როგორ ეხმაურება მსოფლიო ვენესუელაში აშშ-ის განხორციელებულ სპეციალურ ოპერაციას?

როგორ ეხმაურება მსოფლიო ვენესუელაში აშშ-ის განხორციელებულ სპეციალურ ოპერაციას?

შაბათს, 3 იანვარს, ღამის საათებში, აშშ-ის სპეციალური ოპერაციის ძალებმა, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად, დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ოფიციალური ვაშინგტონის მიერ 2018 წლიდან არალეგიტიმურ ლიდერად გამოცხადებული მადუროს სასამართლო სხდომა აშშ-ში დღესაა დანიშნული.

აშშ-ის სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, კარაკასში რამდენიმე ობიექტსა და ბაზაზე მიტანილ საჰაერო იერიშს გამოხმაურება უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ განცხადებებს, რომლებიც ვენესუელაში მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ სახელმწიფოებმა და მათმა ლიდერებმა გამოაქვეყნეს.

ბრალიზიის, ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკის, ესპანეთისა და ურუგვაის ერთობლივი განცხადება

„გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და ვგმობთ ვენესუელის ტერიტორიაზე ცალმხრივად განხორციელებულ სამხედრო ქმედებებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება“.

„მსგავსი ქმედებები უკიდურესად საშიშ პრეცედენტს ქმნის რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და ნორმებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, ამასთან ერთად კი საფრთხის შემცველია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვენესუელაში არსებული სიტუაცია უნდა გადაიჭრას მხოლოდ მშვიდობიანი, დიალოგის, მოლაპარაკებებისა და ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემის გზით, გარე ჩარევების გარეშე და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

„მომდევნო გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და ეფუძნებოდეს ვენესუელელი ხალხის ნებას. ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს არჩეული პრეზიდენტი, ედმუნდო გონსალეს ურუტია, შეძლებს, ძალაუფლების გადაცემის პერიოდი სწრაფად უზრუნველყოს“.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი

მერცის განცხადებით, აშშ-ის სპეცოპერაციის სამართლებრივი შეფასება რთულია და ამისთვის მათ შესაბამისი დრო სჭირდებათ. გერმანიის კანცლერის მოწოდებით, პროცესები საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპით უნდა წარიმართოს, ხოლო მთავრობის შეცვლა არჩევნებით და ვენესუელაში პოლიტიკური არასტაბილურობის წარმოქმნის გარეშე უნდა განხორციელდეს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი

„ესპანეთს არ უღიარებია მადუროს რეჟიმი. თუმცა ის ასევე არ აღიარებს ინტერვენციას, რომელიც საერთაშორისო სამართალს არღვევს და რეგიონს გაურკვევლობისა და აგრესიულობისკენ უბიძგებს“, – წერს სანჩესი X-ზე.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში

„ეს მოვლენები საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს“, – განაცხადა გუტიერეშის წარმომადგენელმა. გაეროს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის გამო და მხარეებს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის სრული პატივისცემისკენ მოუწოდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ

„გილოცავთ, პრეზიდენტო @realDonaldTrump, თავისუფლებისა და სამართლიანობის სახელით თქვენი გაბედული და ისტორიული მმართველობისთვის. მივესალმები თქვენს გადაწყვეტილებას და თქვენი მამაცი ჯარისკაცების ბრწყინვალე ქმედებას“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ჩინეთი ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ სუვერენული სახელმწიფოსა და ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას“.

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„სამხრეთი აფრიკა გაეროს უშიშროების საბჭოს, ორგანოს, რომელიც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების  მანდატს ფლობს, მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამართოს სხდომა სიტუაციის განსახილველად“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„დღეს დილით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  ვენესუელის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტი განახორციელა. ეს ღრმად შემაშფოთებელი და დასაგმობია“. „მსგავსი ქმედებების გასამართლებლად მოყვანილი საბაბები უსაფუძვლოა. იდეოლოგიურმა მტრულმა დამოკიდებულებამ სძლია პრაგმატულ მოსაზრებებსა და მზადყოფნას, ურთიერთობები პროგნოზირებადობასა და ნდობაზე დამყარებულიყო“.

