თავისი წონითი კატეგორიის მიღმა შეტევით, Matchroom-ის თავხედი პრომოუტერი ედი ჰერნი კრივს აღორძინებს და ირგებს სპორტის უახლესი გმირისა და ანტაგონისტის როლს.
სასტუმრო Hilton Syon Park-ში, ლონდონური ივლისის მეორე მოღრუბლულ დღეს, ედი ჰერნმა მედია შეკრიბა, მისი სიტყვებით, ბრიტანეთში კრივის მორიგი დიდი ორთაბრძოლისთვის – აგვისტოს ხელახალი მატჩისთვის მძიმე წონის ორგზის ყოფილ ჩემპიონ ენტონი ჯოშუასა და კრივში ყოფილ ბრიტანელ ჩემპიონ დილიან უაიტს შორის. თუმცა ჰერნი წინსწრებით მოქმედებს. რამდენიმე მეტრის მოშორებით ამჩნევს მძიმე წონის ყოფილ პრეტენდენტ დერეკ ჩისორას, და YouTube-ის ინტერვიუში ეჩხირება სხვა მებრძოლთან, ფაბიო უორდლისთან. „რას იტყვით თქვენ ორზე?“ – ხუმრობს ჰერნი. ორივე მოულოდნელად გამოხატავს ინტერესს და პროცესიც ადგილიდან იძვრება. ეს არაა ბლოკბასტერული მატჩი, მაგრამ კრივის მუდმივი აჟიოტაჟის მანქანისთვის არ არსებობს ზედმეტად პატარა ან დიდი საჯარო მოვლენები.
44 წლის ჰერნს უყვარს შოუს მოწყობა. მან აქამდე წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე აიყვანა ოჯახის ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია Matchroom Sport-ი, რომელმაც Forbes-ის შეფასებით გამოაქვეყნა ფისკალური 2023 წლის (დასრულდა 30 ივნისს) $365 მილიონი შემოსავალი $60-მილიონიანი წმინდა მოგებით. ამის დიდი ნაწილი კრივის განყოფილების გაახალგაზრდავების წყალობით შემოვიდა, რომელსაც ის 2012 წლიდან ხელმძღვანელობს მცირე საწარმოდან გლობალურ ბრენდად ქცევამდე. კრივზე ახლა Matchroom Sport-ის სავარაუდო წლიური გაყიდვების ნახევარზე მეტი ($235 მილიონი) და მისი ფულადი სახსრების თითქმის $20 მილიონი მოდის. ესაა ყველაზე დიდი სახელი დიდი ბრიტანეთის კრივში, ახალბედა, მაგრამ მოგებიანი მოთამაშე ამერიკაში და იმედისმომცემი ერთეული ისეთ ახალ ბაზრებზე, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი.
ეს ისეთი წარმატებაა, როგორსაც მისი მამა, ბარი, 1982 წელს, კომპანიის დაარსებისას ვერასოდეს წარმოიდგენდა. დაწყებული სულ რაღაც 100 ფუნტითა და სნუკერზე, შემდეგ კი დარტსზე და სხვა მცირე სპორტზე ფოკუსით, ბარიმ ააწყო საპატიო საპრომოუტერო ბიზნესი, რომელიც, Matchroom-ს 2000 წელს, ედის მისვლისას დაახლოებით $10 მილიონის შემოსავალზე $1 მილიონის მოგებას იზიდავდა. თორმეტი წლის შემდეგ, როდესაც ედიმ პირველად მიაკითხა მამის ფირმას კრივის ოპერაციების რადიკალური გეგმით, მთელი კომპანია ნაკლებს გამოიმუშავებდა ($7 მილიონი წმინდა მოგება $46 მილიონის შემოსავალზე), ვიდრე მხოლოდ რინგი დღეს. „მე ყოველთვის მქონდა ოცნებები, – ამბობს 75 წლის ბარი. – მაგრამ ედიმ მაჩვენა, რომ სხვა დონეც არსებობს“.
