როგორ გამდიდრდა „ალიბაბა“?

როგორ გამდიდრდა „ალიბაბა“?

„ალიბაბა“ ერთ-ერთი მსხვილი ჩინური კომპანიაა, რომელმაც 2023 წელს 126 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 10 მილიარდი დოლარი შეადგინა. მისი აქტივები 255 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 170 მილიარდი დოლარი. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 235 ათასი ადამიანი.

„ალიბაბას“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი ჩინელი მილიარდერი ჯეკ მაა, რომელიც 24 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და ჩინეთში სიმდიდრით მეშვიდე ადამიანია. თუმცა ბოლო წლებში ჯეკ მა აქტიურად აღარ ერევა კომპანიის მმართველობაში, რადგან მას ჩინეთის მთავრობასთან პრობლემები ჰქონდა.

ჯეკ მა (ნამდვილი სახელია მა იუნი) 1964 წელს ჩინეთის ქალაქ ჰანჩოუში დაიბადა, ღარიბი მუსიკოსების ოჯახში. თუმცა ბავშვობიდან ძალიან მიზანდასახული იყო და მოახერხა ინგლისური ესწავლა, რაშიც მის ქალაქში მდებარე სასტუმროს პერსონალთან საუბარი ეხმარებოდა. უნივერსიტეტი 1988 წელს დაასრულა ინგლისური ენის სპეციალისტის პროფესიით.

1995 წელს ჯეკს აშშ-ში მოგზაურობა მოუწია როგორც თარჯიმანს და აქ ნახა პირველად ინტერნეტი. როგორც მოგვიანებით აღნიშნა, პირველი, რაც გააკეთა ინტერნეტში, იყო საძიებო სისტემაში სიტყვა „ლუდის“ ჩაწერა და გაოცდა, როცა სხვა ქვეყნების ლუდებთან ერთად, ჩინეთზე არაფერი აჩვენა და ზოგადად, ჩინეთზე ძალიან მწირი ინფორმაცია იყო ინტერნეტში. ამავე წელს მან თავის მეგობართან, სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელთან ერთად პირველი ინტერნეტსაიტი chinapages.com-ი შექმნა, რომლითაც 3 წელიწადში 800 ათასი დოლარი გამოიმუშავა. მას არასდროს დაუწერია პროგრამული კოდები, ის პროცესების მმართველი იყო.

1999 წელს ჯეკ მამ თავის 17 მეგობარი დაპატიჟა სახლში და ახალი საიტის შესახებ იდეა გააცნო. თან სთხოვა მათ, ფინანსურად დახმარებოდნენ. საიტის იდეა შემდეგში იყო – ჩინური პროდუქციის ექსპორტიორებს შეეძლებოდათ ამ საიტიდან მყიდველებისთვის პროდუქციის მიწოდება. ასე შეიქმნა დღეს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანია „ალიბაბა“.

შექმნიდან რამდენიმე თვეში „ალიბაბამ“ ინვესტიციები მიიღო: 5 მლნ დოლარი „გოლდმან საქსისგან“ და 20 მლნ დოლარი „სოფტ ბანკისგან“. ჯეკ მა მთავარ კონკურენტად „იბეის“ თვლიდა, განსაკუთრებით ჩინეთის ბაზარზე. 2003 წელს „იბეიმ“ შესთავაზა, „ალიბაბა“ მისთვის მიეყიდა, მაგრამ გარიგება არ შედგა. 2005 წელს „ალიბაბას“ 40% „იაჰუმ“ იყიდა, რაშიც 1 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა. კომპანია მოგებიანი დაარსებიდან 3 წელიწადში, 2002 წელს გახდა.

ჩინეთის ეკონომიკურმა განვითარებამ და მსოფლიოში ინტერნეტიზაციის და ინტერნეტმარკეტინგის სწრაფმა პროგრესმა „ალიბაბას“ პოპულარობა, როლი და შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა.

2012 წელს „იაჰუს“ 40%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო ფონდმა, „ჩინეთის საინვესტიციო კორპორაციამ“ იყიდა.

2014 წელს „ალიბაბამ“ რეკორდულად მაღალი ღირებულების – 25 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. კომპანიის კაპიტალიზაცია კი 150 მილიარდ დოლარად შეფასდა. ჯეკ მას წილი 25 მილიარდი დოლარი იყო და ის იმ დროისთვის ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

კომპანიის წარმატების მაჩვენებელი თუნდაც ერთი ფაქტია საინტერესო: 2016 წელს, ვალენტინობას, 24 საათის განმავლობაში „ალიბაბაზე“ 18 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაიყიდა.

კომპანიის შემოსავალი 50 მილიარდ დოლარს 2019 წელს, ხოლო 100 მილიარდს 2021 წელს გადასცდა. პანდემიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნა.

დღეს ბაზარზე აქტიურად მოქმედებს „ალიბაბას“ შვილობილი კომპანიებიც: AliExpress-ი, AliOS-ი, AliGenie, Taobao, Tmall-ი, Lazada1688.com-ი, Daraz-ი და სხვა.