Amazon-ი მომავალ კვირაში კორპორაციული მიმართულებით პერსონალის შემცირების მეორე ტალღას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ს ორი ინფორმირებული წყარო ესაუბრა. მათი ინფორმაციით, ნაბიჯი კომპანიის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც დაახლოებით 30 000 კორპორაციული სამუშაო ადგილის შემცირებაა.
კომპანიამ გასული წლის ოქტომბერში დაახლოებით 14 000 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა, რაც Reuters-ის მიერ ადრე გავრცელებული სამიზნე რიცხვის, 30 000-ის, დაახლოებით ნახევარია. წყაროების თქმით, ამჯერად შემცირების მასშტაბი გასული წლის მსგავსი იქნება და პროცესი შესაძლოა უკვე სამშაბათიდან დაიწყოს. აქვე აღსანიშნავია, რომ თვითონ Amazon-ს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
წყაროების ცნობით, შემცირება შესაძლოა შეეხოს Amazon Web Services-ს, საცალო ვაჭრობის მიმართულებას, Prime Video-სა და ადამიანური რესურსების განყოფილებას, რომელიც People Experience and Technology-ის სახელითაა ცნობილი. ამ ეტაპზე შესამცირებელი ადგილების სრული რაოდენობის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. შესაბამისად, კომპანიის გეგმები შესაძლოა შეიცვალოს.
30 000 თანამშრომლის შემცირება Amazon-ის 1.58-მილიონიანი გლობალური სამუშაო ძალის მცირე ნაწილია, თუმცა ეს კორპორაციული პერსონალის თითქმის 10%-ს უტოლდება. ცნობისთვის, კომპანიის თანამშრომელთა უმეტესობა ლოჯისტიკურ ცენტრებსა და საწყობებშია დასაქმებული.
თუ გეგმა სრულად განხორციელდება, ეს Amazon-ის არსებობის ისტორიაში თანამშრომელთა შემცირების ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იქნება. შედარებისთვის, კომპანიამ 2022 წელს დაახლოებით 27 000 სამუშაო ადგილი შეამცირა.











