Reuters: ByteDance-ი საკუთარი ჩიპის წარმოებას Samsung-თან თანამშრომლობით გეგმავს

Reuters: ByteDance-ი საკუთარი ჩიპის წარმოებას Samsung-თან თანამშრომლობით გეგმავს

ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი საკუთარი ნახევარგამტარების წარმოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს Samsung Electronics-თან აწარმოებს. როგორც ჩანს, სოცმედიაპლატფორმის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას მოწინავე პროცესორების მიწოდების ჯაჭვის გარანტირება სურს.

ანონიმური წყაროების მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ByteDance-ი მარტის ბოლოსთვის სანიმუშო ჩიპებს მიიღებს. კომპანია მიმდინარე წელს, სულ მცირე, 100,000 ერთეული ნახევარგამტარის წარმოებას გეგმავს, რომელთა გამოყენება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაშიც იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით კი წარმოების გაზრდა წლიურად 350,000 ერთეულამდე იგეგმება.

Samsung-თან მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი AI-ჩიპებზე გლობალური დეფიციტის ფონზე უწყვეტი წვდომაა. შესაბამისად, სამხრეთკორეული კომპანიის შეთავაზებას მიმზიდველს სწორედ ეს ფაქტორი აქცევს.

ByteDance-ი გავრცელებულ ინფორმაციას ჩიპების ლოკალურად წარმოებასთან დაკავშირებით „არაზუსტს“ უწოდებს. Samsung-ი კი ჯერჯერობით კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს.

ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური ByteDance-ი ჩიპების ამერიკულ მწარმოებელ Broadcom-თან ხელოვნური ინტელექტის მოწინავე პროცესორების წარმოების საკითხს განიხილავდა, რაც ტაივანური TSMC-ის დახმარებით უნდა მომხდარიყო. თუმცა მაშინ აღნიშნული გარიგება ვერ შედგა.

ByteDance-ისათვის ჩიპების თავად წარმოების საჭიროებას ისიც განსაზღვრავს, რომ აშშ-ის საექსპორტო კონტროლი ჩინური კომპანიებისათვის ჩიპების იმპორტს მნიშვნელოვნად ზღუდავს. შესაბამისად, არსებული დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდება.

ByteDance-ი წელს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ შესყიდვებზე $22 მილიარდის დახარჯვას გეგმავს, რისი ნახევარიც Nvidia-ს მოწინავე ტექნოლოგიის H200 მოდელის ჩიპების შესყიდვას მოხმარდება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.