ფოტო: breakingdefense.com
მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პენტაგონი Palantir-ის ხელოვნური ინტელექტის სისტემა Maven ოფიციალურ პროგრამად იქცევა. თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, სტივ ფეინბერგმა, პენტაგონის ხელმძღვანელობისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ის სამხედრო ძალებში Palantir-ის სამიზნეების ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებას კიდევ უფრო გაააქტიურებს.
9 მარტის წერილში ფეინბერგი განმარტავს, რომ Palantir Maven Smart System-ის დანერგვა სამხედროებს უზრუნველყოფს „უახლესი ინსტრუმენტებით, რომლებიც აუცილებელია ყველა სფეროში მოწინააღმდეგეების აღმოსაჩენად, შესაკავებლად და მათზე დომინირებისთვის“.
როგორც Reuters-ის მიერ მოპოვებულ წერილშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე, ანუ სექტემბრამდე შევა. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მანამდე არ გავრცელებულა.
Maven არის მართვისა და კონტროლის პროგრამული პლატფორმა, რომელიც ბრძოლის ველის მონაცემებს აანალიზებს და სამიზნეების იდენტიფიცირებას ახდენს. ის უკვე წარმოადგენს აშშ-ის არმიის ძირითად ხელოვნური ინტელექტის ოპერაციულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ ათასობით მიზანმიმართული დარტყმა განხორციელდა.
ფეინბერგის განცხადებით, Maven-ისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება გაამარტივებს მის დანერგვას სამხედრო ძალების ყველა მიმართულებაში.
წერილში ნათქვამია, რომ Maven-ის ზედამხედველობა 30 დღის განმავლობაში ეროვნული გეოსივრცითი დაზვერვის სააგენტოდან პენტაგონის ციფრული ხელოვნური ინტელექტის მთავარ ოფისში გადავა.
Reuters-ის ცნობით, Palantir-სა და პენტაგონს კომენტარის თხოვნაზე პასუხი არ გაუციათ.









