რეგიონული გაფართოება, ახალი ბრენდები და დიგიტალიზებული პროცესები - თეგეტას 2025

რეგიონული გაფართოება, ახალი ბრენდები და დიგიტალიზებული პროცესები - თეგეტას 2025

2025 წელი „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული წელი აღმოჩნდა. კომპანიამ რეგიონულ ბაზრებზე პოზიციები გააძლიერა, ახალი ბიზნესმოდელები განავითარა, კაპიტალის ბაზარზე კიდევ უფრო გააქტიურდა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები წამოიწყო, რომლებიც ოპერაციული ეფექტიანობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება. Toyota Ichiban-ი, Kaizen Global Award-ი, THE BIZZ Awards-ი, Customer Centricity World Series Awards-ი – 2025 წელი ჯილდოების მხრივაც დატვირთული აღმოჩნდა. „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ, Forbes Georgia-სთან გასული წელი შეაჯამა და ისაუბრა იმ სტრატეგიულ პრიორიტეტებზე, რომლებიც კომპანიის დღის წესრიგში 2026 წლისთვის დგას.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

თუ 2025 წლის ერთი წინადადებით დახასიათებას გთხოვდით, როგორ შეაფასებდით მას „თეგეტა ჰოლდინგისთვის“?

2025 წელი, თეგეტა ჰოლდინგის 30-წლიანი ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე, იყო წელი, როცა გამოცდილება გადავაქციეთ სტრუქტურირებულ ტრანსფორმაციად და მომდევნო ზრდის ფაზას საფუძველი დავუდეთ.

რომელი გადაწყვეტილება ან პროექტი იყო თქვენთვის სტრატეგიულად ყველაზე გამორჩეული გასული წლის განმავლობაში?

„თეგეტასთვის“ გასული წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან შარშან კომპანიამ 30 წლის იუბილე იზეიმა. ეს პერიოდი თვითრეფლექსიისთვის გამოვიყენეთ – იმის გააზრებისთვის, თუ რა იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი დღევანდელ მასშტაბამდე მოიყვანა. ამ პროცესმა შესაძლებლობა მოგვცა, უკეთ შეგვეფასებინა ჩვენი ძლიერი მხარეები, მადლობა გვეთქვა „თეგეტელებისთვის“ კომპანიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და კიდევ უფრო მეტი ენერგია მოგვეკრიბა, რათა „თეგეტასთვის“ მომდევნო 30 წელიც არანაკლებ საამაყო და წარმატებული იყოს.

სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნევ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ძალისხმევა არა მხოლოდ მოცულობების ზრდისკენ მიგვემართა, არამედ ბიზნესის ისეთი სტრუქტურული მოდელის შექმნისთვის დაგვეთმო, რომელიც დიდ მასშტაბებზე გასვლის შესაძლებლობას მოგვცემდა. ეს გვეხმარება, ჩვენი საერთაშორისო ამბიციები უფრო ხელშესახები გავხადოთ.

2025 წელი „თეგეტასთვის“ მასშტაბური გეოგრაფიული გაფართოების წელი იყო. რა არის ჰოლდინგის მთავარი ამბიცია: ხართ ქართული კომპანია, რომელიც მეზობელ ბაზრებზე ოპერირებს, თუ უკვე ყალიბდებით მულტინაციონალურ კორპორაციად, რომლის ცენტრიც საქართველოა?

ჩვენი ამბიციაა ვიყოთ მულტინაციონალური კომპანია, რომლის ცენტრი საქართველოშია: ერთი მხრივ, „თეგეტას“ ზრდა და საერთაშორისო გაფართოება, მეორე მხრივ კი, ჩვენი იდენტობისა და ღირებულებების შენარჩუნება, რომლებზეც კომპანია დგას. შესაბამისად, „თეგეტა“ თითოეულ ქვეყანაში შედის საკუთარი ხელწერით, იმავე ღირებულებებითა და პროცესებით, რომლებმაც თავის დროზე საქართველოში ავტოინდუსტრიის მომხმარებლებისთვის გამოცდილება შეცვალა და დღემდე ცვლის. იმავე მიდგომით, ყველა ახალ ბაზარზე, ადგილობრივ მომხმარებელს ავტოინდუსტრიის ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ.

