ფოტო: Getty Images
მედიასააგენტო Reuters-ის დათვლებით, რომელიც, მისივე ცნობით, ბაზრის მონაცემებზეა დაფუძნებული, რუსეთის ნავთობის ექსპორტის სულ მცირე 40% გაჩერებულია. ეს უკრაინის მხრიდან დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს, მილსადენზე მომხდარ ინციდენტებსა და ტანკერების დაკავებებს უკავშირდება.
Reuters-ის შეფასებით, თანამედროვე ისტორიაში ეს რუსეთის ნავთობის მიწოდებაში ყველაზე მასშტაბური შეფერხებაა. შეგახსენებთ, ქვეყანა მსოფლიოში ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. კრიზისი განსაკუთრებით მწვავეა იმ ფონზე, როდესაც გლობალურ ბაზარზე ფასები 100 დოლარს ასცდა.
ბოლო პერიოდში უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და სხვა სახის საწვავის საექსპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიშები მნიშვნელოვნად გააძლიერა. თავდასხმების სამიზნე გახდა ქვეყნის სამი ძირითადი პორტი: ნოვოროსიისკი შავ ზღვაზე, ასევე პრიმორსკი და უსტ-ლუგა ბალტიის ზღვაზე.
Reuters-ის მონაცემებით, ბოლო თავდასხმების შემდეგ დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი შეჩერდა. დაზიანებულ ობიექტებს შორისაა ასევე დრუჟბის მილსადენი, რომელიც უკრაინის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთს ამარაგებს.
რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის ექსპორტი ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა და დაახლოებით მის მეოთხედს შეადგენს. კიევი აცხადებს, რომ მისი მიზანი სწორედ ამ შემოსავლების შემცირება და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებაა. მოსკოვი კი აღნიშნულ იერიშებს ტერორისტულ აქტებად აფასებს და ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეტევებით გამოწვეული დაზიანებები შეეხო როგორც პორტებს, ისე მილსადენებსა და სატანკერო გადაზიდვებს. Reuters-ის ცნობით, მაგალითად, ნოვოროსიისკის ტერმინალი, რომლის გამტარუნარიანობა დღეში 700,000 ბარელია, გეგმაზე ნაკლები დატვირთვით მუშაობს.
ამასთან, ნავთობის ექსპორტს აფერხებს ევროპაში რუსეთთან დაკავშირებული ტანკერების დაკავება. საუბარია დაახლოებით 300,000 ბარელ ნავთობზე დღეში, რომელიც მურმანსკის პორტიდან გადის.
დასავლეთის მიმართულებით ექსპორტის შეფერხების ფონზე, რუსეთი ცდილობს, მიწოდება აზიის ბაზრებზე გაზარდოს. თუმცა, ტრეიდერების თქმით, ეს მიმართულება ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით შეზღუდულია.
მიუხედავად ამისა, მიწოდება უწყვეტად გრძელდება ჩინეთის მიმართულებით. მთავარი არხები დღეში ჯამში დაახლოებით 1.9 მილიონი ბარელი ნავთობის მიწოდებას უზრუნველყოფს.
რუსეთი ასევე აგრძელებს ნავთობის ექსპორტს სახალინის ობიექტებიდან (დაახლოებით 250,000 ბარელი დღეში) და ამარაგებს ბელარუსის გადამმუშავებელ ქარხნებს დღეში დაახლოებით 300,000 ბარელი ნავთობით.










