ფოტო: iStock
ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დასავლური და აზიური მთავრობების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით და ავტომწარმოებლების მიერ ბაზრის დატოვებაზე აღებული პასუხისმგებლობის მიუხედავად, გარკვეული სქემების დახმარებით, რუსეთში ჩინეთიდან ათიათასობით უცხოური ბრენდის ავტომობილი იგზავნება.
რუსული კვლევითი კომპანია Autostat-ისა და საკითხთან დაახლოებული პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, Reuters-ი წერს, რომ რუსი ავტოდილერები ჩინელი შუამავლების დახმარებით არაფორმალური ქსელების მეშვეობით რუსეთში ისეთი მარკის ავტომობილების იმპორტს ახორციელებენ, როგორებიცაა: Toyota, Mazda და გერმანული მდიდრული მოდელები.
კერძოდ, გამჟღავნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ავტომობილების უმეტესობა ჩინეთშია დამზადებული, ან ზოგიერთ შემთხვევაში – უცხოეთიდან ჩინეთში იმპორტირებული. მოგეხსენებათ, ჩინეთში საკუთარი საწარმოები ბევრ ავტომწარმოებელს აქვს. ავტომობილის ექსპორტის სქემა კი შემდეგია: ჩინელი ავტოდილერები და მოვაჭრეები ახალ ავტომობილებს უკვე გაყიდულად არეგისტრირებენ, შემდეგ კი „გამოყენებულის“ სტატუსს აძლევენ და ექსპორტზე რუსეთში გააქვთ.
ერთ-ერთი ჩინური მსხვილი ავტოსავაჭრო კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, ჟანგ აი იუნის განმარტებით, ახალი ავტომობილების გამოყენებულად ჩათვლით, ჩინელი ავტოდილერები გვერდს უვლიან საჭიროებას, რომ ავტომობილის რუსეთში ექსპორტისათვის ავტომწარმოებლის ნებართვა აიღონ. გარდა ამისა, დილერები ამ ციფრების გაყალბებით გაყიდვების მონაცემებს ხელოვნურად ზრდიან და ჩინეთის მთავრობის მიერ გამოყოფილ სუბსიდირებასაც იღებენ.
ჩინეთში ნულოვანი გარბენის მქონე მეორადი ავტომობილის ფასი საგრძნობლად მცირდება, რუსეთში კი მიწოდების დეფიციტიდან გამომდინარე მას ისეთივე ღირებულება აქვს, როგორიც ახალს.
Autostat-ის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთში 700,000-ზე მეტი უცხოური ბრენდის (ჩინურის გამოკლებით) ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. ამავე პლატფორმის მონაცემებით, 2025 წელს რუსეთში დარეგისტრირებული ახალი უცხოური ავტომობილების (ჩინურის გამოკლებით) 22% Toyota-ზე, 13% – BMW-ზე, 7% – Mercedes-Benz-ზე, 6% – Volkswagen-ზე მოდის.