საერთაშორისო გაფართოების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალი სტრატეგიული ბრენდების დამატება და მათთან თანამშრომლობის გაღრმავებაა, იმ პარტნიორების ჩათვლით, რომლებიც „თეგეტას“ მისი 30-წლიანი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე შემოუერთდნენ.

მეორე მიმართულება კი ახალი ბაზრების ათვისებაა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია უზბეკეთის ბაზარზე, ამერიკულ ბრენდ Mobil-თან პარტნიორობით, ჩვენი პირველი ფილიალის გახსნა. ამ ბაზარზე კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს, რომელთა შესახებ დეტალებიც მომხმარებლებისთვის 2026 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

აღნიშნული კუთხით გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, რომლის ფარგლებშიც, პრემიუმ-ბრენდის პროდუქციის მიწოდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრისთვისაც დავიწყეთ. გასულ წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში Volvo-ს პირველი VRE-კონცეფციის შოურუმის გახსნაც.

მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეთ ქვეყნის შიგნითაც. Lamborghini და Bentley – „თეგეტას“ პორტფელი ამ ორი ლეგენდარული ბრენდით არის გამდიდრებული. რას ნიშნავს მათი ოფიციალური წარმომადგენლობა ქვეყნის იმიჯისთვის და როგორ ცვლის ეს ჰოლდინგის რეპუტაციას საერთაშორისო პარტნიორების თვალში?

როდესაც „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის, Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, ეს არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყანაში ძვირადღირებული ავტომობილების სეგმენტის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. მალევე ამას მოჰყვა იტალიური სუპერქარის, Lamborghini-ს შოურუმის გახსნაც.

მსგავსი ბრენდების წარმომადგენლობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძლიერი სიგნალია. ერთი მხრივ, ეს იყო ნდობის გამოხატვა საქართველოს მიმართ, მეორე მხრივ კი – არჩევანი, რომელიც ამ ბრენდებმა კონკრეტულად „თეგეტაზე“ შეაჩერეს.

მნიშვნელოვანი პროექტია ასევე Bandag-ის ქარხნის მშენებლობა Bridgestone-თან პარტნიორობით, რაც სცილდება უბრალო დისტრიბუციას. რატომ გადაწყვიტეთ ინვესტირება საბურავების აღდგენის ტექნოლოგიაში და რა ეკონომიკურ ეფექტს ელოდებით ამ პროექტისგან?

Bridgestone-თან Bandag-ის ფრენჩაიზთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება მძიმე ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით ჩვენი საბურავების ბიზნესის სტრატეგიულ ტრანსფორმაციას ნიშნავს – დისტრიბუტორული ბიზნესიდან ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული წარმოებით და სერვისზე ორიენტირებულ მოდელზე გადასვლით. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტოპარკის მქონე კომპანიებისთვის, რომლებიც ქართული ეკონომიკის აქტიური მონაწილეები არიან და სულ უფრო მეტად ეძებენ ხარჯების ეფექტიანად მართვად და გრძელვადიან კონკურენტულ გადაწყვეტებს.

იმ ქვეყნებში, სადაც Bridgestone Bandag-ის სრულ ციკლს ნერგავს, საბურავის ერთ კილომეტრზე გათვლილი ღირებულება სტრუქტურულად დაბალია ნებისმიერი ქვეყნის სხვა გლობალური მწარმოებლის ან ალტერნატიულ მოდელთან შედარებით. სწორედ ამიტომ, ფლიტის მფლობელ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ისეთი ხარჯთეფექტიანობა და პროგნოზირებადობა, რომლის გამეორებაც ბაზარზე პრაქტიკულად შეუძლებელია, და გათავისუფლებული რესურსები საკუთარი ძირითადი საქმიანობის განვითარებაში მიმართონ.

