Rivian-ის CEO-ს დირექტორთა საბჭომ $4.6-მილიარდიანი ანაზღაურების პაკეტი შესთავაზა

Rivian-ის CEO-ს დირექტორთა საბჭომ $4.6-მილიარდიანი ანაზღაურების პაკეტი შესთავაზა

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Rivian-მა, კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, რ. ჯ. სკარინჯს, ანაზღაურების ახალი პაკეტი შესთავაზა, რომლის საერთო ღირებულებამ შესაძლოა 4.6 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. Rivian-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების მიზანი სკარინჯის მოტივაციის გაზრდა და მისი ხელმძღვანელობით მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კომპანიის სტაბილური ზრდის შენარჩუნებაა.

შეგახსენებთ, სკარინჯმა Rivian-ი 2009 წელს დააარსა, თავდაპირველად სახელწოდებით Mainstream Motors. MIT-ის კურსდამთავრებული ინჟინერი ბავშვობიდან მანქანებითა და ბუნებით იყო გატაცებული. სწორედ ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განცდამ უბიძგა ისეთი ელექტრომობილის შექმნისკენ, რომელიც ბუნებას ნაკლებად დააზიანებდა.

დღეს Rivian-ი უკვე აწარმოებს მეორე თაობის SUV-სა და პიკაპს – R1S და R1T, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ახალი, უფრო ხელმისაწვდომი მოდელის, R2-ის გამოშვებაა დაგეგმილი, რომელიც Tesla Model Y-ის კონკურენტად განიხილება.

ახალი კონტრაქტით, Rivian-ის დირექტორთა საბჭომ სკარინჯის წინა პაკეტი გააუქმა და მის ნაცვლად უფრო რეალისტური მიზნებით ჩამოყალიბებული გეგმა დაამტკიცა. შედეგად, სკარინჯის საბაზო ხელფასი გაორმაგდა და ახლა წელიწადში 2 მილიონ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, მას მიენიჭება უფლება, კომპანიის 36.5 მილიონი აქცია, თითო 15.22 დოლარად შეიძინოს.

ანაზღაურების სრული პაკეტით სარგებლობისთვის წინაპირობა კომპანიის აქციების ფასის ზრდაა. მიზნობრივი დიაპაზონი კი 40-დან 140 დოლარამდე განისაზღვრა. ცნობისთვის, წინა გეგმაში მოთხოვნა აქციების ფასის 110-295 დოლარამდე გაზრდა იყო. ახალ გეგმაში, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, ოპერაციული მოგებისა და ფულადი ნაკადების ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლებიც არის გათვალისწინებული.

თუ Rivian-ი ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს, სკარინჯის ანაზღაურების პაკეტი 4.6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო აქციონერები დაახლოებით 153 მილიარდ დოლარის ზრდას მიიღებენ.

Rivian-ის დირექტორთა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმის ფონზე, რომ კომპანია ახალი მოდელის გამოშვებისთვის აქტიურად ემზადება და ამავე დროს ოპტიმიზაციას ცდილობს. მან რამდენიმე კვირის წინ სამუშაო ძალის 4%-ით შემცირების შესახებ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ Rivian-ის გადაწყვეტილება Tesla-ს მიერ ილონ მასკისთვის $1-ტრილიონიანი ანაზღაურების პაკეტის დამტკიცებას ემთხვევა, თუმცა მასთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებულია, კომპანიის შესაძლებლობებისა და ზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით.