როგორ გამდიდრდა ByteDance (ტიკ-ტოკი)?

როგორ გამდიდრდა ByteDance (ტიკ-ტოკი)?

უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი პროგრამა „ტიკ-ტოკის“ მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ია, რომელიც ბოლო ათწლეულის საუკეთესო სტარტაპადაა მიჩნეული. დაფუძნებიდან ათ წელიწადში კომპანიის შემოსავალმა 58 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციამ – 300 მილიარდ დოლარს. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 130 ათასი ადამიანი, 2022 წელს კი მას 20 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება დარჩა.

ტიკ-ტოკის აპლიკაცია ტელეფონებში 3-მილიარდჯერ ჩამოწერეს და მას ყოველთვიურად 2 მილიარდი ადამიანი იყენებს.

2009 წელს 26 წლის პროგრამისტმა შანგ იმინგმა და მისმა მეგობარმა, 27 წლის ლიანგ რუბომ შექმნეს უძრავი ქონების საძიებო საიტი 99fang.com. შანგი და ლიანგი ჩინეთში, ნანკაის უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. 2012 წელს პეკინის ტექნოლოგიური კომპანიების კვარტალში, ჰაიდიანში იქირავეს ოფისი და 99fang.com-ის თანამშრომლებთან ერთად ახალი აპლიკაცია Toutiao შექმნეს, რომელიც დიდი მონაცემების დამუშავებით ინფორმაციას მომხმარებელთა პრეფერენციების მიხედვით ახარისხებს.

კომპანია ByteDance-ი 2012 წელს დააარსეს, რომელიც რამდენიმე აპლიკაციას ფლობდა. თავიდან ყველაზე წარმატებული Toutiao იყო. დაარსებიდან ორ წელიწადში Toutiao-ს დღიურად 13 მლნ მომხმარებელი ჰყავდა. 2014 წელს ვენჩურული კაპიტალის ამერიკულმა კომპანიამ Sequoia Capital-მა ByteDance-ში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

2016 წელს ByteDance-მა საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გახსნა, სადაც ახალი ამბების მწერალი ბოტი შექმნა. 2016-2017 წლებში ByteDance-მა რამდენიმე მცირე კომპანია შეისყიდა.

ტიკ-ტოკის აპლიკაცია ByteDance-მა 2016 წლის სექტემბერში ჩაუშვა მოხმარებაში, რომელსაც ჩინეთში Douyin-ი ერქვა, ტიკ-ტოკი Douyin-ის საერთაშორისო ვერსიაა. 2018 წელს ByteDance-მა კომპანია Musical.ly შეისყიდა 800 მლნ დოლარად. Musical.ly სოციალური ქსელებისთვის მოკლე ვიდეოებს ქმნიდა. 2018 წელს მას უკვე 200 მლნ მომხმარებელი ჰყავდა.

2018 წელს ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აპლიკაცია Douyin-ს მუშაობის უფლება ჩამოართვა. ByteDance-ის დამფუძნებელმა შანგ იმინგმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა, რომ აპლიკაცია არ შეესაბამებოდა სოციალისტურ ღირებულებებს და პირობა დადო, რომ ByteDance-ი გააღრმავებდა თანამშრომლობას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.

ტიკ-ტოკი პოპულარული 2018 წლის ბოლოდან გახდა. ამ დროისთვის ის უკვე 150 ქვეყანაში იყო ხელმისაწვდომი. მისი მოხმარება მსოფლიოში ცნობილმა მომღერლებმაც დაიწყეს. 2019 წელს ტიკ-ტოკმა ვიდეოების ავტორებს სარეკლამო ლინკების განთავსების უფლება დართო. 2019 წელს ჩინეთს გარეთ ჩამოტვირთვებით ტიკ-ტოკის აპლიკაცია მსოფლიოში მე-7 ადგილზე იყო. 2020 წელს ტიკ-ტოკს უკვე თვეში 800 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, 2021 წლის სექტემბერში კი მათმა რიცხვმა 1 მილიარდს მიაღწია.

2021 წელს ByteDance-ის მცირე წილი ჩინურმა სახელმწიფო კომპანიებმა – Cyberspace Administration of China-მ და China Media Group-მა იყიდეს და კომპანიის დირექტორთა საბჭოში თავისი წარმომადგენელი შეიყვანეს.

აშშ-ში 2019 წელს ტიკ-ტოკი 5.7 მლნ დოლარით დააჯარიმეს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციის მოგროვების გამო. 2020 წლის აგვისტოდან ამერიკულ კომპანიებს ტიკ-ტოკით ბიზნესტრანზაქციების განხორციელების უფლება შეეზღუდათ. 2023 წლის მარტში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ჟურნალისტებზე სავარაუდო თვალთვალის გამო ტიკ-ტოკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ტიკ-ტოკი დღეს ბევრ ქვეყანაში არის დაბლოკილი ან შეზღუდულია მისი მოხმარება. დაბლოკილია ავღანეთში, ბანგლადეშში, ინდოეთში, ირანში, სირიაში, პაკისტანსა და აზერბაიჯანში. ევროპის ქვეყნებში, კანადასა და აშშ-ში იკრძალება ტიკ-ტოკის ჩამოტვირთვა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა სამსახურის ტელეფონებში. აკრძალვებისა და შეზღუდვების მოტივი ან მორალურად მიუღებლობაა (ძირითადად აზიის ქვეყნებში), ან ჩინეთის შესაბამის სამთავრობო უწყებებისთვის ტიკ-ტოკის მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება.

მიუხედავად პოლიტიკური წინაღობებისა, კომპანია ByteDance-ი და მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტი ტიკ-ტოკი ძალიან წარმატებულია. პირველ რიგში, ამის მიზეზი კომპანიის მაღალკვალიფიციური გუნდია. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდების, Gen Z-ის დაინტერესებამ. ტიკ-ტოკი მათ პრეფერენციებზეა მორგებული. როცა სხვა სოციალური ქსელების პოპულარობა ტექსტებისა და ფოტოების გავრცელებაზე იყო დაფუძნებული, ტიკ-ტოკმა ვიდეოების კონტენტის პოპულარიზაციით, ფაქტობრივად, აუთვისებელ სეგმენტს მიაგნო.

ByteDance-ის დამაარსებელი შანგ იმინგი ჩინეთის მეორე უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 45 მილიარდი დოლარია და მხოლოდ ჟონგ შანშანს ჩამორჩება, რომლის ქონება 67 მილიარდი დოლარია. შანგ იმინგის ბიზნესპარტნიორ ლიანგ რუბოს ქონება 2 მილიარდი დოლარია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *