როგორ გახდა Vertiv-ი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია AI-სექტორში?

როგორ გახდა Vertiv-ი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია AI-სექტორში?

ფოტო: Getty Images

ხელოვნური ინტელექტის ბუმმა ტექნოლოგიური ინდუსტრიის ფოკუსი მნიშვნელოვნად შეცვალა. თუ თავდაპირველად მთავარი ყურადღება AI-მოდელების შემქმნელებზე იყო მიმართული, დღეს უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ სექტორის რეალური მასშტაბირება დიდწილად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებულია, მათ შორის მონაცემთა ცენტრებზე, ენერგომომარაგებასა და გაგრილების სისტემებზე. სწორედ ამან აქცია Vertiv Holdings-ი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად AIეკოსისტემაში.

2021-2025 წლებში Vertiv-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 583%-ით გაიზარდა $9.4 მილიარდიდან $64.1 მილიარდამდე. დროის აღნიშნულ პერიოდში ის AI-სექტორის კომპანიებს შორის ზრდის ტემპის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ Palantir Technologies-ს (1,132%) ჩამორჩება. ეს ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ფონზე, რომ კომპანია არ არის არც ჩიპების მწარმოებელი და არც AIაპლიკაციების დეველოპერი. მისი ძირითადი საქმიანობა მონაცემთა ცენტრების გაგრილებისა და ენერგომომარაგების სისტემებს მოიცავს, რაც, ერთი შეხედვით, უფრო „ტრადიციულ“ ინდუსტრიას მიეკუთვნება.

თუმცა სწორედ ეს „არატექნოლოგიური“ სეგმენტი გახდა AI-ბუმის ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებული. თანამედროვე AI-სისტემები – განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დიდ GPU-კლასტერებზე მუშაობს – უზარმაზარ სითბოს წარმოქმნის და სტაბილურ ენერგომომარაგებას მოითხოვს. შედეგად, მონაცემთა ცენტრების ეფექტიანი გაგრილება და ენერგიის მართვა კრიტიკულ ფაქტორად იქცა, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და მასშტაბურად შეიძლება AI-ინფრასტრუქტურის გაფართოება.

ამან AIეკოსისტემაში Vertiv-ის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანია აღარ განიხილება მხოლოდ როგორც ინდუსტრიული მომწოდებელი, ის AIინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ძირითად დამხმარე რგოლად გადაიქცა. ინვესტორებმა სწორედ ამ ფაქტორის გადაფასება დაიწყეს, რაც როგორც მისი საბაზრო კაპიტალიზაციის, ისე აქციის ფასის მკვეთრ ზრდაში აისახა.

2026 წლის 5 მაისის მდგომარეობით, Vertiv-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $127.12 მილიარდს უტოლდება, რაც მას საჯაროდ დალისტული ყველაზე ძირად ღირებული კომპანიების სიაში 166-ე ადგილს ანიჭებს. კომპანიის აქციების ღირებულება ერთწლიან ჭრილში თითქმის 250%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, Vertiv-ის ისტორია 2016 წელს იწყება, როდესაც ის Emerson Network Power-ის ბიზნესის რესტრუქტურიზაციის შედეგად დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბდა. თუმცა მას უფრო ღრმა ფესვები აქვს და დაკავშირებულია ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Capitol Refrigeration Industries-ი და Liebert Corporation-ი.

2026 წლის მარტში Vertiv-ი S&P 500-ს დაემატა. 2026 წლის მდგომარეობით, ის ასევე შედის Fortune 500-ის სიაში და 2025 წლის Forbes Global 2000-ში.