Reuters: Nissan-ი Honda-სთან $60-მილიარდიან შერწყმაზე უარის თქმას გეგმავს

Reuters: Nissan-ი Honda-სთან $60-მილიარდიან შერწყმაზე უარის თქმას გეგმავს

მედიასააგენტო Reuters-ი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Nissan-ი კონკურენტ Honda-სთან შერწყმის შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტას აპირებს. $60-მილიარდიან გარიგებას, რომელსაც, ბოლო ინფორმაციით, Mitsubishi Motors-იც უერთდებოდა, მსოფლიოში მე-3 უმსხვილესი ავტომწარმოებელი უნდა ჩამოეყალიბებინა.

საკითხთან დაახლოებული პირების ცნობით, იაპონურ ავტომწარმოებლებს შორის მოლაპარაკებები ბოლო პერიოდში მზარდი უთანხმოების გამო გართულდა. გარიგების ჩაშლის სავარაუდო მიზეზად ისიც დასახელდა, რომ ერთ-ერთი წყაროს თქმით, Honda-მ მომავალი კომპანია თავის შვილობილად მოიხსენია, Nissan-ისთვის კი Honda-ს შვილობილობა, რაც ალიანსზე კონტროლს გულისხმობდა, მისაღები არ აღმოჩნდა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და კომპანიებს აღნიშნულზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

საინტერესოა, როგორ მოახერხებს Nissan-ი, გარე დახმარების გარეშე, კრიზისულ პერიოდთან გამკლავებას. შეგახსენებთ, კომპანია, რომელსაც ავტოწარმოების ელექტრომობილებზე გადაყვანა კონკურენტებთან შედარებით მეტად გაუჭირდა, ხარჯების შემცირების მიზნით, 9000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. Nissan-ის კრიზისში დიდი წვლილი მიუძღვის 2018 წელს კომპანიის ხელმძღვანელის, კარლოს გონის დაკავებას. გონი ავტომწარმოებლის ფინანსური სახსრების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

Honda-სა და Nissan-ის სავარაუდო შერწყმის შესახებ ინფორმაცია გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. კომპანიებმა საერთო ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანებაზე ფიქრი ელექტრომობილების ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის გამო დაიწყეს, რაც, დიდწილად, ინდუსტრიაში ამერიკული Tesla-სა და ჩინური BYD-ის დომინაციას უკავშირდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რიგი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების დაანონსებას დაემთხვა. ანალიტიკოსების თქმით, მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები უფრო მტკივნეული იქნება Nissan-ისთვის, ვიდრე Honda-ს ან Toyota-სთვის. ამის მიზეზი კი ის არის, რომ Nissan-ის საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მექსიკაშია დაფუძნებული, სად წარმოებული ავტომობილების უმეტესობაც ექსპორტზე აშშ-ში გადის.

თუ აშშ მექსიკას ტარიფებს გაუზრდის, ეს Nissan-ის ავტომობილების ღირებულებას გაზრდის, რაც პოტენციურად შტატების ბაზარზე კომპანიის კონკურენტუნარიანობაზე იმოქმედებს. საპირისპიროდ, Honda-სა და Toyota-ს უფრო დივერსიფიცირებული საწარმოო ბაზა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ასევე აქვს ქარხნები მექსიკაში, ისინი ავტომობილების დიდ ნაწილს თავად აშშ-ში აწარმოებენ.