რესპუბლიკური პარტიის უმსხვილესი დონორი, მასკი, პოლიტიკური ხარჯების შემცირებას გეგმავს

რესპუბლიკური პარტიის უმსხვილესი დონორი, მასკი, პოლიტიკური ხარჯების შემცირებას გეგმავს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი აცხადებს, რომ მომავალში პოლიტიკურ ხარჯებს შეამცირებს. შეგახსენებთ, მასკი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის უმსხვილესი შემომწირველია, რომელმაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გასულ წელს $300 მილიონზე მეტი დახარჯა.

აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ილონ მასკმა პოლიტიკური აქტივობების განხორციელების შემცირება და ბიზნესსაქმიანობაზე ორიენტირება გადაწყვიტა. ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, მასკის კომპანიების აქციონერები მისი მაღალი პოლიტიკური აქტივობით უკმაყოფილოები იყვნენ და მიიჩნევდნენ, რომ ეს ბიზნესზე უარყოფითად აისახებოდა.

დამატებით, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ის ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის დაკავებას კიდევ, სულ მცირე, ხუთი წლით გეგმავს. აღნიშნული განცხადებაც ხაზს უსვამს მის პოზიციას საკუთარი ბიზნესის და პოლიტიკური საქმიანობის ბალანსზე არსებულ ეჭვებთან დაკავშირებით.

ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომლის მიზანიც სამთავრობო ხარჯების შემცირება და, შედეგად, ეფექტიანობის გაზრდაა.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ხარჯებს, მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო ნაკლებს მოვიმოქმედებ. ვფიქრობ, უკვე საკმარისი გავაკეთე”, – განაცხადა ილონ მასკმა კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე. თუმცა პოლიტიკური დონაციების სრულად შეწყვეტის მინიშნება მასკს არ გაუკეთებია. „თუკი მომავალში დავინახავ პოლიტიკური ხარჯების გაწევის აუცილებლობას, ამას გავაკეთებ”, – განმარტა მან.