2015 წელს, სათამაშოების ბაზარზე, ჰონგ-კონგში დაბადებული არტისტის, კასინგ ლუნგის მიერ შექმნილი უცნაური სათამაშო, „ლაბუბუ“ გამოჩნდა. სკანდინავიური ფოლკლორით შთაგონებული „ლაბუბუ“ ლუნგის The Monster-ის ხაზის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო.
2019 წელს „ლაბუბუმ“ პეკინში დაფუძნებული სათამაშოების უმსხვილესი მწარმოებლის, Pop Mart-ის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ის კომერციულ პროდუქტად აქცია. 2020 წელს კომპანია ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დაილისტა და მას შემდეგ, ძირითადად „ლაბუბუს“ სათამაშოს გავლენით, ფირმის შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა.
2024 წელს Pop Mart-ის მთლიანი შემოსავალი გაორმაგდა და 13.04 მილიარდ იენს ($1.81 მილიარდი) მიაღწია, ხოლო რბილი სათამაშოების გაყიდვებმა – ძირითადად „ლაბუბუს“ ხარჯზე – 1,200%-იან ზრდას გადააჭარბა. აზიაში „ლაბუბუს“ ფასი $13-დან $16-მდე მერყეობს, თუმცა ონლაინ შესყიდვებისას $700-მდეც ფასდება. 2025 წლის 10 ივნისს, Pop Mart-ის სათამაშოს ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწია, როდესაც 131 სანტიმეტრის სიმაღლის „ლაბუბუ“ პეკინში დაახლოებით $172,800-ად გაიყიდა.
2025 წლისთვის, სათამაშოების მწარმოებელი შემოსავლების კვლავ ორჯერ გაზრდას ვარაუდობს. Pop Mart-ის პროგნოზით, კომპანიის გაყიდვები ამჯერად $4.2 მილიარდს მიაღწევს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ვანგ ნინგი დარწმუნებულია, რომ „ლაბუბუს“ პოპულარობის გავლენით ამ ნიშნულის მიღწევა „არ გაუჭირდებათ“.
„ლაბუბუს“ გაყიდვებით კომპანიის შემოსავლების ზრდის პარალელურად კი იზრდება Pop Mart-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ვანგ ნინგის ქონებაც. Pop Mart International Group-ის დამფუძნებლის ქონება 2024 წელს $1.8 მილიარდს შეადგენდა, Forbes-ის უახლესი შეფასებით კი, $20.9 მილიარდამდეა გაზრდილი, რაც მას ჩინეთში 68-ე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.
Pop Mart-ის შემოსავლების ზრდა უკანასკნელ ხუთ წელიწადში:
წელი | Pop Mart-ის შემოსავალი (მლრდ) |
---|---|
2021 | $0.707 |
2022 | $0.669 |
2023 | $0.887 |
2024 | $1.800 |
2025 (პროგნოზირებული) | $4.200 |