სრული დატვირთვით ამუშავდა გეზის ფილიალი – რა შედეგები მოიტანა ამ ინფრასტრუქტურის ამოქმედებამ ოპერაციული ეფექტიანობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების თვალსაზრისით?

გეზის ფილიალის სრული დატვირთვით ამუშავება ჩვენთვის რეგიონული ჰაბის შექმნისკენ გადადგმული პირველი რეალური ნაბიჯია – ერთ სივრცეში კონცენტრირებული ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ სწრაფი, კოორდინირებული და სრულყოფილი მომსახურება, როგორც ადგილობრივი ფლიტებისთვის, ისე საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომლებიც Middle Corridor-ის ფარგლებში საქართველოს ტრანზიტულ ჰაბად იყენებენ.

გეზი აერთიანებს OEM და წამყვან გლობალურ ბრენდებს ერთ ეკოსისტემაში: აქ „თეგეტა“ წარმოადგენს MAN-ისა და UD Trucks-ის ოფიციალურ დილერს, ხოლო გეზის ფილიალის ამოქმედებით ქვეყანაში პირველად გახდა სრულფასოვნად ხელმისაწვდომი Thermo King-ის სამაცივრე გადაწყვეტილებები – მიმართულება, რომელიც მანამდე ბაზარზე ფრაგმენტულად და არასისტემურად იყო წარმოდგენილი. ამასთან ერთად, გეზის ეკოსისტემა მოიცავს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა Michelin-ი, Bridgestone-ი, Continental-ი, Shell-ი და Mobil-ი.

ამ მოდელის მთავარი ეფექტი არის ის, რომ მომხმარებელი ერთ ლოკაციაში იღებს ყველა საჭირო ნაწილსა და სერვისს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ავტომობილის მოცდენის პერიოდს, ამარტივებს მომსახურების დაგეგმვას და ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას. განსაკუთრებით საერთაშორისო გადამზიდავებისთვის, ეს ნიშნავს პროგნოზირებად გაჩერებას, სერვისის ერთიან სტანდარტს და უწყვეტი ოპერირების მხარდაჭერას ტრანზიტისას.

2025 წელს „თეგეტა ჰოლდინგმა“ კაპიტალის ბაზარზე საკმაოდ აქტიური ნაბიჯები გადადგა – როგორია ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების თქვენეული შეფასება?

2025 წელი „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კაპიტალის ბაზარზე განსაკუთრებით აქტიური იყო, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცესი რეალურად ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ, კაპიტალის ბაზარს მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ მზად არის სტაბილური, გამჭვირვალე და გრძელვადიანი პარტნიორობისთვის – არა როგორც ერთჯერადი მოთამაშე, არამედ როგორც სისტემური და სანდო ემიტენტი.

აღნიშნული კუთხით, გასულ წელს, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მდგრადობასთან დაკავშირებული 260 მილიონი ლარის ობლიგაციების (SLB) განთავსება ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის კაპიტალის ბაზრისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი იყო. SLB ემისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ვალდებულებას მდგრადი ტრანსფორმაციის მიმართ – სრულად დაბალემისიანი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებას, ლიზინგისა და ფლიტ-მენეჯმენტის მიმართულებების გაფართოებას და ენერგოეფექტიანი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენი მიზანია, ოპერაციები გავხადოთ უფრო მდგრადი და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო კონკურენტუნარიანი.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე EBRD-ისგან მიღებული 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც მიმართულია საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციის მხარდაჭერისკენ და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი ფინანსური პარტნიორების ნდობას ჰოლდინგის სტრატეგიის მიმართ.

ეს ყველაფერი ქმნის ისეთ ეკონომიკურ ღირებულებას, რომელიც არა მხოლოდ „თეგეტასთვის“, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან და გრძელვადიან კონტრიბუციას წარმოადგენს.

თბილისის ავტოპარკის განახლების ფარგლებში დედაქალაქს 200 ერთეული MAN-ის ავტობუსი მიეწოდა – შეაფასეთ ეს პროექტი როგორც საჯარო-კერძო პარტნიორობის მაგალითი – რა გამოცდილება დააგროვა „თეგეტამ“ მისი განხორციელებით?

