორ შეცვლის ეს საცალო ვაჭრობის ბაზარს ქვეყანაში?
თორნიკე ჯანაშვილი: Harvey Nichols-ი ბრიტანული პრემიუმ-კლასის უნივერმაღების ქსელია, რომელიც 1831 წელს დაარსდა და თავისი სეგმენტის ცალსახა ლიდერია. ეს არის ბრენდი, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს თითოეულ ლოკაციას, შესაბამისად, მისი თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე მკაფიო სიგნალია სხვა მაღალი კლასის მოთამაშეებისათვის.
ირაკლი კვერღელიძე: ბოლო წლებში გაზრდილია მოთხოვნა პრემიუმ-პროდუქციაზე და ჩვენი ქვეყანა უკვე მზად არის ისეთი პრესტიჟული ბრენდებისათვის, როგორიც Harvey Nichols-ია. ამ უნივერმაღის ფარგლებში ჩვენს ვიზიტორებს წვდომა ექნებათ 220-ზე მეტ გლობალურ უმაღლესი კლასის ბრენდზე, რაც გარდამტეხი ცვლილება იქნება ქვეყნის საცალო ვაჭრობის მიმართულებისათვის.
საქართველოს ამბიცია რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბებაა. რა უპირატესობები აქვს თბილისს სხვა კონკურენტულ ქალაქებთან შედარებით?
თორნიკე ჯანაშვილი: ამ კუთხით ჩვენი კონკურენტები ალბათ ისეთი გლობალური ცენტრებია, როგორიცაა დუბაი და სტამბოლი, თუმცა ამ ბაზრებისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე გაჯერებულია, თბილისი საინვესტიციო კუთხით უფრო პერსპექტიულია. ამას პრაქტიკაშიც ვხედავთ: თურქი ინვესტორები აქტიურად ერთვებიან ჩვენს პროექტებში. მსგავსი ლოგიკა მოქმედებს დუბაის შემთხვევაშიც — იქ შესვლის ბარიერი ფინანსური კუთხით ბევრად მაღალია, ხოლო საქართველოში შესაძლებელია პროექტში ადრეულ ეტაპზე შესვლა და აქტივის ღირებულების დაფიქსირება. ის პარტნიორები თუ ოპერატორები, რომლებიც ჩვენთან დუბაისა და სხვა გლობალური ცენტრების ბაზრებიდან ჩამოდიან, ხშირად სასიამოვნოდ გაოცებულები რჩებიან ჩვენი მშენებლობის დონითა და ხარისხით. ხელს გვიწყობს ასევე მოქნილი რეგულაციური გარემო და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. გარდა ამისა, მთელი რეგიონის მასშტაბით ფაქტობრივად არ არსებობს ინტეგრირებული რეზორტისა და „ქალაქი ქალაქში“ ფორმატის პროექტები.
ირაკლი კვერღელიძე: ცხადია, გეოგრაფიული უპირატესობაც გვაქვს. პირდაპირი ავიამიმოსვლები საშუალებას იძლევა, მოკლე დროში მივწვდეთ ძირითად რეგიონებს. ხუთსაათიანი ფრენის რადიუსში 3 მილიარდ მოსახლეობას მოვიცავთ. თბილისი ისტორიულად ბუნებრივ შემაკავშირებელ ცენტრს წარმოადგენს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
2025 წლის დეკემბერში თქვენ თეთრ სახლში იმყოფებოდით პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის მოწვევით. როგორ მოხდა ეს მოწვევა და რას ნიშნავს ეს ამბავი ქართული ბიზნესისთვის?
ირაკლი კვერღელიძე: თეთრ სახლში დახურულ საშობაო ღონისძიებას დავესწარით. . მოწვევა მოგვივიდა ჩვენი მრავალწლიანი ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის, მარკ ედვენტის მეშვეობით, რომელიც ამ საღამოს თანაორგანიზატორი იყო. ედვენტი საერთაშორისო რანგის დეველოპერია გართობისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში და ცნობილია ისეთი ლეგენდარული პროექტებით, როგორიცაა, მაგალითად, New York New York Hotel & Casino ლას-ვეგას-სტრიპზე.
დახურულ საშობაო ღონისძიებას 150-ზე ნაკლები სტუმარი ესწრებოდა და საღამოს ცენტრალური ელემენტი იყო ანდრეა ბოჩელის კონცერტი ისტორიულ East Room-ში. სტუმრებს შორის იყვნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, გენერალური პროკურორი პემ ბონდი, თეთრი სახლის მმართველი სუზი უაილსი და სხვები.
გარდა ამისა, ვაშინგტონში ყოფნისას გავმართეთ ბიზნესშეხვედრები ედვენტთან და მის პარტნიორ ბილ ალენთან, რომელიც ლას-ვეგასისა და ლოს-ანჯელესის სტუმარმასპინძლობის ლეგენდაა. Advent Allen International-თან რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ: განვიხილავთ ლას-ვეგასში ინტეგრირებული რეზორტისა და კაზინოს განვითარებას და აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის შესაძლებლობას, ასევე ვგეგმავთ იტალიურ კომპანია Cipriani-სთან კოლაბორაციას თბილისსა და ბათუმში. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქართული ბიზნესი გლობალურ არენაზე მნიშვნელოვან სვლებს აკეთებს.
