8000-წლიანი ისტორია, უნიკალური ჯიშები და ქვევრის ტრადიცია საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს აძლევს. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში წარმატებისთვის მხოლოდ ისტორია საკმარისი აღარ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვსაუბრობთ საკუთარ თავზე აწმყოში და როგორ წარმოგვიდგენია მომავალი.
სწორედ ამ იდეაზე აშენებს საკუთარ ფილოსოფიას ქართული ღვინის ბრენდი 91. ბრენდის თითოეული ხაზი კონკრეტულ იდეას და გამოწვევას ეძღვნება. პირველი სერია იმ სტერეოტიპების გადააზრების მცდელობა იყო, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებაში უშლიდა ხელს. უახლესი ხაზი – THE NOW – ახალ კითხვას სვამს: როდესაც წარსულის სტერეოტიპებს მიღმა გავიხედავთ, როგორია თანამედროვე ქართული ღვინო დღეს?
91-ის დამფუძნებელი, თამარ მარკოზაშვილი, გვიყვება ბრენდის ფილოსოფიაზე, ქართული ღვინის საერთაშორისო პოზიციონირებაზე და იმაზე, თუ რატომ ფიქრობს, რომ ქართული ღვინის ყველაზე საინტერესო ისტორიები ჯერ კიდევ წინ არის.
თამარ, მოდი THE NOW-ით დავიწყოთ. რას გამოხატავს ეს ახალი ხაზი?
THE NOW არის საუბარი დღევანდელობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა, რომ თანამედროვე ქართული ღვინო მრავალი თაობის, სხვადასხვა ეპოქის, გამოცდილებისა და განვითარების შედეგია. ამიტომ THE NOW არ არის მხოლოდ ღვინის ხაზი, ეს არის განაცხადი იმის შესახებ, თუ სად არის ქართული ღვინო დღეს. ისტორია და მომავლის დაგეგმვა მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი აწმყოში იქმნება. კოლექციის ვიზუალურ ნაწილშიც სხვადასხვა პერიოდის ქართული ღვინის ეტიკეტებია გამოყენებული. ისინი ქართული ღვინის ისტორიის სხვადასხვა ფენას ასახავენ და გვახსენებენ, რომ დღევანდელი ქართული ღვინო მრავალი ეტაპის შედეგია. მაგრამ მთავარი აქ მაინც წარსული არ არის. მთავარია ის, რასაც დღეს ვქმნით.
THE NOW-ის ხაზში შემავალი ღვინოების შესახებაც მოგვიყევით. როგორ შეარჩიეთ ეს კოლექცია?
THE NOW-ის ხაზში ხუთი ღვინოა გაერთიანებული და ამჟამად სამი უკვე წარმოდგენილია ბაზარზე. თითოეული მათგანი თანამედროვე ქართული ღვინის განსხვავებულ ასპექტს გამოხატავს.
კოლექცია იწყება მწვანეთი – არომატული ქართული ჯიშით, რომელიც საბჭოთა პერიოდში გაქრობის პირას იყო. დღეს კი მწვანე სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს თავისი ცინცხალი არომატებით, სიმსუბუქითა და ადაპტირებულობით. ეს არის ღვინო, რომელიც ძალიან ბუნებრივად ერგება თანამედროვე ცხოვრების სტილს და მომხმარებლის მოთხოვნებს.
მეორე ღვინო რქაწითელია – ჯიში, რომელიც ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. ჩვენ ის ევროპული წესით დავაყენეთ, რის შედეგადაც მივიღეთ მსუბუქი, ზომიერი მჟავიანობისა და ყვითელი ხილის არომატებით გამორჩეული ღვინო.
ხაზის მესამე ღვინო კი ჩვენი ინტერპრეტაციაა – რქაწითლისა და მწვანეს ნაზავი, რომელიც კარგად ნაცნობი ტრადიციის თანამედროვე გადააზრებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ დავარქვით მას „ახლა – THE NOW“. ეს ღვინო, გარკვეულწილად, მთელი კოლექციის იდეას აერთიანებს – პატივისცემას ტრადიციის მიმართ და ამავე დროს მზაობას, ის თანამედროვეობის პერსპექტივიდან წავიკითხოთ.
რატომ გახდა საჭირო პირველი ხაზის შექმნა და რა სტერეოტიპებზე საუბრობდით?
ძალიან მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ქართული ღვინო მსოფლიომ დიდწილად საბჭოთა კავშირის გავლით გაიცნო. ამან გარკვეული აღქმები შექმნა, რომლებიც არ შეესაბამება თანამედროვე რეალობას. საერთაშორისო ბაზრებზე ხშირად გვიწევს იმის ახსნა, რომ საქართველო მხოლოდ ნახევრადტკბილი ღვინოების ქვეყანა არ არის და აქ გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო მეღვინეობის კულტურა არსებობს.
პირველი ხაზის მეშვეობით, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ქართული ღვინო ბევრად უფრო მრავალფეროვანი და თანამედროვეა, ვიდრე მასზე არსებული წარმოდგენები. სწორედ ამიტომ, ჩვენს წითელ ღვინოზე „ალაზნის ველი“ გადავხაზეთ, რომელიც სრულიად საბჭოთა კავშირის პერიოდში აღმოცენებული კონცეფციაა.
რა არის ქართული ღვინის მთავარი კონკურენტული უპირატესობა?
ჩვენ ვერასოდეს გავხდებით მასობრივი წარმოების ქვეყანა იმ მასშტაბით, როგორც ე.წ. „ახალი სამყაროს“ ქვეყნებია. მაგრამ ეს არც არის ჩვენი გზა. ჩვენი უნიკალურობა სწორედ სიმცირეში, ექსკლუზიურობაში, უნიკალურ ჯიშებში, ქვევრის ტრადიციაში, მიკროზონების მრავალფეროვნებაში და იმ კულტურულ განსხვავებულობაშია, რომელიც ცოტა ქვეყანას შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს. სწორედ ამ განსხვავებულობაზე უნდა ავაშენოთ ღირებულება.
რა არის ინდუსტრიის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს?
პირველ რიგში, ხარისხის სტაბილურობა. ასევე საფუძვლიანი კვლევა, მეტი ცოდნა და თანამშრომლობა ინდუსტრიაში. გვჭირდება უკეთესი მონაცემები ნიადაგებზე, ჯიშებზე, მიკროზონებსა და თანამედროვე მეღვინეობის პრაქტიკებზე. მეორე მხრივ, ახალი თაობა ღვინოს იმ რაოდენობით აღარ მოიხმარს, როგორც წინა თაობები. ამიტომ ვფიქრობ, მომავალი ნიშურ, ღირებულებაზე დაფუძნებულ და კონცეპტუალურ ღვინოებშია.
როგორია 91-ის განვითარების შემდეგი ეტაპი?
მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი წარმომადგენლობა გერმანიაში, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო აქტიურად ვიმუშაოთ არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მთლიანი ევროპის მასშტაბით. ამასთანავე, ჩვენთვის საინტერესოა არამხოლოდ ის, თუ საიდან მოვდივართ და სად ვართ დღეს, არამედ ისიც, თუ სად შეიძლება იყოს ქართული ღვინო ხვალ. სწორედ ამიტომ THE NOW-ს შემდეგ, მომავალი ხაზებიც ამ დიდი ისტორიის ნაწილი იქნება, რადგან ვფიქრობ, ქართული ღვინის ყველაზე საინტერესო ამბები ჯერ კიდევ წინ არის.











