„ლასარე“ ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე, 1989 წელს დაარსდა. მრავალი გამოწვევის გადალახვის შემდეგ, ის საბჭოური აეროპორტის საშუალო ზომის საწყობიდან საერთაშორისო აეროპორტის თანამედროვე საავიაციო სატვირთო ტერმინალად იქცა. დღეს კომპანიას სერგო ლასარეიშვილი უძღვება, რომელიც „ლასარეს“ მიერ ამ ტრანსფორმაციისას განვლილ გზაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.
მოგვიყევით, რა გზა გამოიარეთ როგორც ბიზნესმენმა? რა ცოდნითა და გამოცდილებით დაინიშნეთ „ლასარეს“ დირექტორად?
გრძელი და საინტერესო, მაგრამ ძალიან რთული – შევესწარი როგორც ქართული, ისე მსოფლიო ავიაციის უდიდეს პროგრესს. ამასთან, ვინაიდან კომპანიის თანადამფუძნებელი ვარ, პირველივე დღიდან უამრავ რიგით სამუშაოს ვასრულებდი. ამან ავიაციის სამუშაო პროცესების სრულყოფილად შესწავლის საშუალება მომცა. აქედან გამომდინარე, 1995 წელს, როდესაც კომპანიის დირექტორად დამნიშნეს, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება უკვე მიღებული მქონდა, თუმცა ეს გრძელი, საინტერესო და უამრავი გამოწვევით სავსე გზის მხოლოდ დასაწყისი იყო.
„ლასარემ“ პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გადადგა, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა კომპანია?
„ლასარე“ 1989 წელს, იმდროინდელი თბილისის აეროპორტის კომერციული საწყობის ბაზაზე შეიქმნა. ის ახალი ქართული ავიაციის ისტორიაში პირველი კერძო ავიასაწარმოა, რითაც ნამდვილად ვამაყობთ. მცირე კომერციული საწყობიდან მოვახერხეთ თანამედროვე, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საავიაციო სატვირთო ტერმინალის შექმნა თავისი სერვისების მრავალფეროვნებითა და ხარისხით.
პირველი ნაბიჯები მართლაც რთული იყო, რადგან კომერციულ საწყობთან ერთად „ლასარეს“ დაქვემდებარებაში 70-მდე პროფესიონალი კადრი გადმოვიდა. ჩვენ ისინი უშუქობის, კრიმინალისა და სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდში უნდა შეგვენარჩუნებინა, რაც ადვილი არ ყოფილა.
იმ დროს თბილისის აეროპორტიდან რეისების 99% საბჭოთა რესპუბლიკების მიმართულებით ხორციელდებოდა, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი ამ ფრენების თითქმის 70% შეწყდა. მახსოვს, ზოგჯერ დღეში მხოლოდ ორი-სამი სამგზავრო ავიარეისი სრულდებოდა, ტვირთის გაგზავნა-მიღება კი მინიმუმამდე იყო დასული. თუმცა პერსონალის შენარჩუნება და მათთვის ხელფასის გადახდა იყო საჭირო. რთულად, მაგრამ ეს გამოწვევა მაინც გადავლახეთ – შევინარჩუნეთ პერსონალი, რომელთაგანაც რამდენიმე კადრი კომპანიაში დღესაც მუშაობს.
შემდეგ ახალი გამოწვევების დრო დადგა – ქართულ ბაზარზე ნელ-ნელა უცხოურმა ავიაკომპანიებმა დაიწყეს შემოსვლა, რომლებმაც სატვირთო ოპერატორისთვის ახალი მოთხოვნები და სტანდარტები შემოიტანეს. ეს იყო განვითარების ურთულესი მეორე ეტაპი. სამწუხაროდ, პროფესიონალი კადრების განვითარებისთვის შესაბამისი სასწავლო ცენტრები მაშინ არ გვქონდა, რის გამოც მენეჯერების საზღვარგარეთ, IATA-ს სერტიფიცირებულ სასწავლებლებში გაშვება გვიწევდა. რიგითი პერსონალისთვის კი ადგილობრივად, უცხოური ავიაკომპანიების კეთილი ნებით, შესაბამის სწავლებებს ვატარებდით. თავი ამ გამოწვევასაც გავართვით.
ამასთან, ნელა, თუმცა სტაბილურად იზრდებოდა ავიაკომპანიებისა და მათი რეისების რიცხვი, იმატებდა ტვირთბრუნვაც, რის გამოც არსებული სასაწყობო მეურნეობის რეკონსტრუქცია გახდა საჭირო. რეკონსტრუქცია და ახალი სივრცეების დამატება კი უწყვეტ სამუშაო რეჟიმთან ერთად მიმდინარეობდა.