ვფიქრობ, ეს არის საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. ჩვენი გამოცდილებით, ეს პროექტი წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება მუნიციპალური ტრანსპორტის დაკავშირებამ მსოფლიოს წამყვან ბრენდთან, MAN-თან, შექმნას როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური სარგებელი.

ავტოპარკის განახლება MAN-ის ავტობუსებით არ არის მხოლოდ ტრანსპორტის ჩანაცვლება – ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ერთდროულად აუმჯობესებს მოქალაქეებისთვის მომსახურების ხარისხს და ამცირებს სახელმწიფოს გრძელვადიან ხარჯებს. თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს სთავაზობს უსაფრთხო, კომფორტულ და ეკოლოგიურ გადაადგილებას, რაც პირდაპირ აისახება ქალაქის ცხოვრების ხარისხზე. ამავე დროს, მსოფლიო კლასის ბრენდის არჩევა უზრუნველყოფს მთლიანი ფლობის ღირებულების ოპტიმიზაციას: საწვავის ეფექტიანობას, ნაკლებ ტექნიკურ გაუმართაობას, ხანგრძლივ ექსპლუატაციას და პროგნოზირებად მომსახურების ხარჯებს.

საქართველოს გარდა, „თეგეტა“ MAN-ის ავტობუსების მიმწოდებელია სომხეთის დედაქალაქისთვის, ერევნისთვის. ორივე ქვეყანაში ჩვენი გუნდი მუნიციპალური ტრანსპორტის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ კომერციული, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინებაა, რომელიც პირდაპირ არის მიმართული მოსახლეობის კეთილდღეობისკენ.

ჰოლდინგის ახალი მიმართულებაა „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციული კლიენტებისთვის. რამდენად არის ეს პასუხი ბაზარზე არსებულ დეფიციტზე ავტოპარკების ციფრული მართვის კუთხით? რა სერვისებს მოიცავს იგი?

„თეგეტა ბიზნესის“ ჰოლდინგის მიდგომა ეფუძნება Fleet Management-ის სრულყოფილ მოდელს. ჩვენ არ ვმოქმედებთ როგორც მხოლოდ იმპორტიორი ან დისტრიბუტორი – ჩვენ ვართ გრძელვადიანი პარტნიორი, რომელიც პარტნიორი კომპანიების ავტოპარკს მართავს როგორც ერთიან ბიზნესს.

Fleet Management-ი ჩვენს შემთხვევაში ნიშნავს ავტოპარკის სრული სიცოცხლის ციკლის მართვას: სწორი პროდუქტის შერჩევას, ექსპლუატაციის პროცესის კონტროლს, ტექნიკურ მომსახურებას, ხარჯების ანალიზსა და შესრულების მონიტორინგს. მიზანი არის ავტოპარკის მოცდენის დროის შემცირება, მთლიანი ფლობის ღირებულების (TCO) კონტროლი და პროგნოზირებადი შედეგების შექმნა.

ამ ლოგიკით ვთავაზობთ პარტნიორებს პერსონალიზებულ პირობებს, ექსკლუზიურ ფასებს, სრულ ტექნიკურ მომსახურებას და ავტოპარკის მართვას ერთიანი სისტემის ფარგლებში. კონკრეტული პროდუქტების შემთხვევაში, მაგალითად, საბურავებზე, ვმუშაობთ ფასის კილომეტრზე მოდელით, რაც პარტნიორებს საშუალებას აძლევს შეადარონ რეალური ეფექტიანობა და არა მხოლოდ საწყისი ღირებულება. შედეგად, პრემიუმ-კლასის გადაწყვეტილებები, რომლებიც თავდაპირველად უფრო ძვირი შეიძლება ჩანდეს, Fleet Management-ის ჩარჩოში გარდაიქმნება ყველაზე ეფექტიან და კონკურენტუნარიან არჩევანად ავტოპარკის მფლობელებისთვის – ხარჯების, ოპერაციული სტაბილურობისა და შემოსავლის პროგნოზირებადობის კუთხით.

