„რეკორდული სისწრაფით მზარდი ქართულ-ამერიკული სტარტაპი“ - ინტერვიუ ანა რობაქიძესთან

„რეკორდული სისწრაფით მზარდი ქართულ-ამერიკული სტარტაპი“ - ინტერვიუ ანა რობაქიძესთან

პროგრამირებით 13 წლის ასაკში დაინტერესდა და მალევე საკუთარი ვებგვერდი შექმნა. ამჟამად 28   წლისაა და ჩვენი რეგიონისთვის რეკორდული სისწრაფით მზარდ სტარატაპს Theneo-ს უძღვება. ანა რობაქიძე Forbes Georgia-ს ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2018 წელს მოექცა, როდესაც 30 Under 30-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად მოგვევლინა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ნიუ-იორკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა, მას შემდეგ არაერთ პრესტიჟულ ამერიკულ კომპანიაში იმუშავა, რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელადაც, 2021 წელს კი დააარსა Theneo, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც სწრაფად და მარტივად ტექნოლოგიური გიგანტების დონის API-დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. რამდენიმე თვის წინ შექმნილი კომპანია დღეს უკვე 10 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული. ანა რობაქიძეს ამ და სხვა საკითხების შესახებ ვესაუბრეთ.

ანა, თქვენ უკვე წლებია, ამერიკაში მუშაობთ.  მოგვიყევით, სად იწყება თქვენი ამერიკული კარიერა?

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 13 წლის ასაკში პროგრამირებით დავინტერესდი და კოდირების სწავლა დავიწყე. ძალიან მომწონდა, კოდს რომ ვწერდი და შედეგებს ვხედავდი. სწორედ მაშინ შევქმენი ჩემი პირველი ვებგვერდი, რომელსაც დღის განმავლობაში ბევრი მომხმარებელი სტუმრობდა და მათთვის ხელმისაწვდომს ხდიდა მრავალ ფილმსა თუ სატელევიზიო შოუს. მალევე გადავწყვიტე, რომ კარიერას ამ სფეროში გავაგრძელებდი, ვხედავდი იმასაც, რომ ტექნოლოგიური გიგანტების დიდი ნაწილი ამერიკაში ოპერირებდა, ამიტომ თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი სწორედ ამ ქვეყნისთვის უნდა დამეკავშირებინა. საბოლოოდ, სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე კომპიუტერული მეცნიერების განხრით. ამერიკაში ჩასვლისთანავე ძალიან აქტიური ვიყავი,  ყველა კლუბში გავწევრიანდი და ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი. ეს ყველაფერი ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დამეხმარა.

ნიუ-იორკში არაერთ ორგანიზაციაში ვიმუშავე. დავდიოდი კონფერენციებზე, სწავლის პერიოდში Google-მაც ამიყვანა სტაჟიორად, რაც ჩემთვის სასწაულის ტოლფასი იყო. ამ პერიოდში შესაძლებლობა მომეცა, რამდენიმე დეპარტამენტთან მემუშავა. გავეცანი მათ საქმიანობას, ვნახე, თუ  როგორ ქმნიდნენ სხვადასხვა პროდუქტს. Google-ის სტაჟირებისა და სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა უოლ-სტრიტზე ერთ-ერთ საკონსულტაციო კომპანიაში დავიწყე. ამ პერიოდში შევქმენი ჩემი პირველი სტარტაპიც – Boxii, თუმცა, წარუმატებელი გამოდგა. მოკლედ რომ დავახასიათოთ, ეს იყო ერთგვარი Uber for Storage-ი, რომლის მიმართაც მოთხოვნა და დაინტერესება იგრძნობოდა, თუმცა ლოგისტიკურად ეს პროცესი ზედმეტად რთული გამოდგა. პირველმა სტარტაპმა ბევრი რამ მასწავლა, მივიღე პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობის გამოცდილება, ვისწავლე მათთან მოლაპარაკებების წარმოება და ა.შ.

ამის შემდეგ სხვადასხვა კომპანიაში ვიმუშავე, მათ შორის Metis Technologies-სა და Celtra-ში, სადაც ისეთ დიდ კომპანიებთან მიწევდა მუშაობა, როგორიცაა, მაგალითად,  Facebook-ი. ბოლოს კი ნიუიორკულ კომპანია Clientela-ში ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დავიკავე, სადაც საერთო ჯამში 200-ზე მეტ API-სთან მომიწია მუშაობა.

