როგორ ეხმაურებიან თბილისის საპროტესტო აქციებს დასავლურ სახელმწიფოთა ოფიციალური პირები?

როგორ ეხმაურებიან თბილისის საპროტესტო აქციებს დასავლურ სახელმწიფოთა ოფიციალური პირები?

გუშინ საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კენჭი მეორე მოსმენით უყარა. კანონპროექტს მხარი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის მესამე მოსმენა 17 მაისსაა დაგეგმილი. უმრავლესობის მიერ მხარის დაჭერის შემთხვევაში კი ის ამის შემდეგ ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.

აღნიშნული კანონის მიღებას უკვე რამდენიმე დღეა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ათიათასობით ადამიანი თბილისის ქუჩებში კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს. დემონსტრანტების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი სპეციალურ საშუალებებს იყენებს, რის გამოც რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, საპროტესტო აქციებზე დააკავეს 100-მდე ადამიანი.

თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებსა და სახელმწიფოს მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს დასავლურ სახელმწიფოთა ინსტიტუტები და ოფიციალური პირები ეხმიანებიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „აშშ გმობს კრემლის მიერ ინსპირირებული „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებას“. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ღიად აფიქსირებს განზრახვას საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებასთან დაკავშირებით. „აღნიშნული კანონპროექტი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს. ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ  ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“.

განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელა აშშ-ის სენატორმა ჯიმ რიშმაც. სენატორი აცხადებს, რომ კანონპროექტი სახელმწიფოს ევროინტეგრაციისაგან აშორებს. მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყანაში მუშაობის საშუალება ხელისუფლების ჩარევის გარეშე უნდა მიეცეთ. საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ჰელსინკის კომისიამაც.

საკუთარი კომენტარი კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმაც. ევროპარლამენტარი ევროკომისიას საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ეკონომიკური დახმარების შემცირებისაკენ მოუწოდებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. ლაიენი საქართველოს ხელისუფლებას იმ ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდებს, რომლებიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით აიღო.

თბილისში მიმდინარე მოვლენებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლება. ნორვეგიის საგარეო უწყება მხარეებს ძალადობისაგან თავის შეკავებისკენაც მოუწოდებს. განცხადებას ავრცელებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელიც გმობს კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას და აღნიშნავს, რომ კანონი სახელმწიფოს ევროკავშირს დააშორებს. ქართველ ხალხს სოლიდარობა ლატვიის პრეზიდენტმაც გამოუცხადა.