გარკვეულწილად, Matchroom-მა ახალი სიცოცხლე შესძინა სპორტს, რომელიც ბევრს სტაგნაციად, ან თუნდაც მომაკვდავად მიაჩნია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კრივი აღმოჩნდა შერეული საბრძოლო ხელოვნების კულტურული საყრდენი UFC-ში, შორი გამოძახილი 1974 წლის „ჯუნგლების ხმაურთან“ შედარებით, როდესაც მუჰამედ ალის ნოკაუტმა ჯორჯ ფორმენთან უზარმაზარი (და შესაძლოა ლეგენდარული) ციფრები მიიღო – დაახლოებით 1 მილიარდი მსოფლიო მაყურებელი და ინფლაციის მიხედვით კორექტირებული მთელი $600 მილიონი. UFC-ის სისხლიანი ოქტაგონის ბრძოლები, გამარტივებული ტიტულის ქამრები და ქარიზმატული მებრძოლები აგრძელებენ ახალგაზრდა თაყვანისმცემლების მოხიბვლას, იმდენად, რომ მედიაკონგლომერატმა Endeavor-მა 2016 წელს ქონების შესაძენად $4 მილიარდზე მეტი დახარჯა. WWE-სთან ამ წლის ბოლოს გაერთიანების შემდეგ, ის $21 მილიარდის საჯარო ვაჭრობის სუბიექტი გახდება.
ამავდროულად, Matchroom-მა გასულ წელს 3000 საათზე მეტის პროგრამირება მოამზადა სპორტის 12 სახეობაში, რომელიც 30 საბრძოლო ღამეს მოიცავდა. ჰერნმა დააწინაურა კრივის ზოგიერთი უდიდესი ვარსკვლავი, მათ შორის ჯოშუა და აბსოლუტური წონითი კატეგორიის დიდი ხნის ჩემპიონი კანელო ალვარესი. და ტრადიციული სამაუწყებლო და ანაზღაურებადი მარშრუტით გასვლის ნაცვლად, 2018 წელს ჰერნი ქერის მანქანას მოაჯდა და ხელი მოაწერა რვაწლიან კონტრაქტს ახალ სტრიმინგ-სერვისთან, DAZN-თან. იმ დროისთვის გარიგება $1 მილიარდად შეფასდა, რაც ოთხჯერ აჭარბებდა Sky Sports-თან Matchroomის წინა პაქტის ღირებულებას. ისევე როგორც UFC-ის პრეზიდენტი დანა უაიტი, ჰერნი მყარად დგას მიწაზე და Matchroom-ის ყველა ბრძოლის პრომოუშენისთვის ადამიანი-მეგაფონის როლს ასრულებს.
თუმცა ჰერნს მაინც უფრო დიდი გეგმები აქვს. რატომ შევინარჩუნოთ Matchroom-ის 100% ოჯახის მფლობელობაში, როდესაც მას შეუძლია, გაფართოვდეს საჯარო შეთავაზების მიმართულებით? მას შემდეგ, რაც ბოლო მოლაპარაკებები CVC Capital-ისთვის უმცირესობის წილის დაახლოებით $900 მილიონის ღირებულებით მიყიდვის შესახებ ჩაიშალა, ჰერნი ამბობს, რომ Matchroom-ი ახორციელებს ზარებს რამდენიმე სხვა კერძო ინვესტიციის ფირმასთან.
„ყველაზე რთული წარმატებული მამის ყოლაში, განსაკუთრებით დიდი პიროვნებისა და მტკიცე ხასიათის მქონე მამის ყოლაში, არის მცდელობა, გახვიდე მის დონეზე ან აჯობო მას, – ამბობს ჰერნი. – ასე რომ, ერთადერთი გზა, რითაც მე შემეძლო საკუთარი თავის წარმატებულად ან გამარჯვებულად დანახვა ის იყო, რომ კომპანია გამეყვანა იმ დონეზე, რომელზეც აქამდე მისულიყო არ იყო“.