რა მასშტაბებსა და შედეგებს მიაღწია კომპანიამ დაარსებიდან დღემდე?
მოკლედ თუ ვიტყვით – ერთი საბჭოური ავიაკომპანიიდან, 61 საერთაშორისო ავიაკომპანიამდე, რომლებსაც დღეს საქართველოს ბაზარზე წარმოვადგენთ. როდესაც 1989 წელს ოპერირება დავიწყეთ, 70-მდე თანამშრომელი დაგვხვდა და ერთი საშუალო ზომის რუსულენოვანი წიგნი – საჰაერო გადაზიდვების სატვირთო მომსახურების წესები. დღეს კომპანიაში 230 თანამშრომელზე მეტია დასაქმებული, მათგან 75%-ზე მეტი, ავიაციის ამ დარგში, უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებული პროფესიონალია.
საერთაშორისო ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლასა და მსოფლიო ავიაციის სტანდარტების ზრდასთან ერთად, როგორც მოგახსენეთ, გაიზარდა მოთხოვნებიც. ყოველწლიურად, როგორც სატვირთო მომსახურების, ისე საავიაციო უშიშროების მიმართულებით, შესაბამის აუდიტს ყველა მსხვილი ავიაკომპანია გვიტარებს. კითხვარი, რომლითაც ისინი ჩამოდიან, ერთნაირია როგორც ჩვენთვის, ისე ტოკიოში, ლონდონში ან ჩიკაგოში განლაგებული ტერმინალებისთვის და მთლიანად საჰენდლინგო პროცესისთვის აეროპორტში, რომელიც იწყება თვითმფრინავთან, მოიცავს ტერმინალს და სრულდება კვლავ თვითმფრინავთან.
იმის გათვალისწინებით, რომ ვოპერირებთ როგორც ბაქანზე, თვითმფრინავებთან, ისე ტერმინალში, პროცესი საინტერესო, ამასთანავე ძალიან საპასუხისმგებლოა. ჩვენი მხრიდან მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდა, კონკრეტულ ავიაკომპანიას თბილისიდან ტვირთების გადაზიდვაზე ემბარგოს დაწესება შეუძლია, რაც ქართული ბიზნესისთვის სირთულეებს წარმოქმნის, რადგან ექსპორტ-იმპორტის დროს შეზღუდვები შეფერხებებს იწვევს.
ჩვენი საავიაციო სატვირთო ტერმინალი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რაც მთავარია, ხელმისაწვდომია ყველა სახის ტვირთის გადაზიდვის სერვისი. ეს გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს სრულყოფილი სატვირთო მომსახურება 24 საათის განმავლობაში შევთავაზოთ.
რა სარგებელი მოაქვს „ლასარეს“ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის?
„ლასარე“ ავიაკომპანიებისა და მომხმარებლების დამაკავშირებელი ხიდია. ჩვენ ერთად ვამყარებთ კავშირს მსოფლიოსთან, რაც ექსპორტისა და იმპორტის განხორციელების საშუალებას იძლევა.
კარგად მახსოვს, როგორ იწყებოდა 90-იანებში ქართული ბიზნესის ისტორია და როგორ დგამდნენ პირველ ნაბიჯებს დამწყები ბიზნესმენები. ისინი საზღვარგარეთ პროდუქციის შესაძენად პირადად დაფრინავდნენ და შემდგომ მის რეალიზაციას ქართულ ბაზარზე ახდენდნენ. დღეს ეს ბიზნესმენები უმსხვილეს ქართულ კომპანიებს ხელმძღვანელობენ და, როგორც ადრე, ჩვენი მომსახურებით დღესაც სარგებლობენ, თუმცა უკვე სხვა, გაცილებით დიდ მასშტაბში. შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ და ჩვენი თანამშრომლობით ქართული ეკონომიკის ზრდასაც ვუწყობთ ხელს.
გვესაუბრეთ ადამიანებზე, რომლებიც „ლასარეს“ წარმატებას განაპირობებენ.
