Reuters: ტრამპი ნავთობის ფასის დასარეგულირებლად რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს

Reuters: ტრამპი ნავთობის ფასის დასარეგულირებლად რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს

ფოტო: Reuters

 

რამდენიმე წყაროს მიერ ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე კონფლიქტის გამო ნავთობის ფასების ზრდის დასარეგულირებლად რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქრებას, ასევე ეროვნული ნავთობმარაგების გახსნას განიხილავს.

პოლიტიკური მიმომხილველების შეფასებით, აშშ-ის მთავრობის მთავარი მიზანი ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ აშშ-ის ბიზნესებისა და მომხმარებლების ფასების ზრდით დაზარალების თავიდან არიდებაა.

გუშინ ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება ბოლო ოთხ წელიწადში პირველად $100-ს გადასცდა, რაც საწვავის ფასს პროპორციულად გააძვირებს. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე ფასების ზრდა მალევე დასტაბილურდა, ეს გლობალური მოსახლეობის განწყობაზე მაინც უარყოფითად მოქმედებს.

გუშინ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული ეფექტის შესამსუბუქებლად ზოგიერთი სახელმწიფოსთვის დაწესებულ სანქციებს შეამსუბუქებდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. „ჩვენ სანქციები გვაქვს დაწესებული ზოგიერთი სახელმწიფოსთვის. ჩვენ მოვხსნით ამ სანქციებს, სანამ ჰორმუზის სრუტე დაკეტილია“, – განაცხადა მან.

განცხადებიდან რამდენიმე საათში ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა. პოტენციურად, რუსეთისთვის ნავთობის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციების მოხსნით, მიწოდების მაჩვენებელი აღდგება. თუმცა სანაცვლოდ დაზარალდება აშშ-ის მცდელობა, რუსეთმა უკრაინაში საკუთარი საომარი ქმედებები შეწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვის უფლება დროებით მისცა, რათა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის გამო ძლიერად არ დაზარალდეს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.