ეს ყოველთვის არ ყოფილა ჰერნის ამბიცია. ის იზრდებოდა ესექსში, ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ირგებდა მამის შრომის ნაყოფს, იქნებოდა ეს შაბათ-კვირის გატარება კრივის მატჩებზე თუ სკოლიდან წამოსვლა Matchroom-ის თეთრი, გაჭიმული ლიმუზინით. უყვარდა კრიკეტისა და რაგბის თამაში. სწავლამ უკანა პლანზე გადაიწია იმდენად, რომ ბარი გამოცდების ჩასაბარებლად შვილს ქრთამს სთავაზობდა მას შემდეგ, რაც ედი 1550-იანი წლებით დათარიღებულ მდიდრულ კერძო სოკლაში, Brentwood-ში, ჩაფლავდა.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჰერნმა კოლეჯში წასვლის ნაცვლად სამუშაოზე გასვლა გადაწყვიტა. მან მისწერა ათეულობით სპორტული მენეჯმენტის კომპანიას, იპოვა თავისი პირველი სამუშაო და შემდგომ გადაინაცვლა მეორეში, თითქმის ორმაგი ანაზღაურებით. 2000 წელს ჰერნმა დაიწყო გოლფის მოთამაშეების პოპულარიზაცია Matchroom-ის ბრენდის ქვეშ. შემდეგ მოვიდა პოკერის დროც, რომელიც გახდა კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოგების ცენტრი 2000-იანების დასაწყისის „Texas hold ’em“-ის პოპულარობის დროს.
ჰერნის კარიერის კურსი რადიკალურად შეიცვალა 2009 წლის მსოფლიო პოკერის სერიებზე ყოფილ ოლიმპიურ ოქროსმედალოსანსა და მძიმეწონოსან ოდლი ჰარისონთან შეხვედრით, რომელსაც რინგზე მეორე შანსის მიღება სურდა. ჰერნი დათანხმდა მის პრომოუშენს და საბოლოოდ მოიპოვა ტიტული მძიმე წონაში. ჰარისონმა წააგო, მაგრამ სხვა მოკრივეებმა მალევე გამოიძახეს ის მსგავსი ყურადღების მოსაზიდად. მამის სკეპტიციზმის მიუხედავად, 2012 წელს ჰერნმა Sky Sports-თან ექსკლუზიური სამაუწყებლო კონტრაქტი გააფორმა. „არსებობს პატარა მინიშნება, როცა ადამიანები ამბობენ, რომ ედის გარიგება მისცეს მამამისის Sky-თან ურთიერთობის გამო, – ამბობს დევიდ იცკოვიჩი, ოსკარ დე ლა ჰოიას Golden Boy-ის პრომოუშენის ყოფილი დირექტორი. – მაგრამ მას თავისი წილი აღიარება ეკუთვნის, რადგან მან გააკეთა ის, რაც მანამდე ინგლისურ კრივში არ გაკეთებულა – და მან ეს ძალიან კარგად შეასრულა“.
რა თქმა უნდა, როცა ვერცხლის კოვზს, რომელიც დაბადებიდან გერგო, ოქროდ აქცევ, გზაში უამრავ მტერს გაიჩენ, განსაკუთრებით კრივში, სადაც უნდა ელოდო თვითკმაყოფილი კონკურენტის სახიდან ღიმილის მოხსნას. მაგალითად, DAZN-ის გარიგების გასაჯაროებამდე, ჰერნმა თამამად გამოაცხადა, რომ Matchroom-ი აშშ-ში სპორტს დაიპყრობს, და იხუმრა, რომ ამას მხოლოდ სამი თვე დასჭირდებოდა.
„როდესაც ამერიკაში წავედი, სტრატეგია ხალხის სწრაფად გაღიზიანება, პროფილის შექმნა, ხმაურის შექმნა, ინტერესის მოზიდვა იყო, – ამბობს ჰერნი. – მინდა ვიყო გმირი იმ დროისა და იმ მსხვერპლის გათვალისწინებით, რაც კრივის სპორტისთვის გავიღე. მაგრამ ამავე დროს, მე არ მაქვს პრობლემა, ვიყო ანტაგონისტიც“.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჰერნს კრივის შემდეგი ეტაპისთვის კარგი პოზიციები აქვს. IBIS World-ის თანახმად, დაახლოებით $440 მილიონიის აშშ-ის ბაზარი 3.4%-ით გაიზრდება 2027 წლისთვის, მაგრამ ის გლობალურად ფიქრობს და ჩემპიონატების გამართვას ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში გეგმავს, საიტის საფასურის სანაცვლოდ. „ერთ დღესაც კრივს დავტოვებ, – ამბობს ის. – მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კრივი უბრალოდ გჭამს. და თუ ამას არ დავუშვებ, ჩვენ ისე ვეღარ ვიბატონებთ, როგორც ახლა“.