გაუტამ ადანი სიმდიდრით მსოფლიოში მესამე ადამიანია. ის დაახლოებით 128 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და სიმდიდრით მხოლოდ ბერნარ არნოსა და ილონ მასკს ჩამორჩება. 2 წლის წინ მისი ქონება ოფიციალურად მხოლოდ 9 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ადანის ასეთი ტემპით გამდიდრება მისი კომპანიების აქციების ფასების სწრაფად ზრდამ განაპირობა. მის მფლობელობაში ინდოეთის პორტები, აეროპორტები, ელექტროსადგურები, ნავთობის ბიზნესი, ცემენტის ქარხნები და უძრავი ქონების კომპანიებია.
ინდოელი გაუტამ ადანი აზიის უმდიდრესი ადამიანია და აზიის რიგით მეორე უმდიდრეს ადამიანს, მის თანამემამულე მილიარდერ მუკეშ ამბანის 40 მილიარდი დოლარით უსწრებს. მას სიმდიდრე მემკვიდრეობით არ მიუღია, ის საკუთარი ძალით გამდიდრდა, ე.წ. “self-made“ მილიარდერია.
გაუტამ ადანი 1962 წელს დაიბადა ინდოეთის შტატ გუჯარათის ქალაქ აჰმადაბადში, სადაც დღეს 9 მლნ ადამიანი ცხოვრობს. მდიდარ ოჯახში არ დაბადებულა. მამამისი ტექსტილით ვაჭრობდა და რვა შვილს ინახავდა. გაუტამმა გუჯარათის უნივერსიტეტში კომერციის სპეციალობაზე დაიწყო სწავლა, მაგრამ მეორე კურსიდან მიატოვა, რადგან სწავლაზე მეტად პრაქტიკული ბიზნესი აინტერესებდა.
16 წლის ადანი ქალაქ მუმბაიში გადავიდა საცხოვრებლად და ალმასის დამხარისხებლად დაიწყო მუშაობა. 3 წელიწადში თავისი უფროსი ძმის კომპანიაში გადავიდა სამუშაოდ ოპერაციების მენეჯერად. კომპანია პოლიმერს და პლასტმასას აწარმოებდა. ბიზნესი წარმატებით მიდიოდა და ძმებმა პროდუქციის ექსპორტზე გატანაც დაიწყეს. 1988 წელს კომპანია Adani Exports-ი დააარსეს, რომელიც დღეს გაუტამ ადანის მთავარ ჰოლდინგურ კომპანია Adani Group-ში შედის.
20 წლის ასაკში გაუტამ ადანი უკვე მილიონერი იყო.
1991-1994 წლებში ადანის ბიზნესი უკვე რამდენიმე მიმართულებით ჰქონდა, აწარმოებდა რკინას, ტექსტილს და სოფლის მეურნეობის პროდუქციას. 1995 წელს მან გუჯარათის მთავრობისგან მართვაში აიღო მუნდრის პორტი, რომელიც დღეს ტვირთბრუნვით ინდოეთის ყველაზე დიდი კერძო პორტია. მომდევნო წლებში პორტის გარშემო არსებულ ტერიტორიას სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსი მიენიჭა, რამაც პორტის გარშემო ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი, მათ შორის, თავად ადანის კომპანიების დაარსებას და წარმატებას.
1996 წელს ადანი ენერგეტიკის სექტორშიც შევიდა და 4,620 მეგავატის თბოელექტროსადგური ააშენა, რომელიც დღეს ინდოეთში ყველაზე დიდი თბოელექტროსადგურია.
1998 წელს ადანი მის მეგობართან ერთად გაიტაცეს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი გამტაცებლები 20 წლის შემდეგ, 1998 წელს გაასამართლეს. 2008 წელს მუმბაის ცნობილი ტერაქტის დროს კი ადანი სასტუმროს თანამშრომლების დახმარებით გადაურჩა სიკვდილს.
2000-იან წლებში ადანის ინტერესი ძირითადად ენერგეტიკის სექტორი იყო და მისი ბიზნესი წლიდან წლამდე ფართოვდებოდა. 2020 წელს კი მუმბაის საერთაშორისო აეროპორტის 74% იყიდა, რომელიც დელის აეროპორტის შემდეგ ინდოეთში სიდიდით მეორეა. მუმბაის აეროპორტი წელიწადში 50 მლნ-მდე მგზავრს ემსახურება. 2022 წელს შვეიცარიული კომპანიის Holcim’s India-ის ინდოეთში არსებული აქტივები შეისყიდა 10.5 მილიარდ დოლარად, რომელიც ინდოეთში ცემენტის წარმოებაში სიდიდით მეორე კომპანიაა.
ადანის წარმატების გზაზე ხშირად არის საუბარი კრონიზმზე, ანუ ის გარკვეულწილად პრივილეგირებული იყო პოლიტიკოსების მხრიდან, კერძოდ ინდოეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდისგან და „ინდოეთის სახალხო პარტიისგან“. მოდი პრემიერ-მინისტრი 2014 წლიდან არის, 2001-2014 წლებში კი ადანის მშობლიური შტატის, გუჯარათის მთავარი მინისტრი (მმართველი) იყო. პრესაში მრავლად არის ინფორმაცია, რომ გაუტამ ადანი ხშირად იღებდა ხელსაყრელ კონტრაქტებს გუჯარათის მთავრობისგან. თუმცა ადანი და მოდი მათ ურთიერთობაში ყოველგვარ ფავორიტიზმს და კრონიზმს გამორიცხავენ.
დღეს ადანის მთავარი კომპანია Adani Group-ია, რომელიც კონგლომერატია და ბევრ მსხვილ კომპანიას აერთიანებს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 300 მილიარდ დოლარს აღწევს. ადანის სიმდიდრის ზრდა სწორედ ამ კომპანიების აქციების ფასის ზრდას უკავშირდება.
ადანის ძლიერი მხარეები დიდი მიზნების დასახვა, ბიზნესის დივერსიფიცირება, უწყვეტი შრომა და სწავლა, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები და მომავლის განჭვრეტაა. ახლა მისი მთავარი ამბიცია „მწვანე ენერგიის“ განვითარებაა და ბიზნესმენი ამ მიმართულებით 70 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.