Getty Images/AFP/Atta Kenare
ამერიკული მედიასააგენტო Rueters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანში ომის პირველი ექვსი დღე შეერთებულ შტატებს $11.3 მილიარდი დაუჯდა.
აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დახურულ მოსმენაზე აშშ-ის სენატის წევრებს წარუდგინეს, თუმცა ის ომის სრულ ხარჯებს არ მოიცავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი კონგრესისთვის ომის დასაფინანსებლად დამატებით სახსრების გამოსაყოფად მიმართვას გეგმავს. ოფიციალური პირების ცნობით, საუბარია დამატებით $50 მილიარდის მოთხოვნაზე.
თეთრი სახლის ადმინისტრაციას ომის ხარჯებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, ომის პირველი ორი დღის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა $5.6 მილიარდის ამუნიცია გამოიყენა. აშშ-ის კონგრესის წევრები ღიად გამოხატავენ წუხილს იმის შესახებ, რომ ისედაც შესუსტებული მიწოდების ფონზე, აშშ-ის ამუნიციის მარაგები ირანში ომის გამო მნიშვნელოვნად მცირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით გასულ კვირას დონალდ ტრამპი აშშ-ის შვიდი ყველაზე მსხვილი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელებს შეხვდა, რათა შეიარაღების წარმოების ტემპების ზრდის საკითხი განეხილათ. მისივე განმარტებით, კონტრაქტორმა კომპანიებმა ამუნიციის წარმოების ზრდაზე მზაობა გამოთქვეს.
დემოკრატი კანონმდებლები აშშ-ის სენატში ტრამპის ადმინისტრაციის წევრების დაბარებას და ფიცის ქვეშ რესპუბლიკელი პრეზიდენტის ომის გეგმებზე გამოკითხვას მოითხოვენ, მათ შორის იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კამპანია და რა გეგმები არსებობს ირანთან მიმართებით საომარი მოქმედებების შეჩერების შემდეგ.
