თორნიკე ჯანაშვილი: ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმაში კიდევ ერთხელ დარწმუნება, რომ ჩვენი პროექტები და მიდგომა გლობალური ბაზრის მთავარი მოთამაშეებისთვისაც საინტერესოა. ეს არის ცხადი ინდიკატორი იმისა, თუ სად არის ქართული ბიზნესი დღეს და სად იქნება ხვალ.
პროექტს უნიკალური საინვესტიციო მოდელი აქვს. ინვესტორებს არა მხოლოდ უძრავ ქონებას სთავაზობთ, არამედ — გარანტირებულ წლიურ შემოსავალსაც. როგორ მუშაობს ეს მოდელი პრაქტიკაში?
ირაკლი კვერღელიძე: ჩვენი მხრიდან ამბიციური განაცხადი იყო, რომ რიგით ფიზიკურ პირებსაც მივეცით შესაძლებლობა, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს წილს ფლობდნენ, რისთვისაც სხვაგვარად 30 ან 40 მილიონი დოლარი იქნებოდა საჭირო. Central Park Towers-ში ნომრის შეძენით, ფაქტობრივად, „რადისონ ბლუს“ ერთნომრიანი სასტუმროს მფლობელი ხდები. სასტუმრო ნომრების ფასი 200 000 დოლარიდან იწყება და მოიცავს გარანტირებულ წლიურ შემოსავალს.
თორნიკე ჯანაშვილი: ინვესტორები, რომლებიც ყიდულობენ სასტუმრო ნომერს, შემოდიან სასტუმრო ბიზნესის წილში. ისინი ყიდულობენ არა უბრალოდ უძრავ ქონებას, არამედ გამართულ ბიზნესს, რომელსაც ზურგს საერთაშორისო ბრენდი უმაგრებს. სხვადასხვა სფეროს ათეულში შემავალი კომპანიების შემოყვანით ჩვენ „რადისონს“ შევუმცირეთ ინფრასტრუქტურასა და სხვა ბიზნესების ოპერირებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც თავად სასტუმროსათვის, ისე ნომრების მფლობელებისთვის მოგების მარჟა კიდევ უფრო მაღალი იქნება. აქამდე საერთაშორისო ოპერატორი მსგავს ფინანსურ მოდელზე არასდროს წამოსულა.
დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა მოლაპარაკებები „რადისონთან“ და საბოლოო გადაწყვეტილებამდე ტოპ-მენეჯმენტთან ხანგრძლივი განხილვების შედეგად მივედით. ეს უძრავი ქონების ბაზარზე ნამდვილად დიდი სიახლეა და მომავალში ალბათ სხვა პროექტებსაც ვიხილავთ მსგავსი შემოთავაზებით.
Central Park Towers-ის გახსნა 2027 წლის მესამე კვარტალში იგეგმება. ამჟამად რა ეტაპზე ხართ?
თორნიკე ჯანაშვილი: გეგმის მიხედვით მივდივართ. კომპლექსი მთელი თავისი ინფრასტრუქტურით ერთიანად გაიხსნება. ორივე კოშკის მშენებლობა დასრულებული გვაქვს. ერთი კოშკი მთლიანად შემინულია და შიდა სივრცეების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მეორე კოშკის შემთხვევაშიც გეგმას მივყვებით. პოდიუმის მშენებლობასაც ძალიან მალე მოვრჩებით.
რა არის თქვენი პირადი მოტივაცია ამ პროექტში?
- ირაკლი კვერღელიძე: ჩემთვის ამოსავალი წერტილი ქალაქისა და ქვეყნისთვის ძალიან კარგი საქმის გაკეთებაა და ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა სტუმარმასპინძლობის ნაწილში სხვა ხარისხში აგვყავს. მსხვილი ინვესტიცია შემოგვაქვს, 2000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი იქმნება და Central Park Towers-ს შეეძლება, რომ ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას სათანადოდ უმასპინძლოს. ჩვენი ამბიციაა, შევქმნათ სივრცე, სადაც ვიზიტორებს ისევ და ისევ მოუნდებათ დაბრუნება.
თორნიკე ჯანაშვილი: მიხარია, რომ ისეთი წამოწყების თანაავტორი ვარ, რომელიც ქვეყნის აღქმას გლობალური მასშტაბით შეცვლის. ჩვენ ვქმნით დანიშნულების ადგილს, რომელიც ხარისხითა და შინაარსით ქვეყნის ტრანსფორმაციას მოახდენს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე — აქ ჩამოსული ვიზიტორებისათვის.
თბილისი მიიღებს არა მხოლოდ პრემიუმ-კლასის ინფრასტრუქტურას, არამედ სრულიად ახალ სტანდარტს — სივრცეს, სადაც ქართული სტუმარმასპინძლობის კულტურა გლობალურ პრემიუმ-ბრენდებთან არის შერწყმული. 2027 წელს, როცა Central Park Towers-ის კარი ყველასთვის გაიღება, სულ სხვა ქალაქში გავიღვიძებთ.













