ფოტო: Anadolu/Getty Images
ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, იაპონური ბანკი SoftBank Group Corp-ი ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ში დამატებით $30 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ეს OpenAI-ის მიერ დაანონსებულ $100-მილიარდიან საინვესტიციო რაუნდში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება. კომპანიის ღირებულება კი $830 მილიარდით განისაზღვრება.
ჯერჯერობით OpenAI-ში $30 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაზე SoftBank-ი საჯაროდ არ საუბრობს. ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში საკუთარი ინვესტიციის ზრდა SoftBank-ის სტრატეგიის ნაწილია. იაპონური ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, მასაიოში სანის განცხადებით, ბანკი OpenAI-ზე „სრულ ფსონს ათავსებს“.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში SoftBank-მა განაცხადა, რომ წინა, $41-მილიარდიანი ინვესტიცია OpenAI-ში სრულად განხორციელდა, რის შედეგადაც კომპანიაში ბანკის წილი 11%-მდე გაიზარდა. გასულ თვეს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ SoftBank-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა წინა საინვესტიციო რაუნდისთვის ფინანსების მობილიზება იჩქარა, რის გამოც ბანკის „ხედვის ფონდს“ სხვა გარიგებების განხორციელებაში ხელი შეეშალა.
ცნობისთვის, Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელის განვითარების ფონზე, OpenAI-ს გაზრდილ ხარჯებთან გამკლავება უხდება, რაც AI-ის ენობრივი მოდელების წვრთნის ხარჯების ზრდით აიხსნება.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, იაპონური SoftBank-ის აქციათა ფასი ტოკოის საფონდო ბირჟაზე 3.5%-ით გაიზარდა.
ორივე, SoftBank-იც და OpenAI-ც, დონალდ ტრამპის მასშტაბური ინიციატივის, $500-მილიარდიანი პროექტის, Stargate-ის ინვესტორები არიან, რომლის მიზანიც აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელის გასაწვრთნელად მონაცემთა ცენტრების აშენება და ჩინეთთან AI-ინდუსტრიაში დომინაციის გაზრდაა.















