როგორ ეხმიანებიან უცხოელი ოფიციალური პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს

როგორ ეხმიანებიან უცხოელი ოფიციალური პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს

გუშინ, 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, 13 კი მისი მიღების წინააღმდეგი იყო.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრა პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების პროტესტის პარალელურად მიმდინარეობდა. კანონპროექტის მიღების შემდეგ, პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა. აქციის მონაწილეების დაშლას პოლიცია ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის დახმარებით ცდილობდა.

საქართველოში მიმდინარე მოვლენები არაერთი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პროცესებთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს უცხოელმა ოფიციალურმა პირებმაც.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ნედ პრაისის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ქვეყნისათვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. პრაისის თქმით, ქართველი მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნაზე მისი თითოეული მხარდამჭერი იქნება პასუხისმგებელი.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. „ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. „უცხოური გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროპულ გზას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

შეშფოთებას გამოთქვამენ ბრიუსელშიც – „ეს არის ძალიან უარყოფითი ნაბიჯი საქართველოსა და მისი ხალხისთვის“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ესპანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ჯოზეფ ბორელმა. „ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. მის საბოლოო დამტკიცებას შეიძლება სერიოზული გავლენა ჰქონდეს ჩვენს ურთიერთობებზე“, – დასძინა მან.

მოვლენებს ტვიტერზე ეხმიანება ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი. „შეშფოთებული ვარ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობის ნახვით. მიმდინარე მოვლენები გვახსენებს, რომ არჩეული ლიდერების ხელშიც კი შესაძლებელია დემოკრატიის ეროზია“, – წერს კალასი.

ჯერ კიდევ კანონპროექტის მიღებამდე, დაჩქარებულ განხილვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტიც გახდა. მათ შორის არიან Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *