თბილისის ცენტრში, მდებარე ე.წ. „რიყის დოქების“ კომპლექსი მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა. ობიექტი, რომლის გაყიდვასაც 2020 წელს მთავრობა 96 მილიონ ლარად გეგმავდა, თითქმის ათჯერ ნაკლებ ფასად – 10 მილიონად გაიყიდა.
Forbes Georgia-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ ვინ არის პროექტის ახალი მესაკუთრე. უწყების თანახმად, 14,591 კვადრატული მეტრის საკუთრება 10,020,000 ლარად ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმა Global Victory Trust-მა შეიძინა. შესაბამისად, კომპანიამ ფართის ერთ კვადრატულ მეტრში 687 ლარი გადაიხადა.
„საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც „რიყის დოქები“, ელექტრონულ აუქციონზე 10,020,000 ლარად „Global Victory Trust“-მა იყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებულია 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ობიექტის სამომავლო განვითარება ხელს შეუწყობს რიყის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის გაჩენას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას,“ – ამბობენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
ვინ ფლობს Global Victory Trust-ს?
ამონაწერის მონაცემების თანახმად, კომპანია 2016 წლის 8 ივლისს, ლუქსემბურგის საჰერცოგოში არის რეგისტრირებული. მის მენეჯერად მითითებულია ორი პირი – რუსეთის მოქალაქე იგორ დიადჩენკო და ავსტრიის მოქალაქე მარკ მაილო ლუბი. პარალელურად, დიადჩენკო არის ამავე მისამართზე რეგისტრირებული კიდევ ერთი კომპანიის GVT Development-ის მენეჯერად მითითებული. თუმცა, ვინ არიან ამ კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეები ღია წყაროებში მითითებული არ არის.
თავად იგორ დიადჩენკოს LinkedIn-ის პროფილის თანახმად, ის 2015 წლამდე დსთ-ს რეგიონში Hilton Worldwide-ის განვითარების მენეჯერი იყო, 2015 წლიდან კი კერძო საინვესტიციო ფონდის დირექტორის პოსტზე მუშაობს, თუმცა პროფილში ამ კერძო საინვესტიციო ფონდის სახელი მითითებული არ აქვს.