Reuters: იანვარში რუსეთის ნავთობის შემოსავლები სამწლიან მინიმუმამდე დაეცემა

Reuters: იანვარში რუსეთის ნავთობის შემოსავლები სამწლიან მინიმუმამდე დაეცემა

Reuters-ის პროგნოზით, 2026 წლის იანვარში რუსეთის ნედლი ნავთობის მოპოვებიდან მიღებულმა საგადასახადო შემოსავლებმა შესაძლოა ბოლო სამი წლის მინიმუმს მიაღწიოს და 380 მილიარდი რუბლი (4.72 მილიარდი დოლარი) შეადგინოს. ეს მაჩვენებელი მიმდინარე თვესთან შედარებით 16%-ით ნაკლებია, ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით – 55%-ით ნაკლები.

წიაღისეულის მოპოვების გადასახადიდან (MET) მიღებული შემოსავლები ბიუჯეტში ყოველი თვის 28 რიცხვამდე შედის და წინა თვის ნავთობის მოპოვების მაჩვენებელს ასახავს. ეს რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

ზოგადად, ნავთობისა და გაზის სექტორზე რუსეთის ბიუჯეტის მეოთხედი მოდის და ის მოსკოვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია უკრაინაში მიმდინარე ომში, რომელიც უკვე მეოთხე წელია, გრძელდება.

Reuters-ის გათვლებით, იანვარში საგადასახადო შემოსავლების შემცირება ძირითადად ნავთობის გლობალური ფასების საშუალოდ 12%-იანი ვარდნით (ნოემბერთან შედარებით) იქნება განპირობებული. სხვა ფაქტორებს შორის, რაც შემოსავლების ასეთ მკვეთრ კლებას იწვევს, დეკემბერში აშშ დოლართან მიმართებით რუბლის კურსის გამყარება და ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება სახელდება.

დეკემბერში მოპოვებული ნავთობის გადასახადის გაანგარიშებისას გამოყენებულია 1-18 დეკემბრის მონაცემები, რომლებიც თვის ბოლომდეა ექსტრაპოლირებული. გადასახადის განაკვეთი ეფუძნება მთავრობის მიერ დადგენილ ფორმულას, რომელიც ნავთობის ფასებსა და გაცვლით კურსს ითვალისწინებს, რის გამოც გადასახდელი თანხა ყოველთვიურად იცვლება.

დეკემბერში საგადასახადო განაკვეთი ერთ ტონაზე დაახლოებით 14,266 რუბლი იქნება, რაც 3,400 რუბლით (-19%) ნაკლებია ნოემბრის მაჩვენებელზე და 17,000 რუბლით (-54%) ნაკლები 2024 წლის დეკემბერთან შედარებით.

აღნიშნული განაკვეთი უბრუნდება 2022 წლის დეკემბრის დონეს (დაახლოებით 14,600 რუბლი ტონაზე), როდესაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე ემბარგო ოფიციალურად დააწესეს.