პირველ რიგში, უნდა ვახსენო მამაჩემი, ჯონი ლასარეიშვილი, რომელიც „ლასარეს“ წლების განმავლობაში მართავდა. მან კომპანიის განვითარებასა და დღევანდელი სახით მის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. როდესაც ამ ბიზნესის განვითარება დავიწყეთ, ხშირად ვფიქრობდი, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, საქართველოში როდის დადგებოდა დრო, როდესაც კომპანიის მართვა თაობიდან თაობაზე გადავიდოდა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე, ოცდათხუთმეტი წლის გადასახედიდან, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს მოვახერხეთ და დღეს მართვის ესტაფეტა უკვე ჩვენი ოჯახის მესამე თაობამ აიღო, რითაც ძალიან ვამაყობთ.
ამ წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად საინტერესო გუნდი იზრდებოდა და ვითარდებოდა. მე, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, ყველას მადლიერი ვარ საქმის მიმართ ერთგულებისთვის. პროფესიონალთა ძლიერი გუნდის გარეშე ჩვენ ავიაციის ურთულეს სტანდარტებს ვერ დავაკმაყოფილებდით და ამ სფეროში წარმატებულები ვერ ვიქნებოდით.
როგორ ზრუნავს „ლასარე“ საკუთარი თანამშრომლების ზრდასა და განვითარებაზე?
ჩვენს გუნდს ამ სფეროს გამორჩეული პროფესიონალი მენეჯერები მართავენ. თავის დროზე განვითარებისა და სტანდარტების შესაბამისი მიმართულებები დაიგეგმა, რაშიც ინვესტიციები ჩაიდო. მენეჯერების ნაწილმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, ზოგმა სერტიფიცირების სრული პროფესიონალური კურსი ICAO-ს და IATA-ს მოთხოვნების შესაბამისად გაიარა. რიგით პოზიციაზე მოსული თანამშრომლების ნაწილი, შესაბამისი სწავლებისა და სამუშაო პროცესში მიღებული გამოცდილების შედეგად, დღეს მენეჯერების მმართველ პოზიციებზეა. ჩვენ ვცდილობთ, საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს გზა გავუხსნათ. მათ უნიკალურ შესაძლებლობას ვთავაზობთ, ჩვენთან ერთად გაიზარდონ და ქართული ავიაციის ბაზარზე ამ სფეროს საერთაშორისო დონის სპეციალისტები გახდნენ.
საინტერესოა, რა ნაბიჯებს დგამს „ლასარე“ ეკომეგობრულ ბრენდად ჩამოყალიბების კუთხით?
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის როლი დღევანდელ რეალობაში ნათლად გვაქვს გააზრებული. რამდენიმე წლის წინ მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ: ტერმინალის ტერიტორიაზე დამონტაჟდა მზის პანელები, საიდანაც მწვანე ენერგიას გამოვიმუშავებთ და გარემოზე მავნე ზემოქმედებას ვამცირებთ. ასევე, სატერმინალო მომსახურების პროცესი, ძირითადად, ელექტროტექნიკის გამოყენებით წარიმართება. დარჩენილი შიდაწვისძრავიანი ტექნიკის ჩანაცვლებასაც ვგეგმავთ. მზის პანელებით, ელექტროძრავებზე მომუშავე ტექნიკის გამოყენებით გარემოზე ზრუნავთ და ვცდილობთ, ჩვენს თანამშრომლებს კომფორტული სამუშაო პირობები შევუქმნათ.
CSR-მიმართულებით მარკეტინგის გუნდი აქტიურად მუშაობს. ცოტა ხნის წინ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც ჩვენი კომპანიის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ეკომეგობრულ ბრენდად ჩამოყალიბება „ლასარეს“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
რა არის „ლასარეს“, როგორც ბრენდის, ღირებულებები?
„ლასარეს“ მთავარი ღირებულება და მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი ვიყოთ. ამასთან, ვცდილობთ, მსოფლიო მასშტაბით კომპანიის ცნობადობა გავზარდოთ. ეს გარკვეულწილად უკვე მოვახერხეთ, რისი დასტურიცაა საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებზე მიწვევები, 60-ზე მეტ საერთაშორისო ავიაკომპანიასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, რის გამყარებაზეც ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს.
გლობალური ბიზნესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვას გულისხმობს – რა საერთაშორისო სტანდარტებს იცავს „ლასარე“?