როგორია „თეგეტას“ ციფრული ტრანსფორმაციის პროგრესი დღეს? რომელი ციფრული ან AI-ზე დაფუძნებული პროექტები ქმნის უკვე გაზომვად ბიზნესეფექტს? როგორ ეხმარება დიგიტალიზაცია მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის გაღრმავებას?

ჩვენთვის დიგიტალიზაცია თავისთავად მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია სტრატეგიული ამოცანების შესრულება, ხოლო ციფრული ინსტრუმენტები ამის მიღწევის საშუალებაა.

ამ მიმართულებით შევარჩიეთ ისეთი ციფრული გადაწყვეტილებები, რომლებიც მონაცემებზე დაფუძნებული მმართველობის ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს. დღეს „თეგეტას“ აქვს სრულად AI-ზე დაფუძნებული მონაცემთა საცავი და ანალიტიკის სისტემა, ხოლო თანამშრომლებს ჰყავთ პერსონალური AI-ანალიტიკოსები, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს რეპორტინგს და გადაწყვეტილებების მიღების სიზუსტეს აძლიერებს.

გარდა ამისა, 2008 წლიდან ვართ SAP-ის მომხმარებელი და 2026 წლისთვის სრულად გადავდივართ SAP S/4HANA-ზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ციფრული ტრანსფორმაციაა ჰოლდინგის ისტორიაში, რომელიც პირდაპირ ემსახურება საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდას.

ამასთან, ჩვენს ფილიალებში ვნერგავთ მსოფლიოში აღიარებულ ციფრულ გადაწყვეტებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ინფორმაციულად მდიდარი სერვისი შევთავაზოთ. უკვე დავალონჩეთ Tegeta APP, ხოლო ახალ ციფრულ shop-ზე აქტიურად ვმუშაობთ – მიზნით, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ერთიანი, თანამედროვე და უწყვეტი ციფრული გამოცდილება ყველა არხში.

2025 წლის ფინანსურ შედეგებზე ვისაუბროთ – როგორ შეიცვალა შემოსავლების, მოგებიანობისა და სხვა ძირითადი მაჩვენებლები? როგორია მოლოდინი 2026 წლისთვის?

„თეგეტასთვის“ 2025 წელი წარმატებული იყო როგორც შემოსავლების ზრდის, ასევე საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანა – არა მხოლოდ მასშტაბის გაზრდა, არამედ მოგებიანობის ხარისხის გაუმჯობესება, პროცესების ოპტიმიზაცია და ხარჯების უფრო მკაცრი მართვა. განსაკუთრებით საამაყოა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ორნიშნა ზრდა შევინარჩუნეთ, რაც ჩვენი ბიზნესმოდელის მდგრადობას ადასტურებს.

2026 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს დაახლოებით 20 მსხვილი სტრატეგიული პროექტი. მათ შორისაა ინფრასტრუქტურული ინიციატივები, რომლებიც პირდაპირ ემსახურება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას და ოპერაციული ეფექტიანობის ზრდას. ვგეგმავთ ექსპრეს-ფილიალების დამატებას, რათა „თეგეტას“ სწრაფი სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. პარალელურად, ვაფართოებთ ბრენდების პორტფელს და ვაგრძელებთ საერთაშორისო ექსპანსიას, მათ შორის – უზბეკეთის ბაზარზე.

2026 წლის მთავარი ფოკუსი კვლავ ადამიანებზე რჩება. „თეგეტელებში“ უწყვეტი განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიის კრიტიკული ნაწილია. როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა ვიყოთ საერთაშორისო კომპანია, ეს ნიშნავს, რომ თითოეულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა საკუთარი კარიერული გზის შესახებ. ჩვენი მიზანია დავანახოთ, რომ „თეგეტაში“ განვითარებისთვის ლიმიტი არ არსებობს – შესაძლებლობების საზღვარი მხოლოდ ცაა.

S