Reuters: აზიაში რუსული ნავთობის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზრდება

Reuters: აზიაში რუსული ნავთობის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზრდება

ფოტო: Adobe Stock

 

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, რასაც ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკადა და, შედეგად, აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციების შემსუბუქება მოჰყვა, ანალიტიკოსები და ტრეიდერები აზიაში რუსული ნავთობის იმპორტის ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდას პროგნოზირებენ. როგორც Reuters-ი Kpler-ისა და LSEG-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, აზიის რეგიონი მხოლოდ ამ თვეში 3 მილიონ ტონაზე მეტ (დღეში 614,500 ბარელი) რუსულ ნავთობს მიიღებს.

ანალიტიკური ფირმებისა და ტრეიდერების შეფასებით, მარტში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები დაახლოებით 1.7 მილიონიდან 1.9 მილიონ ტონამდე ნავთობის იმპორტს განახორციელებენ. იმპორტირებული ნავთობის უმეტესობა სინგაპურსა და მალაიზიაზე მოდის, რომელსაც ქვეყნები ძირითადად გემების საწვავად გამოიყენებენ. მალაიზიისა და სინგაპურის შემდეგ კი რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველი ჩინეთია, ამ თვეში 1.2 მილიონიდან 1.5 მილიონ ტონამდე ნავთობით. რუსული საწვავი ნავთობი შანდონგის პროვინციაში მდებარე ქარხნებს მიეწოდება, როგორც ალტერნატივა ნედლი ნავთობისა, რომლის იმპორტიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა.

სანქცირებული რუსული ნავთობისა და გემებზე დატვირთული ნავთობპროდუქტების შესყიდვის ნებართვა ვაშინგტონმა 12 მარტს, 30-დღიანი ვადით გასცა. თუმცა ამ შეღავათებამდეც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები რუსული ნავთობის მთავარი იმპორტიორები იყვნენ. თუმცა შესყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში მსხვილი რუსი მწარმოებლები აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ.

რუსეთიდან ნავთობის მიწოდების ზრდამ HSFO-ს (გოგირდის მაღალი შემცველობის მქონე საწვავი ნავთობი) ფასები რეკორდული ნიშნულიდან მკვეთრად დასწია. HSFO-ს ღირებულებამ გასულ კვირას რეკორდულ მაჩვენებელს, მეტრულ ტონაზე $76-ს მიაღწია, აშშ-ის მიერ სანქციების შემსუბუქების შემდეგ კი $70-მდე დაეცა. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ბაზარზე კვლავ დეფიციტია, ჰორმუზის სრუტის ბლოკადისა და მიწოდების შეფერხებების გამო კი დიდი შანსია, მომავალში ფასები კვლავ გაიზარდოს.