კომპანიაში ყველა საოპერაციო პროცესი IATA-ს და ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მრავალი წელია, რაც საავიაციო უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სისტემა (SQMS) დავნერგეთ, რომელიც ICAO-ს წესდებების საფუძველზეა შემუშავებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოთხოვნებს ითვალისწინებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საოპერაციო პროცესი სახიფათო ტვირთების დამუშავებაა, რომელიც ICAO/IATA DGR-ს (Dangerous Goods Regulations) გადაზიდვის წესს შეესაბამება. აღნიშნული პროცესის ხარისხის ამაღლების მიზნით, დაინერგა პერსონალის მომზადება/გადამზადების სასწავლო პროგრამა – СBTA (Competency based Training and Assesment), რაც თანამშრომელთა ფუნქციებზე მორგებულ სწავლებისა და შეფასების სისტემას გულისხმობს. უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, სახიფათო ტვირთების მენეჯერმა ინსტრუქტორის სწავლება IATA-ს სასწავლო ცენტრში გაიარა, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან სწავლების ლიცენზია მოიპოვა.
სამედიცინო დანიშნულების ტვირთების დამუშავების პროცესი ტერმინალში IATA TCR-ის (Temperature Control Regulation) წესებს შეესაბამება. აღნიშნული რეგულაცია გვაძლევს საშუალებას, ტემპერატურული რეჟიმის მქონე ტვირთები საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დავამუშაოთ. აგრეთვე, საერთაშორისო საავიაციო უშიშროების სტანდარტების უზრუნველსაყოფად, კომპანია მუდმივად გადის ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საავიაციო უშიშროების რეგულირებადი აგენტებისთვის განკუთვნილ აუდიტს და შესაბამის ვალიდაციას. ეს გვიქმნის შესაძლებლობას, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოდან ტვირთები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გაიგზავნოს. საავიაციო უშიშროების თანამშრომლები ეროვნული საავიაციო უშიშროების სასწავლო პროგრამის მიხედვით (NASP) სწავლებებს პერიოდულად გადიან.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არის ICAO-ს წევრი ორგანიზაცია, რომელიც ამ სტანდარტებთან შესაბამისობას აკონტროლებს. ეს მცირედი ჩამონათვალია იმ მოთხოვნებისა, რასაც ჩვენი კომპანია იცავს. ამის გარეშე საავიაციო ბაზარზე წარმატებულად ოპერირება შეუძლებელი იქნებოდა.
ბოლოს, კომპანიის სამომავლო გეგმები გაგვიმხილეთ.
„ლასარეს“ განვითარების ფოკუსი რამდენიმე ძირითად სტრატეგიულ მიმართულებაზეა ორიენტირებული. პირველ რიგში, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და პროცესების გაციფრულებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს უკვე მივაღწიეთ – პერსონალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით და დანერგვით, უცხოელი დეველოპერებისა და პარტნიორი ავიაკომპანიების ჩართულობით, შევქმენით პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩვენს სპეციფიკურ საოპერაციო პროცესებზე და, ასევე, საქართველოს მარეგულირებელ გარემოზეა მორგებული.
წარმატებით გავაციფრულეთ მრავალი პროცესი, რაც მოიცავს ავიაკომპანიების სისტემებთან ინტეგრაციას და მოწინავე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დანერგვას, როგორიცაა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ხელის სკანერები.
ასევე, განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი პუნქტია საერთაშორისო პარტნიორების ქსელის გაფართოება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანიები უსაფრთხოებისა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს იცავენ. ამ საერთაშორისო რეგულაციებისა და სტანდარტების დაკმაყოფილებით არა მხოლოდ ვაძლიერებთ თანამშრომლობას არსებულ პარტნიორებთან, არამედ ჩვენს ქსელს მუდმივად ვაფართოებთ. ამ ქსელს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ ბაზართან ჩვენი ქვეყნის დაკავშირებაში.
ჩვენი ინდუსტრია გლობალურად სამუშაო ძალის დეფიციტს განიცდის, კომპანიის მიდგომა ამ საკითხის მიმართ პროაქტიული და სტრატეგიულია. ყოველწლიურად უზრუნველვყოფთ როგორც ადგილობრივ სწავლებებს, ასევე, თანამშრომლებს საზღვარგარეთ ვგზავნით, რათა მათ საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ და დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან საუკეთესო პრაქტიკა შეისწავლონ. „ლასარე“ კომპანიაში დასაქმებულთა განვითარებისა და მომზადებისთვის გამოყოფდა და მომავალშიც გამოყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს.
დაბოლოს, ვინაიდან როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბაზრები მუდმივად ვითარდება და ცვლილებებს განიცდის, ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, არა მხოლოდ ფეხი ავუწყოთ მათ, არამედ ვიყოთ მათზე წინ, რათა პროაქტიულად ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს.