რუსეთი, უკრაინაში წარმოებული იმპერიალისტური ომის პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებს ე.წ. ჰიბრიდული ომის საშუალებებით ებრძვის. ჰიბრიდული ომი, კონვენციურისგან განსხვავებით, ძირითადად ზემოქმედების არატრადიციულ მექანიზმებს (კიბერშეტევებს, დეზინფორმაციის გავრცელებას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და ა.შ.) მოიცავს. ჰიბრიდული შეტევები განსაკუთრებით ეფექტიანია უკრაინის ომის ფონზე, რადგან ასეთ დროს რუსეთისთვის უფრო ადვილია დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობაში ომის შიშის გაღვივება და ამ შიშის საფუძველზე, პრორუსული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის გაზრდის წახალისება.
ამას გარდა, ჰიბრიდული ომის სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტიანად მუშაობს ისეთ რეჟიმებზე, რომლებშიც ძლიერია პოლარიზაცია პოლიტიკურ ძალებს შორის. პოლარიზაცია ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ირაციონალური პოლიტიკისთვის, რომელშიც მხარეები იჭერენ საკუთარი ქვეყნისვე საზიანო პოზიციებს ისე, რომ ზოგჯერ ამას ვერც კი აცნობიერებენ. ასევე, პოლარიზებულ გარემოში ღიად პრორუსული ძალებისთვის ადვილია, რომ აიყოლიონ მოსახლეობის ერთი ნახევარი, რომელიც საპირისპირო ბანაკის ჯიბრზე თვითდამაზიანებელ პოლიტიკას დაუჭერს მხარს.
რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკებს საქართველოს მოქალაქეები წლებია, საკუთარ თავზე ვცდით. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაზე, სადაც დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბებული არ არის, ინსტიტუციები ოლიგარქიულ კონტროლს ექვემდებარებიან, საბჭოთა წარსული ჯერ კიდევ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ნოსტალგიის ობიექტია, ომის შიში ძლიერია და პოლარიზაცია განსაკუთრებით ირაციონალურ დონეს აღწევს, ჰიბრიდული ომის წარმატების ალბათობა ბუნებრივად მაღალია.
საქართველოსგან განსხვავებული სიტუაციაა ევროპაში, სადაც რუსეთის ჰიბრიდულ ომს მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ხვდება წინ. ქვემოთ ბოლოდროინდელი მოვლენების განხილვის მაგალითზე ამ დაბრკოლებებზე ვისაუბრებ. ასევე შევეცდები მოკლედ ავხსნა, თუ რატომ არის რთული და დელიკატური საკითხი ლიბერალურ დემოკრატიებში რუსეთის მავნე გავლენებთან ბრძოლა და რის გამო დააგვიანდა ევროპას გამოფხიზლება.
პირველ რიგში, დავიწყებ გერმანიის, საფრანგეთისა და რუმინეთის მაგალითებით, სადაც პრორუსულად განწყობილ ულტრამემარჯვენე ძალებს ქვეყნის სამართლებრივი და უსაფრთხოების სისტემა დაუპირისპირდა. გერმანიაში, მაისის დასაწყისში, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა (უფრო ზუსტად, „კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა“) ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიაში“ (AfD) „ექსტრემისტულ პარტიად“ გამოაცხადა. AfD-ის ამგვარი კლასიფიკაცია დაეხმარება გერმანიის დაზვერვას განახორციელოს პარტიის უფრო ღრმა მონიტორინგი, სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე, რაც შეიძლება მომავალში აღნიშნული პოლიტიკური ძალის აკრძალვის საფუძველიც კი გახდეს. ამას გარდა, AfD-სთან თანამშრომლობა, მისი სტატუსიდან გამომდინარე, უფრო გაურთულდებათ მეინსტრიმულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც არ სურთ, „ექსტრემისტული ძალის“ იარლიყის მიეწებოთ.
გერმანიაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, სერიოზული სამართლებრივი დაბრკოლებები შეექმნა საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერ მარინ ლე პენსაც, რომელიც ფრანგულმა სასამართლომ თანხების მითვისების საქმეზე გაამტყუნა. ლე პენს აეკრძალა 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას პარიზის სააპელაციო სასამართლო არ გააუქმებს. მართალია, „ეროვნულ გაერთიანებას“ შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი რიგით მეორე პოპულარული ლიდერის, ჟორდან ბარდელას წამოყენება, მაგრამ სავარაუდოა, რომ ელექტორალური თვალსაზრისით, პარტია დიდ დარტყმას მიიღებს, თუკი მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა თამაშგარე დარჩება.
ულტრამემარჯვნე პრორუსულ კანდიდატებს გადაულახავი დაბრკოლებები დახვდათ რუმინეთში, როგორც ქვეყნის სასამართლო, ისე საჯარო და უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუტების მხრიდან. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში გამარჯვებული კელინ ჯორჯესკუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატობიდან მოხსნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რუმინეთის დაზვერვის ცნობები, რომელთა მიხედვითაც ჯორჯესკუს მხარდასაჭერად რუსეთის დაზვერვამ „ტიკტოკის“ 800 ანგარიში შექმნა. ჯორჯესკუს ნაცვლად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მისმა მოკავშირემ, ჯორჯე სიმიონმა, რომელიც დამარცხდა. სიმიონმა სასამართლოში იჩივლა და ამტკიცებდა, რომ არჩევნების ბედზე გადამწყვეტი გავლენა იქონია უცხო ძალების – საფრანგეთისა და მოლდავეთის ჩარევამ. თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
პრორუსული ულტრამემარჯვენე ძალები ჯერ კიდევ მყარად გრძნობენ თავს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: უნგრეთი და სლოვაკეთი. თუმცა უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სამართლებრივი მექანიზმების ყულფი უფრო და უფრო ვიწროვდება. უნგრეთის პარლამენტში, მმართველმა პარტიამ, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის „ფიდესმა“ საქართველოში მიღებული „აგენტების კანონის“ მსგავსი კანონის მიღების ინიციატივა წამოაყენა. ამ და სხვა გადაწყვეტილებების პასუხად, 27 მაისს ევროკავშირის საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას.
ჯერჯერობით, ევროკავშირთან ურთიერთობების უფრო მეტად გამწვავებას თავს არიდებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ფიცო. თუმცა თუკი უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სამართლებრივი მექანიზმები უფრო მეტად გამკაცრდება და ფიცო პროკრემლისტურ და ანტიდემოკრატიულ კურსზე უარს არ იტყვის, ადრე თუ გვიან, მინიმუმ, ევროკავშირის (და პოტენციურად სლოვაკეთის) პოლიტიკაზე მის გავლენასაც წყალი შეუდგება.
ევროპაში რუსული ჰიბრიდული ომისთვის შექმნილი სამართლებრივი და ინსტიტუციური დაბრკოლებები გვიჩვენებს, რომ დემოკრატიული საზოგადოებები ნელ-ნელა ფხიზლდებიან და ცდილობენ ახალ რეალობასთან ადაპტაციას. ამ პროცესში ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჯერჯერობით, წარმატებით უმკლავდებიან რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხეს (მაგალითად, ზემოთ ნახსენები გერმანია, საფრანგეთი და რუმინეთი), ქმნიან იმის პრეცედენტს, თუ როგორ შეიძლება ევროპამ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთისგან მომავალ იმპერიალისტურ საფრთხეს ისე, რომ არ დააზიანოს საკუთარი ლიბერალურ-დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობის იდეა.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლა დასავლური დემოკრატიებისთვის ძალზე რთული და დელიკატური საკითხია. ერთი მხრივ, ის მოითხოვს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას იმპერიალისტური ავტორიტარული ძალის წინააღმდეგ; მეორე მხრივ კი, ეს ნაბიჯები უნდა იყოს მოზომილი და თანხვდენილი დემოკრატიული ქვეყნების სამართლებრივი და ინსტიტუციური მოწყობის საფუძვლებთან. აქედან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი თავისთავად არის დროში შედარებით გაწელილი პროცესი, რომელიც მასში ჩართული დემოკრატიული ინსტიტუციების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სწორედ ამის გამოა, რომ, მაგალითად, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში AfD-ის შესახებ დაახლოებით 1100 გვერდს მოიცავს, ხოლო ევროკავშირის საბჭო უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას უკვე მერვეჯერ აპირებს.
ევროპის ბრძოლა რუსეთის ჰიბრიდულ ომთან, საკუთარი ლიბერალურ-დემოკრატიული ინსტიტუტების დანგრევის გარეშე, იქნება მაგალითი საქართველოსნაირი ქვეყნებისთვისაც, რომლებშიც პრორუსული ძალები საბოლოო ტრიუმფისთვის ემზადებიან. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის მთავარი კითხვა არის შემდეგი: როგორ უნდა დავაბრუნოთ ქვეყანა პროევროპულ გზაზე ისე, რომ არ გამოვიწვიოთ სამოქალაქო დაპირისპირება და ეს პროცესი მოვაქციოთ სამართლიან და სამართლებრივ ჩარჩოში? ევროპის მაგალითი გვაჩვენებს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით იქნება შესაძლებელი ქვეყანაში რუსული გავლენების განეიტრალება და ჩვენი საზოგადოების დაბრუნება პროდასავლურ გზაზე.