ალბათ მივედით იქამდე, სადაც გაჩნდა უკვე თავად Theneo-ს შექმნის იდეაც…

დიახ, Clientela-ში მუშაობის პერიოდში შევამჩნიე, რომ ამ ბაზარზე და ამ მიმართულებით ერთგვარი სიცარიელეა, არ არსებობს საშუალება, რომელიც სწრაფად და მარტივად ხარისხიანი API-დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს. ამიტომაც გადავწყვიტე, შემექმნა პლატფორმა და ეს პროცესი პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გამემარტივებინა. აღმოჩნდა, რომ მსგავსი პლატფორმის დანაკლისს ჩემი დეველოპერი მეგობრებიც გრძნობდნენ. ამიტომაც ხელმისაწვდომი გავხადე ე.წ. ბეტა-ვერსია. ეს ყველაფერი ხდებოდა 2021 წლის აგვისტოში. ჩემდა გასაკვირად, პლატფორმა მალევე გახდა პოპულარული. ამ პერიოდში საქართველოში ახალჩამოსული ვიყავი. მეგობრებმა მირჩიეს, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამა პლატფორმის განვითარებაში დამეხმარებოდა, თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ ველოდი, რომ საქართველოში API-დოკუმენტაციების ირგვლივ ორიენტირებული სტარტაპით დაინტერესდებოდნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. GITA-ს მენტორებმა არა მხოლოდ გაიგეს, თუ რას ვაკეთებ, არამედ ღირებული უკუკავშირი და საინტერესო რჩევებიც მომცეს. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო უბრალო პროექტი, ეს იყო ბიზნესი, რომელიც შეიძლებოდა, წარმატებული გამხდარიყო. მოვიგეთ GITA-ს 100 000-ლარიანი გრანტი და დაჯილდოების ცერემონიალის დროს გვიწინასწარმეტყველეს, რომ რამდენიმე წელიწადში უნიკორნობა გველოდა, რამაც ინვესტორების ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. ყოველდღიურად რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთან გვქონდა შეხვედრა, საბოლოოდ კი ჩვენი კომპანია 10 მლნ დოლარად შეაფასეს. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ Theneo ოფიციალურად 1 ოქტომბერს ჩამოყალიბდა, ერთ თვეში კი მისი ღირებულება 10 მილიონი დოლარი იყო.

Theneo გახდა Y Combinator-ის მონაწილეც, რომელიც მსოფლიოში სტარტაპების აქსელერაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა. რა შედეგებს ელოდებით აქედან?

ეს არის ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელსაც ვერაფერი შეედრება. მის ქსელს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ის კომპანიები, რომლებიც Y Combinator-ის მხარდაჭერით სარგებლობენ, დღეს ძალიან წარმატებულები არიან და რამდენიმე მილიარდ დოლარად არიან შეფასებული. ეს არის სამთვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად სხვადასხვა შეხვედრა გვაქვს. სამშაბათობით დიდ კომპანიებს ვხვდებით, რომელთა დამაარსებლებიც თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. აქ გვაწვდიან იმ ღირებულ ინფორმაციას, რომლის სხვაგან მიღება შეუძლებელია. ვმსჯელობთ იმის შესახებ, თუ როგორ გავზარდოთ კომპანია, როგორ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ხალხს შეუყვარდება. Y Combinator-ის სლოგანიც სწორედ ეს არის – “Make things people love”. ამ პროგრამას მარტში დავასრულებთ, რის შემდეგაც იქნება DEMO DAY, რომლის დროსაც ათასობით ინვესტორი გაეცნობა ჩვენს სტარტაპს. ამის შემდეგ  გავაგრძელებთ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს. რამდენიმე დიდი საინვესტიციო კომპანია უკვე დაგვიკავშირდა. ცნობისთვის, დღემდე სტარტაპში 900 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 500 000 აშშ დოლარი Y Combinator-ის მიერ.

თქვენი პლატფორმა მუშაობს როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ბაზარზეც. რამდენად არის მოთხოვნა საქართველოში თქვენს პროდუქტზე?