„არსებულ სიტუაციაში, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება და, დიალოგის გზით, გამოსავლის პოვნაზე კონცენტრირება“.

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, მედიასთან ინტერვიუში

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიქტატორული რეჟიმის დაშლა, რომელიც არჩევნებს აყალბებდა და ბოლო არჩევნებში სასტიკი დამარცხების მიუხედავადაც, ხელისუფლებაში დარჩა. გამომდინარე აქედან ვიტყოდი, რომ დღევანდელი ამბები თავისუფალი სამყაროსთვის ძალიან კარგია“.

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„მექსიკის მთავრობა მკაცრად გმობს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ვენესუელის ბოლივარიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ ბოლო საათებში ცალმხრივად განხორციელებულ სამხედრო ქმედებებს, რომლებიც გაეროს წესდების მეორე მუხლის აშკარა დარღვევაა“.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ანანდი

„კანადა თითოეულ მხარეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდებს, ჩვენ ვენესუელელი ხალხისა და მათი ნების გვერდით ვდგავართ, იცხოვრონ მშვიდობიან და დემოკრატიულ საზოგადოებაში. კანადა თანამშრომლობს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან და ყურადღებით აკვირდება მოვლენებს“.

პარაგვაის მთავრობა

„პარაგვაი ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს დემოკრატიულ საშუალებებს, რომლებიც წესრიგის ცვლილების გარანტიაა“.

ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ბოლივია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას მშვიდობის, დემოკრატიისა და საერთაშორისო საზოგადოებასთან კოორდინაციის მიმართ – ჰუმანიტარული დახმარების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ინსტიტუციური რეკონსტრუქციის პროცესის მხარდაჭერისთვის“.

პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო პლატფორმა X-ზე

„დღეს დილას, ვენესუელაში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენი მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს პოზიციას, რომელიც  მხარს უჭერს დემოკრატიულ სასამართლო პროცესებსა და ვენესუელელი ხალხის კანონიერ, არჩევნებზე ხაზგასმით გამოხატულ  სურვილს ედმუნდო გონსალესის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით“.

პერუს საგარეო საქმეთა სამინისტრო

„პერუს მთავრობა მოუწოდებს ვენესუელაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია დაუყოვნებლივ, გარდამავალი პერიოდის სასარგებლოდ, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით გადაწყდეს. ასევე,  ვენესუელელი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების გათვალისწინებით, იცხოვრონ დემოკრატიაში, რეგიონული საზოგადოების მხარდაჭერით“.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი

„პირველ რიგში, მსურს დეტალებში გავერკვე. მსურს ვესაუბრო პრეზიდენტ ტრამპს, მის მოკავშირეებს. შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ამ ქმედებაში ჩართული არ ვყოფილვართ. მე ყოველთვის ვაცხადებ და მჯერა, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა სტარმერმა ბრიტანული მაუწყებლებისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა X-ზე

„ვენესუელის ტერიტორიაზე განხორციელებული შეტევები და მისი პრეზიდენტის დატყვევება, ყველანაირ ზღვარს სცდება. აღნიშნული ქმედებები ვენესუელის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა და კიდევ ერთ უკიდურესად საშიშ პრეცედენტს ქმნის საერთაშორისო საზოგადოებისთვის“.

„საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით სახელმწიფოებზე თავდასხმა პირველი ნაბიჯია ძალადობის, ქაოსისა და არასტაბილური სამყაროსკენ“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა

„უკრაინა ყოველთვის იცავდა ერების უფლებას, იცხოვრონ თავისუფლად, დიქტატურის, ჩაგვრისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე. მადუროს რეჟიმმა არსებული პრინციპები ყველა ასპექტში დაარღვია. ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტუაციის შემდგომ განვითარებას, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეფუძნება და პრიორიტეტს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ვენესუელელთა ინტერესებს ვანიჭებთ“.

