მედიასააგენტო Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა საზღვაო გზით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერეს მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ – სანქციები დაუწესა.
მსგავს ზომებს იღებენ ინდოეთშიც, რომელიც საზღვაო გზით რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია. ინდოეთში მდებარე ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნებმა რუსული ტვირთის შესყიდვების შემცირება უკვე დაიწყეს, რათა აშშ-ის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციები მათზეც არ გავრცელდეს.
რუსეთის ორი მთავარი მომხმარებლის მხრიდან ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა მოსკოვის შემოსავლებზე ზეწოლას მოახდენს და მსოფლიოს უმსხვილეს იმპორტიორებს ალტერნატიული მარაგების მოძიებას აიძულებს. სავარაუდოდ, ეს ნავთობის გლობალურ ფასებს გაზრდის.
წყაროების ცნობით, ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიები PetroChina, Sinopec-ი, CNOOC და Zhenhua Oil-ი, სანქციების შიშით, რუსული ნავთობის შესყიდვისგან თავს, სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში შეიკავებენ.
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთი ზღვით დღეში დაახლოებით 1.4 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობს ყიდულობს, თუმცა ამ შესყიდვების დიდი ნაწილი დამოუკიდებელი, მცირე გადამმუშავებელი ქარხნების, ე.წ. „თიაფოთების“ მიერ ხორციელდება. სახელმწიფო ქარხნების წილი ამ მაჩვენებელში ზუსტად არ არის განსაზღვრული.