დღეს 1200-ზე მეტი კომპანია იყენებს ჩვენს პლატფორმას, მათი 90% ამერიკის ბაზარზეა, დანარჩენი კი ევროპაში, მათ შორის – საქართველოში. საქართველოდან ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია Payze. სხვა ქართულ კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ. სხვათა შორის, მათთან თანამშრომლობა გვიადვილდება და საინტერესოა იმ მხრივ, რომ ისინი უფრო დიდ დროს ხარჯავენ ჩვენთან კომუნიკაციაზე და ყოველთვის საინტერესო უკუკავშირით გვიბრუნდებიან. ზოგადად, საქართველოში ძალიან კარგი სტარტაპ-ეკოსისტემა გვაქვს, სადაც ერთი სტარტაპის წარმატება ყველას წარმატებას უტოლდება.

ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები?

Theneo-ს ჰყავს სამი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, სამივე მათგანი ქალი ვართ და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათია ტექნოლოგიების სფეროში. Theneo-ს  ჩემთან ერთად უძღვება მარია დოლიაშვილი, რომელიც ასევე საქართველოდანაა და არაერთ ტექნოლოგიურ გიგანტთან მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორისაა Google-ი, Twitter-ი, Microsoft-ი და Facebook-ი. სხვათა შორის, მარიამ უკვე დატოვა Microsoft-ი, რათა მთელი დრო Theneo-ს დაუთმოს. მარია მუშაობს კონტენტის სრულ ავტომატიზაციაზე. მარკეტინგის მიმართულებას უძღვება ჩვენი პარტნიორი ნიუ-იორკიდან, სახალისო დამთხვევაა, რომ მისი სახელი, თეანო, კომპანიის სახელს ჰგავს და ამიტომ ხალხი ხშირად იბნევა. გარდა ამისა, გვყავს რამდენიმე თანამშრომელი დეველოპმენტისა და ოპერაციული საკითხების კუთხით. ჯერჯერობით ჩვენი გუნდი პატარაა, თუმცა წლის ბოლომდე დიდი გეგმები გვაქვს, რომლის ფარგლებშიც გუნდის გაზრდასაც ვაპირებთ.

Theneo  ქართული სტარტაპია თუ ამერიკული?

უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ Theneo ქართულ-ამერიკული სტარტაპია. კომპანია ორივე ქვეყანაშია რეგისტრირებული. ყველგან აღვნიშნავთ, რომ ქართული წარმომავლობის სტარტაპი ვართ და გუნდის წევრთა უმრავლესობაც ქართველია.

აქვე გკითხავთ: რა დაბრკოლებებს აწყდებით საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის დროს და ზოგადად რა გამოწვევებს ხედავთ ამ სფეროში?

პირველი დაბრკოლება უკავშირდება კვალიფიციური კადრების ნაკლებობას – რთულია, საქართველოში აიყვანო გამოცდილი დეველოპერი. გამოცდილი დეველოპერები აქ უმეტესად დიდ ბანკებში მუშაობენ. მათ უჭირთ მსხვილი ბანკებიდან შედარებით რისკიან სტარტაპ-კომპანიებში გადმოსვლა. ამერიკაში ეს პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობს, დეველოპერები უსაფრდებიან იმ კომპანიებს, რომლებიც Y Combinator-ში ხვდებიან, ვინაიდან თუ ახალ სტარტაპებში შეხვალ, გარდა პოზიციისა, შენ იღებ კომპანიის წილსაც, შესაბამისად, კომპანიის წარმატებასთან ერთად შენც უფრო წარმატებული ხდები. საქართველოში ეს კულტურა ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა. დეველოპერები არ ფიქრობენ, რომ თუ დღეს სტარტაპი რისკთან ასოცირდება, მან რამდენიმე წელიწადში შეიძლება ღვაწლი ასმაგად დაგიფასოს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ ისაა, რომ  მათ მიერ სტარტაპის განვითარებაში შეტანილი წვლილი ბევრად დიდია, ვიდრე დიდ კომპანიაში მუშაობის შედეგი.

თქვენ ახსენეთ, რომ 13 წლის როცა იყავით, ტექნოლოგიების სფეროში ქალები საქართველოში თითქმის არ იყვნენ. დღეს რამდენად შეცვლილია ამ მხრივ გარემო?

