Reuters: ასადის მთავრობამ მკვლელობების დასაფარად ათასობით ცხედარი უდაბნოში გადაიტანა

Reuters: ასადის მთავრობამ მკვლელობების დასაფარად ათასობით ცხედარი უდაბნოში გადაიტანა

ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბაშარ ასადის მთავრობა ორი წლის განმავლობაში საიდუმლო სპეცოპერაციას ატარებდა, რომელიც სირიის ერთ-ერთი უდიდესი სასაფლაოდან ათასობით ცხედრის სხვა საიდუმლო ლოკაციაზე, დამასკოსთან მდებარე უდაბნოში გადატანას ითვალისწინებდა. აღნიშნული ოპერაციის მიზანი ასადის რეჟიმის მიერ მკვლელობების კვალისა და მისი მთავრობის დანაშაულების დაფარვა, ასევე რეჟიმის რეპუტაციის აღდგენა იყო.

გამოძიების თანახმად, 2019-2021 წლებში ქუთაიფაჰის ცნობილი სასაფლაოდან დამასკოს აღმოსავლეთით, ქალაქ დუმაირთან მდებარე უდაბნოში ათასობით ცხედარი გადაასვენეს. მედიასააგენტო Reuters-ი მეორე საიდუმლო სასაფლაოს ლოკაციის დადგენის პროცესში ჩართულ პირებს ესაუბრა და სატელიტური ფოტოები შეისწავლა.

Reuters-ის საგამოძიებო გუნდმა მიკვლევის შესახებ სირიის ახალი ლიდერის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას შეატყობინა. სატელიტური ფოტოების შესწავლით დადგინდა, რომ დუმაირის უდაბნოში გადატანილი სასაფლაო 34 თხრილისაგან შედგება, რომლის სიგრძეც ჯამში 2 კილომეტრია. სხვადასხვა დათვლით, ამ ტიპის სასაფლაოზე ათი ათასამდე ცხედარი დაეტეოდა.

რაც შეეხება ქუთაიფაჰის სასაფლაოს, ბაშარ ასადის რეჟიმმა ცხედრების აქ დამარხვა 2012 წელს, სამოქალაქო ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო. თვითმხილველების ინფორმაციით, ამ სასაფლაოზე ძირითადად დაღუპული სამხედროებისა და პატიმრების ცხედრებს კრძალავდნენ. საზოგადოებისათვის აღნიშნული სასაფლაოს არსებობის შესახებ ცნობილი 2014 წელს გახდა, როდესაც ერთ-ერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ სასაფლაოს ფოტოები გაასაჯაროვა.

სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების თანახმად, გაქცეული დიქტატორის, ბაშარ ასადის მთავრობის უსაფრთხოების აპარატმა 160,000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.