ფოტო: Patrick T. Fallon | Bloomberg | Getty Images
Reuters-ის ინფორმაციით, ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი მისსავე საკუთრებაში არსებულ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ xAI-სთან გაერთიანებას განიხილავს. მასკის კომპანიების შერწყმაზე მოლაპარაკებები მანამ მიმდინარეობს, სანამ, გავრცელებული ცნობებით, SpaceX-ი წელს კომპანიის აქციების საჯაროდ დალისტვისთვის (IPO) ემზადება.
როგორც Reuters-თან ანონიმურმა წყაროებმა განაცხადეს, გარიგების პირობებით xAI-ის აქციების SpaceX-ის აქციებში გადაცვლა განიხილება. გამოცემის თქმით, xAI-ის ზოგიერთ აღმასრულებელს შესაძლოა SpaceX-ის აქციების ნაცვლად ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობაც მიეცეს. წყაროების თანახმად, საბოლოო შეთანხმება ჯერ ხელმოწერილი არ არის.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკის საკუთრებაში არსებულმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა, xAI-მ, სოციალური მედიის პლატფორმა X-ი (ყოფილი Twitter-ი) შეიძინა. გარიგების ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ SpaceX-სა და xAI-ს შორის შერწყმაზე გარიგების მიღწევის შემთხვევაში, xAI-სა და X-ის მფლობელი კომპანია სწორედ SpaceX-ი გახდება.
SpaceX-ი ამერიკული Forbes-ის წამყვანი კერძო კომპანიების სიაში 2023 წლიდან ხვდება და გასულ წელს, $13 მილიარდის შემოსავლის გენერირების შემდეგ, 39-ე ადგილზეა. SpaceX-ის CFO-ს, ბრეტ ჯონსენის განცხადებით, კომპანია მიმდინარე წელს აქციების საჯარო დალისტვისთვის ემზადება. მასკის კომპანია IPO-ს $1.5-ტრილიონიანი შეფასებით განიხილავს.