სკოლის პერიოდში, როდესაც ვამბობდი, რომ პროგრამირება მაინტერესებდა, ყველასგან უარყოფით უკუკავშირს ვიღებდი. მეუბნებოდნენ, რომ ქალები არ არიან ამ სფეროში. მაგალითად, როცა მათემატიკაში კარგად შევასრულებდი დავალებას, მასწავლებელი იტყოდა, რომ „კაცის ტვინი“ მქონდა და ა.შ. ეს სტერეოტიპები ძალიან მიშლიდა ხელს. – ასეთი გამოცდილება ამერიკაში სწავლისა და მუშაობის დროსაც მქონდა, რაც საკმაოდ სტრესულია.

საქართველოში ვხედავ, რომ არიან ორგანიზაციები, რომლებიც ამ სტერეოტიპების დანგრევაზე მუშაობენ. უკვე გვყავს მრავალი ინჟინერი ქალი, თუმცა ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ, რადგან ანტრეპრენიორი ქალების რაოდენობა ჯერ კიდეც მცირეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიქცეთ სხვებისთვის მაგალითად.

თქვენ კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში სხვების დახმარების გამო მიღებული გაქვთ გრეის ჰოპერის ჯილდო. რას აკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ქალი ჩაერთოს ტექნოლოგიების სფეროში?

ჩემთვის არსებითია, რომ ტექნოლოგიურ სფეროში მეტი ქალი იყოს ჩართული, ვიდრე ახლაა. Theneo ორი ინჟინრის დაარსებულია, ორივე ქალია და ორივე ძალიან წარმატებული თავის საქმეში. ზოგადად, ისე დაემთხვა, რომ ჩვენს სტარტაპში მეტი ქალი მუშაობს, ვიდრე კაცი. მართალია, ამ კუთხით სტერეოტიპები ნელ-ნელა იმსხვრევა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესაცვლელი. უნივერსიტეტში სწავლისას ინჟინერ ქალთა ყველა შესაძლო კლუბში გავწევრიანდი, სადაც ძალიან ბევრი ძლიერი, ჭკვიანი და წარმატებული ქალი გავიცანი. მჯერა, რომ  ქვეყანაში ასეთი უამრავი გოგო გვყავს, რომელთა პოტენციალიც ხშირად ფინანსური გაჭირვების გამო იზღუდება, ამიტომ ვცდილობ, მატერიალურად შევუწყო ხელი და ზოგიერთი მათგანისთვის მაინც ინტერნეტი და კომპიუტერი  ხელმისაწვდომი გავხადო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ქალთა გაძლიერების რამდენიმე პროგრამაშიც მივიღე მონაწილეობა, მათ შორის იყო African Impact-ი ზამბიაში.

მას შემდეგ, რაც 2020 წელს Clientela-ში ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დავინიშნე, არაერთი ძლიერი სპეციალისტის ჩამოყალიბებას შევესწარი, ზოგიერთმა მათგანმა სტაჟირებით დაიწყო, ზოგიერთი რიგითი თანამშრომლიდან მენეჯერის პოზიციაზე დაწინაურდა და უკვე დიდ გუნდს მართავს. ძალიან ვამაყობ, რომ შევძელი ამ გოგოების მენტორი ვყოფილიყავი და მათი პოტენციალის გამოვლენაში მიმეღო მონაწილეობა.

2018 წელს, საქართველოში Forbes 30-under-30-ის სიაშიც მოხვდით. რა გამოცდილება მოგცათ ამან?

Forbes-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი მედიაპლატფორმაა, მის მიერ აღიარება და გამორჩევა ძლიერი ვალიდაციაა. ამ სიაში მოხვედრამ განმიმტკიცა განცდა, რომ სწორ გზას ვადგავარ და რომ ჩემ მიერ ამ სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანია, რაც, თავის მხრივ, მოტივაციის წყაროა.

რა მოლოდინი გაქვთ 2022 წლისგან, როგორია Theneo-ს მიზნები?

წელს ამერიკის ბაზარზე ვკონცენტრირდებით. გვინდა, რომ უფრო მეტ კომპანიასა და დეველოპერს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი. შემდეგ წელს უკვე სხვადასხვა ბაზარზეც შეგვეძლება აქცენტის გაკეთება. თუმცა, როდესაც ამერიკის ბაზარზე ხარ წარმატებული, ეს ავტომატურად სხვა ბაზარზეც აისახება.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დავიპყროთ API-მენეჯმენტის ბაზარი. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობისაა, რომ Theneo იქცეს დეველოპერების მიერ ხშირად და კომფორტულად გამოყენებულ პლატფორმად, რომელიც მათ საქმეს გაუმარტივებთ და ეყვარებათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *