როგორ ახერხებენ უკრაინელი ანტრეპრენიორები რუსული ცენზურისგან თავის დაღწევას?

როგორ ახერხებენ უკრაინელი ანტრეპრენიორები რუსული ცენზურისგან თავის დაღწევას?

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, კრემლმა მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიებსა და მის ეროვნულ მედიაზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა. რუსეთის ხელისუფლების საპასუხოდ კი უკრაინელმა ანტრეპრენიორებმა, საკუთარი აპლიკაციებისა და სტარტაპების საშუალებით, რუსეთისა და ბელარუსის მოსახლეობისთვის ომის შესახებ სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება განიზრახეს.

კიევში დაფუძნებულმა საფონდო სურათების კომპანია DepositPhotos-მა საკუთარ მომხმარებლებს ელფოსტით ფოტოების ორი კრებული გაუგზავნა – ერთი, რომელიც ასახავდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მეორე, მსოფლიოში უკრაინის მხარდამჭერი, ომის საწინააღმდეგო აქციების კადრებს. DepositPhotos-მა, რომელიც ოქტომბერში ამერიკულმა Vista-მ შეიძინა, რუს მომხმარებელს რუსული პროპაგანდის გარეთ არსებული ინფორმაციის გაცნობისკენ მოუწოდა. VistaCreate-ისა და DepositPhotos-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთში მცხოვრები ადამიანების დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რა ხდება სინამდვილეში და მათი კამპანიის მიზანიც სწორედ ამ ადამიანებამდე არსებული რეალობის მიტანა გახდა.

DepositPhotos-ის პირველი კოლექცია სახელწოდებით „სიმართლე უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ“, აერთიანებს ფოტომასალას უკრაინიდან: დაწყებული შეიარაღებული ჯარისკაცებით, დასრულებული რაკეტის ნამსხვრევებით სათამაშო მოედანზე და ადამიანებით, რომლებიც მეტროსადგურებში იმალებიან ან სიცოცხლის შესანარჩუნებლად პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ. ხოლო მეორე კოლექცია „საერთაშორისო აქციები უკრაინის მხარდასაჭერად“ მთელი მსოფლიოდან ომის საწინააღმდეგო პროტესტების ამსახველ კადრებს მოიცავს. DepositPhotos-ის განცხადებით, ორგანიზაციამ კამპანიაზე შერეული გამოხმაურება მიიღო, თუმცა იმითაც კმაყოფილნი იქნებოდნენ, თუ მათი სათქმელი მიზნობრივი აუდიტორიის მცირე ნაწილს მაინც დაფარავდა.

DepositPhotos-ის გარდა, უკრაინულმა გუნდმა, რომელიც სახეების შემცვლელი აპლიკაციის Reface-ის უკან დგას, ცენზურის თავიდან ასაცილებლად 200 მილიონი ჩამოტვირთვის გამოყენება გადაწყვიტა. მათი შეტყობინებები თითქმის 2 მილიონ მომხმარებლამდე მივიდა გზავნილით „რუსეთი შეიჭრა უკრაინაში“, ფოტოებით და ინფორმაციით კონფლიქტის შესახებ. აპლიკაციამ, რომელსაც ილონ მასკი, სნუპ დოგი, დუა ლიპა და სხვა ცნობილი სახეები იყენებენ, კამპანიისთვის 1-ვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა, თუმცა მისი დამფუძნებლები ამ ფაქტს არ უშინდებიან და თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

უკრაინის ომმა სტარტაპერები სხვა ქვეყნებშიც შთააგონა. მათი შორის არის MessageBird-ი, ნიდერლანდური Twilio-ს კონკურენტი, რომელმაც ბრიტანულ იმეილ-მარკეტინგის სტარტაპ Omnisend-თან ერთად რუსი მომხმარებლისთვის სერვისი გააუქმა. სტარტაპერების გარდა რუსეთის წინააღმდეგ ტექნოლოგიური გიგანტები, Apple-ი, Facebook-ი, Netflix-ი და Google-იც გაერთიანდნენ. უკრაინის ოფიციალური პირების მოთხოვნა ილონ მასკმაც დააკმაყოფილა და Starlink-ის გააქტიურება გადაწყვიტა. ქვეყნის ოფიციალური Twitter-ის ანგარიშის შემოწირულების მოთხოვნის შესაბამისად კი მხარდამჭერებმა კრიპტოვალუტაც გადარიცხეს.

თავად რუსეთში კი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. თავდამსხმელ ქვეყანაში უკრაინაში შეჭრას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდეს, ხოლო როგორც Human Rights Watch-ი იუწყება, რამდენიმე დამოუკიდებელ რუსულ მედიაარხს, უკრაინაზე თავდასხმასა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო დაემუქრნენ კიდეც. ამის პარალელურად რუსეთის ხელისუფლებამ სოციალური ქსელების გაკონტროლებაც განიზრახა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი მიზნით და „არალეგალური შინაარსის ჯარიმებით“ რუსეთი წლების განმავლობაში ტექნიკურ კომპანიებზე ზეწოლის განხორციელებას გეგმავდა და, ახალი კანონმდებლობით, მათ რუსეთის ტერიტორიაზე ოფისების შექმნას აიძულებდა.