Reuters: ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე, მოსკოვი საინვესტიციო ხარჯებს ამცირებს

Reuters: ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე, მოსკოვი საინვესტიციო ხარჯებს ამცირებს

ფოტო: CEPA

 

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პირველად, მოსკოვი თავის მსხვილ საინვესტიციო პროგრამას შეამცირებს. სოციალური ქსელის საშუალებით მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, „პირველი ორი თვის შედეგები აჩვენებს, რომ შემოსავლების ზრდა 2%-მდე შენელდა, რაც წლევანდელი ბიუჯეტის გაწერისას დაგეგმილ 6.5%-ზე ნაკლებია“.

სობიანინის ინფორმაციითვე, მოსალოდნელია, რომ 2026 წლის საინვესტიციო ხარჯები, რომლებიც თავდაპირველად 1.2 ტრილიონი რუბლით ($15.3 მილიარდი) იყო განსაზღვრული, 10%-ით შემცირდება და მოსკოვის მერი მუნიციპალური პერსონალის 15%-ით შემცირებასაც არ გამორიცხავს.

მოსკოვის 2026 წლის პროგნოზირებული შემოსავლები 6 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით $76 მილიარდი) შეადგენს, რაც რუსეთის მშპ-ის 2%-ზე მეტია. მუნიციპალური ერთეულის მაღალი შემოსავალი განპირობებულია იმით, რომ რუსული კომპანიების დიდი ნაწილის შტაბ-ბინა დედაქალაქში მდებარეობს და გადასახადებსაც იქ იხდიან, რაც ქვეყნის ღარიბი რეგიონების მხრიდან წლებია, კრიტიკის საგანია.

საინტერესოა, რომ რუსეთის კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ფედერალურ და რეგიონულ ანგარიშებს აერთიანებს, 2025 წელს 8.3 ტრილიონ რუბლამდე ($104 მილიარდი), ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 3.9%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი თითქმის 2.6-ჯერ აღემატება 2024 წლის მოცემულობას და გაცილებით მაღალია ფედერალურ დონეზე არსებულ 2.6%-იან დეფიციტზე.

ფედერალური მთავრობა ბიუჯეტის ბალანსის შესანარჩუნებლად უკვე წლებია, ეროვნული კეთილდღეობის ფონდს იყენებს. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ეროვნული ვალის სტაბილურობა, რომელსაც რუსი მაღალჩინოსნები დასავლეთის სანქციების წინააღმდეგ მთავარ ბუფერად მიიჩნევენ, რეალურ სურათს არ ასახავს. როგორც Reuters-თან რუსეთის საბანკო სექტორიდან ანონიმურმა წყარომ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალი ერთი შეხედვით კონტროლქვეშაა, მთავრობა რეგიონებს კომერციული ბანკებიდან სესხის მაღალ პროცენტში აღებისკენ უბიძგებს.

Reuters-ის მიერ მოპოვებული მონაცემებით, თუ 2024 წელს რეგიონული ვალის 78% ფედერალური ბიუჯეტიდან მიღებულ დაბალპროცენტიან სესხზე მოდიოდა, ეს წილი 2025 წელს 67%-მდე დაეცა. ამის საპირისპიროდ კი კომერციული ბანკებიდან მაღალ პროცენტში გაცემული სესხების წილი სამჯერ უფრო გაიზარდა.

ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც ბოლო თვეებში შემცირდა, ფართოდ განიხილება, როგორც რუსეთისთვის ერთ-ერთი სტაბილური შემოსავლის წყარო. თუმცა მხოლოდ თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ბიუჯეტში რუსული ნავთობიდან და გაზიდან შემოსავლებმა 44%-ით იკლო.

2025 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის აუდიტის პალატამ რეგიონული დეფიციტის ზრდა კორპორაციული მოგების ვარდნას დაუკავშირა, რომელიც, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 5.5%-ით შემცირდა. დეფიციტის მქონე რეგიონების რაოდენობა კი 2024 წლის 50-დან 2025 წელს 74 რეგიონამდე გაიზარდა. დაახლოებით 9%-ით გაიზარდა რეგიონული ხარჯების ჯამური მოცულობაც და 24.1 ტრილიონ რუბლს ($303 მილიარდი) მიაღწია.

სარეიტინგო სააგენტო Expert RA-ის შეფასებით, რუსეთის 89 რეგიონიდან მიმდინარე წელს ბიუჯეტის პროფიციტი მხოლოდ ოთხ მათგანშია მოსალოდნელი. Expert RA-ის პროგნოზით, 2026 წელს რეგიონების საერთო დეფიციტი 1.7 ტრილიონ რუბლამდე ($21 მილიარდი) გაიზრდება, რაც გასულ წელთან შედარებით 13%-იანი მატებაა.