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი

„დანიის მთავრობა, მოკავშირეებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში შექმნილ ვითარებას. ახლა დეესკალაციის დროა. საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოს“.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო

„ბელარუსის პრეზიდენტი ვენესუელის წინააღმდეგ განხორციელებულ ამერიკელების აგრესიის აქტს კატეგორიულად გმობს“.

ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ურუგვაი, როგორც ყოველთვის, უარყოფს ერთი ქვეყნის მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციას. კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მიმართ, კერძოდ კი, ძირითადი პრინციპის, რომლის თანახმადაც სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან“.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ყურადღებით ვაკვიდრებით ვენესუელაში შექმნილ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერს მშვიდობიან და დემოკრატიულ გარდამავალ პერიოდს. სიტუაციის ნებისმიერი გადაწყვეტა საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდებას უნდა ეფუძნებოდეს“.

ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი X-ზე

„ჩილეს მთავრობის სახელით, გამოვხატავთ შეშფოთებას და ვგმობთ აშშ-ის სამხედრო ქმედებებს ვენესუელაში, მოვუწოდებთ რა სახელმწიფოზე გავლენის მქონე სერიოზული კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“.

კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო X-ზე

„კოლუმბიის რესპუბლიკის მთავრობა ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვენესუელის ბოლივარიულ რესპუბლიკაში ბოლო საათებში მომხდარი აფეთქებებისა და უჩვეულო საჰაერო აქტივობის შესახებ ცნობებს, ასევე რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციას“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სამინისტრომ დაგმო აშშ-ის თავდასხმა ვენესუელაზე, „როგორც მისი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა. ოფიციალურმა თეირანმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდა, უკანონო აგრესიის შეჩერებისა და პირების პასუხისგებაში მისაცემად.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის ოფისი

„იტალიის წარსული პოზიციის მსგავსად, ქვეყნის მთავრობას ღრმად სწამს, რომ გარე სამხედრო ქმედებები ტოტალიტარული რეჟიმების დასრულების გზად არ უნდა განიხილებოდეს. თუმცა ამავდროულად, განიხილავს ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავდაცვითი ჩარევის ლეგიტიმურობას, როგორც ეს ხდება სახელმწიფო ერთეულების შემთხვევაში, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობას ხელს უწყობენ“.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბარტ ეიდე

„საერთაშორისო სამართალი უნივერსალურია და მისი დაცვა ყველა სახელმწიფოსთვის სავალდებულოა. ვენესუელის ტერიტორიაზე ამერიკის ინტერვენცია საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. დემოკრატიული მმართველობის დასამყარებლად ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა. ეს მოითხოვს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც მოსახლეობის უფლებებს ითვალისწინებენ“.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო

„ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი მსოფლიო წესრიგის ნგრევის კიდევ ერთი დასტურია“.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„იაპონია თავისუფლებისა და დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების მხარდამჭერია. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო საზოგადოებაში საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. არსებული თანამიმდევრული პოზიციის საფუძველზე, იაპონია სახელმწიფოებთან, მათ შორის G7-თან და რეგიონულ პარტნიორებთან, მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, ამასთანავე, ყველაფერს გააკეთებს იაპონიის მოქალაქეების დასაცავად და გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენისა და სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“.

ჩეხეთის რესპუბლიკა, საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრ მაცინკა

„ამჟამად მნიშვნელოვნად მოვიჩნევთ სიტუაციის დაწყნარებასა და დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყებას, მათ შორის ვენესუელის ოპოზიციის მონაწილეობით“.

სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„სინგაპური ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის მიერ 2026 წლის 3 იანვარს ვენესუელის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო. ქვეყანა ღრმად ერთგულია საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების, რომლებიც იცავს ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი მცირე სახელმწიფოების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სინგაპური მხარეებს თავშეკავებისკენ და სიტუაციის მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოგვარებისკენ მოუწოდებს“.